მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > პროტოპრესვიტერ სვენციცკის სიკვდილისწინა მოქცევა მართლმადიდებელი ეკლესიისკენ

პროტოპრესვიტერ სვენციცკის სიკვდილისწინა მოქცევა მართლმადიდებელი ეკლესიისკენ


22-12-2019, 00:02

 

   ცნობილი მოსკოველი პროტოპრესვიტერის, მამა ვალენტინ პავლე ძე სვენციცკის, განხეთქილებიდან მართლმადიდებლური ეკლესიისაგან თავმდაბლური მოქცევის მაგალითი ყველასათვის დაუვიწყარი გახდა. მამა ვალენტინი მართლმადიდებლური საპატრიარქო ეკლესიის მიმართ უსაზღვრო ბოროტებით იყო აღვსილი. მას მშვიდად არ შეეძლო მიტროპოლიტ სერგის სახელის გაგონება და მის მიმართ სიავითა და ბოროტებით განაწყობდა თავის მიმდევრებსაც. თუმცაღა მამა ვალენტინის ფარულ სათნოებათა მარცვლები ყოვლადმოწყალე უფალს არ დავიწყებია და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ღვთის ნებით, მასში თვინიერებამ და სიმდაბლემ დაივანა. უფლის მადლმა ნათელი სხივებით გამოაბრწყინა მისი შინაგანი მდგომარეობა, მან ამ ნათელში თავისი დამღუპველი შეცდომები შეიცნო და თავის მიმდევართა ჭეშმარიტების გზიდან აცდენა და ჯოჯოხეთის უკუნეთისაკენ სწრაფვა გააცნობიერა. მამა ვალენტინმა სიკვდილის წინ სიმდაბლით მოინანია თავისი ცოდვები და ნეტარ მიტროპოლიტ სერგისათვის გულწრფელი და სინანულით აღსავსე უსტარი დაწერა, რომელშიც აღიარა, რომ ის, სიამაყითა და დაუმორჩილებლობით შეპყრობილი, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ გზას ასცდა, თუმცაღა მის გამო ღრმა სინანული ტანჯავდა. როდესაც მიტროპოლიტმა სერგიმ ასეთი გულწრფელი სინანულით აღსავსე წერილი მიიღო, რომელიც უდიდესი თავმდაბლობით იყო დაწერილი, მაშინვე სასწრაფო დეპეშა გაუგზავნა მამა ვალენტინს და აცნობა, რომ ყოველივეს მამობრივი სიყვარულით შეუნდობდა და მას მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში იღებდა. ხუცეს სვენციცკის ასეთი შინაარსის დეპეშის მიღებისას აღუწერელი სიხარული და უდიდესი სულიერი აღმაფრენა დაეუფლა. ის ცრემლებად იღვრებოდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: „აი, ახლა კი მოვიპოვე სიმშვიდე და სიხარული ჩემი სულისათვის". - და ამ სიტყვებით წყნარად და მშვიდობით მიაბარა სული უფალს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება