მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > კიბოთი დაავადებული ებრაელის განკურნება დიდმოწამე პანტელეიმონის მეოხებით
კიბოთი დაავადებული ებრაელის განკურნება დიდმოწამე პანტელეიმონის მეოხებით23-12-2019, 15:27 |
ოცი წლის წინ დიდმოწამე პანტელეიმონის ლოცვებით მძიმე სენისგან განიკურნა გრიგორი მოსეს ძე კალმანოვიჩი, ებრაელი, რომელიც მოგვიანებით მოინათლა და გაქრისტიანდა. მისი სასწაულებრივი განკურნების შესახებ ვლადიმირის გუბერნიის სოფელ გაგინის მღვდლისგან, მამა პეტრე ელხიმოვისგან შევიტყვეთ, რომელმაც ებრაელი მონათლა. გრიგორი კალმანოვიჩს, რომელიც პროფესიით დალაქი იყო, მრავალი წლის მანძილზე ტანჯავდა საყლაპავის სიმსივნე და მას ვერანაირი მკურნალობა ვერ შველოდა. სენი თანდათან გაუძლიერდა და ბოლოს იმდენად მოედო, რომ მყარ საკვებს საერთოდ ვეღარ იღებდა. 1927 წელს ის ცოლთან ერთად მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის პროფესორთან გაემგზავრა. გულდასმით დათვალიერებისა და კვლევის შემდეგ ექიმმა მის ცოლს აცნობა: „თქვენს ქმარს დიდი-დიდი ორი კვირის სიცოცხლე დარჩა, არანაირ მკურნალობას არ დავუნიშნავ, რადგან უკვე ყველაფერი უშედეგოა. გაემგზავრეთ სახლში და ბედს დამორჩილდით". უნუგეშოდ დარჩენილი ცოლ-ქმარი კლინიკიდან გამოვიდა და სახლში გასამგზავრებლად იაროსლავის სადგურისაკენ გაემართა. როდესაც ნიკოლსკის ქუჩა გაიარეს, სადაც დიდმოწამე პანტელეიმონის პატარა ტაძარი მდებარეობდა, გრიგორიმ უცებ წამოიძახა: „მე მსურს აქ შევიდე". ცოლი ეცადა გადაეფიქრებინა, „ეს ქრისტიანული ტაძარია, ჩვენი რელიგიისთვის მიუღებელი, მოდი, პირდაპირ ვაგზლისკენ წავიდეთ", - ეუბნებოდა ის, მაგრამ ავადმყოფი თავისას არ იშლიდა და ისევ იმავეს იმეორებდა: „მე აუცილებლად უნდა შევიდე იქ". გრიგორი ტაძარში სწორედ იმ დროს შევიდა, როდესაც პარაკლისი აღესრულებოდა. სნეული დიდმოწამე პანტელეიმონის ხატთან მივიდა, დაემხო მუხლებზე და მთელი პარაკლისის განმავლობაში ცრემლმორეული გაუნძრევლად იდგა. შემდგომ ამისა, რწმენით აღვსილი ხატის წინ დადგა, ემთხვია სიწმინდეს და ცოლს უთხრა: „იცი თუ არა, რომ მე სრულიად ჯანმრთელი ვარ, აღარაფერი მტკივა, ახლავე დავბრუნდეთ კლინიკაში და ვთხოვ, რომ ჩემი ნათქვამი დაადასტურონ". როდესაც პროფესორმა ავადმყოფის დაბრუნების შესახებ შეიტყო, განრისხდა და ბრძანა მისთვის ეუწყებინათ, რომ ის არასოდეს სვამდა ხელმეორე დიაგნოზს. ექიმის უარის შემდეგ, გრიგორი კალმანოვიჩის დაჟინებული მოთხოვნით, ასისტენტმა თავის თავზე აიღო მისი გასინჯვა და როდესაც მან ნახა, რომ პაციენტი სრულიად ჯანმრთელი იყო, ამის შესახებ პროფესორს აცნობა. მან სარკაზმული ღიმილით შეხედა ასისტენტს და უთხრა: „როგორც ჩანს, ან ავადმყოფი გაგიჟდა, ან - შენ". ასისტენტი კი დაბეჯითებით ითხოვდა, რომ მას პაციენტი ერთხელ კიდევ მიეღო. როდესაც პროფესორმა გრიგორი გასინჯა, სახეზე მდუმარე გაოცება გამოეხატა და ასისტენტს უთხრა: „ნამდვილად ასეა, ეს პაციენტი სრულიად ჯანმრთელია". ამ სასწაულებრივი განკურნების ჭეშმარიტი მიზეზი მხოლოდ კალმანოვიჩმა იცოდა, მას ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ მისი საკვირველი ზეციური მკურნალი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი იყო. მონათვლის ძლიერი სურვილით შეპყრობილი კალმანოვიჩი სახლში დაბრუნებისთანავე მართლმადიდებლური ტაძრისკენ გაემართა. ახლადმონათლული, როგორც ეს მამა პეტრემ გვიამბო, ნათლობის დასასრულს მთლიანად იყო ანთებული რწმენითა და ღვთის სიყვარულით. მან განაცხადა, რომ მზად იყო ქრისტესთვის თავისი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაეწირა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |