მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მონაზონი, რომელმაც თავისი მოძღვარი განიკითხა, შემზარავმა ხილვამ გონს მოიყვანა
მონაზონი, რომელმაც თავისი მოძღვარი განიკითხა, შემზარავმა ხილვამ გონს მოიყვანა1-10-2020, 17:22 |
წმინდა სამების სერგის ლავრის არქიმანდრიტი კრონიდე თავისი ახალგაზრდობის წლების შესახებ გვიამბობს: „ვნებებთან ბრძოლის ღვაწლში ძლიერ განმამტკიცებდა ჩემი სულიერი მოძღვარი, მღვდელ-მონაზონი სერაფიმე. ის, როგორც ჭეშმარიტი მამა, სიყვარულით ცდილობდა ჩემი სულის წამლობას. სავანეში მასზედ ეჭვობდნენ, რომ არქიმანდრიტთან ძმების სისუსტეებისა და უძლურების შესახებ ამბები მიჰქონდა. სინამდვილეში კი, როგორც შემდგომში გაირკვა და დადასტურდა, მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. მე ჩემი ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო ადვილად ავყევი ამ ბინძურ ჭორებს და ხშირად თავადაც განვიკითხავდი და დავცინოდი მამა სერაფიმეს. 1884 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ჩემი მოძღვარი ძველი იერუსალიმისა და ათონის მთის მოსალოცად გაემგზავრა, სადაც დაასრულა კიდეც სიცოცხლე. მისი გამგზავრების წინ ძილში საშინელი და მრისხანე ჩვენება ვიხილე: მე გაბმული ვიყავი ობობას ქსელში, რომელიც ღრმა და ფართო უფსკრულის თავზე ქანაობდა. უფსკრულიდან კი საზარელი მხეცი ცდილობდა ამოხტომას და ჩემს ჩაყლაპვას ლამობდა. უფსკრულის მეორე მხარე საოცარი ნათლით იყო გასხივოსნებული, ხოლო მარჯვენა და მარცხენა მხარეს იდგნენ ორნი, როგორც „დეისუსის" ხატზეა გამოსახული. უეცრად მრისხანე და საოცარი ხმა შემომესმა: „ჩააგდეთ უფსკრულში იმის გამო, რომ ბედავდა და თავის სულიერ მოძღვარს განიკითხავდა". უსაზღვროდ შეშინებულმა და შეძრწუნებულმა წამოვიყვირე: „ყოვლადმოწყალე უფალო! შემიწყალე და შემინდე ჩემი შეცოდებანი! ვინანიებ, ვინანიებ, ვინანიებ..." თურმე ძილში იმხელა ხმით მოვთქვამდი და ვყვიროდი, რომ ჩემს მეზობელ სენაკში მცხოვრები მორჩილი ალექსეი ბარანოვი გავაღვიძე. მორჩილი კარზე მიბრახუნებდა და განწირული ხმით მეძახდა: კონსტანტინ პეტროვიჩ (ჩემი ერისკაცობის სახელი), კონსტანტინ პეტროვიჩ, რა დაგემართათ". მე გამომეღვიძა, საწოლზე ჩამოვჯექი, თუმცაღა გონს ვერ მოვდიოდი და მოთქმას განვაგრძობდი: „უფალო, მომიტევე! უფალო მომიტევე!..." მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოვეგე გონს, გავაღე ჩემი სენაკის კარი და ყოველივე ალექსეი ივანოვიჩს (შემდგომში იღუმენი აბელი) ვუამბე, როგორც მეგობარს. მან ცოტათი დამამშვიდა, თუმცაღა დაძინება ვეღარ შევძელი, ტანთ ჩავიცვი და სმოლენსკის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წავედი ადრიან წირვაზე. უკან დაბრუნებულმა ლავრის წინამძღვრის წინკარში ჩემი მოძღვარი, მღვდელმონაზონი სერაფიმე ვიხილე, რომელიც არქიმანდრიტთან გამგზავრების წინ ლოცვა-კურთხევის მისაღებად მისულიყო. მე აღარ დავაყოვნე, მაშინვე გულწრფელად ვითხოვე მისგან შენდობა და სულიერ მამას დამშვიდებული გულით გამოვეთხოვე.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |