მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ღირსი სერგის მეოხებით ერთი თვალით დაბრმავებული ქალბატონის განკურნება
ღირსი სერგის მეოხებით ერთი თვალით დაბრმავებული ქალბატონის განკურნება4-10-2020, 15:21 |
ერთმა ქალბატონმა, ოლგა პეტროვნა ბლინნიკოვამ, რომელიც მოსკოვის მკვიდრი იყო, 1906 წლის შემოდგომაზე სამების ლავრის ხელმძღვანელობას აცნობა ერთი საოცარი ამბავი, თუ როგორ განკურნა ის წმინდა სერგი რადონეჟელის მიმართ აღვლენილმა ლოცვებმა. დეკემბრის დასაწყისში მას მოულოდნელად მარჯვენა თვალი ასტკივდა. რაც დრო გადიოდა, ტკივილი უფრო უძლიერდებოდა, ხოლო როდესაც მტკივანი თვალიდან სინათლე სრულიად დაკარგა, სასწრაფოდ მიმართა ცნობილ ოკულისტ პროფესორს, გურევიჩს. მან გამოკვლევისა და დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ თვალში მუქი სითხე იდგა და საჭირო იყო მისი მოცილება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე თვალიც დაზიანდებოდა და ქალბატონი სრულიად დაბრმავდებოდა. ოლგა დამწუხრებული გამოვიდა პროფესორისგან და სასოწარკვეთილი კრემლის ტაძარში შევიდა. იქ მან მხურვალედ და ცრემლებით აღავლინა ლოცვა ღვთისმშობლის ხატის წინ, რომელსაც „მოულოდნელი სიხარული" ეწოდება და შესთხოვა, რომ მისი პირმშოს, ჩვენი მხსნელის სახელით განეკურნა ამ სენისაგან. შემდგომ ამისა, თითქოსდა ფეხებმა თავისით მიიყვანეს ილინსკის ქუჩაზე მდებარე ტაძარში და ჯანმრთელობის პარაკლისი გადაახდევინა. საღამოს სახლში დაბრუნებულ და დაქანცულ ქალს ჩაეძინა და ძილში ეჩვენა საოცრად კეთილი და თბილი სახის საკვირველი მოხუცი, რომელიც მიუახლოვდა და უთხრა: „ნუ იდარდებ თვალის გამო, რადგან ღვთისმშობლის მეოხებით განიკურნები". ამ სიტყვების შემდეგ ქალს გამოეღვიძა, სასწრაფოდ დახუჭა ჯანმრთელი თვალი და შეეცადა სნეული თვალი შეემოწმებინა, და იცით რა მოხდა? მთვარის შუქზე ოთახში მან ყველა ნივთი დაინახა. ქალბატონმა ოლღამ მაშინვე ქმარი გააღვიძა, აუწყა ხილვის შესახებ და ახარა, რომ თვალში სინათლე დაუბრუნდა. ქმარმა არ დაუჯერა, წამოდგა საწოლიდან და ცოლისთვის სხვადასხვა ნივთის ჩვენებას მოჰყვა, ქალი კი მათ ასახელებდა. მაშინ საბოლოოდ დარწმუნდა ორივე, რომ სასწაული მოხდა და ღმერთს მადლობა და დიდება შესწირეს. განკურნებული ოლღა პეტროვნა მეორე დილით პროფესორთან წავიდა. როდესაც ექიმმა თვალი ყურადღებით დაათვალიერა, გაოცება ვერ დამალა, რადგან ის სრულებით სუფთა იყო, თუმცა პაციენტს უთხრა, რომ ერთ კვირაში ისევ შეევლო, რადგან შესაძლებელი იყო დროებითი გამომჯობინება, რის შემდეგაც დაავადება თავს ალბათ კვლავ შეახსენებდა. ქალბატონი ოლღა კი ჩივილებს არც ერთი კვირისა და არც ერთი თვის შემდეგ აღარ შეუწუხებია და მრავალი წლის განმავლობაში სნეული თვალით უკეთ ხედავდა, ვიდრე ჯანმრთელით.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |