მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > მორჩილი საძრახისი გულისთქმებისა და ურწმუნოებისაგან მხოლოდ მოძღვრისათვის აღსარების ჩაბარების შემდეგ გათავისუფლდა

მორჩილი საძრახისი გულისთქმებისა და ურწმუნოებისაგან მხოლოდ მოძღვრისათვის აღსარების ჩაბარების შემდეგ გათავისუფლდა


16-11-2020, 00:02

მორჩილი საძრახისი გულისთქმებისა და ურწმუნოებისაგან მხოლოდ მოძღვრისათვის აღსარების ჩაბარების შემდეგ გათავისუფლდა

 

 

   სამება-სერგის ლავრის ყოფილმა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კრონიდემ, თავის შესახებ შემდეგი რამ გვიამბო: „მე ლავრაში ერთ ბერს - მამა ნიკომიდს მიმაბარეს, რომელიც გულით უბრალო, სულით ბრძენი და უაღრესად კეთილი ადამიანი იყო და მე მას სულიერად ძალიან დავუახლოვდი. როგორც ჩანს, კაცობრიობის მტერს ჩემი ამგვარი ცხოვრება არ მოეწონა, ის საშინელი ბოროტებით დამაცხრა თავს და გულში საძრახის გულისთქმებსა და ღვთის მიმართ ურწმუნოებას მინერგავდა. დაიწყო 1878 წლის დიდი მარხვა. მე ორშაბათ დღეს დილის წირვაზე ტაძარში მივედი და ვხარობდი, რომ უფალმა ღირსგვყო ამ უდიდეს დღეებს კიდევ ერთხელ შევხვედროდით და მარხვა სინანულში გაგვეტარებინა. ჩემი მზერა მაცხოვრის ხატს მივაპყარი და გულში სულის ცხონებისთვის შემწეობას შევევედრე. უეცრად თავში ელვის მსგავსად ქრისტეს გმობისა და მის მიმართ ურწმუნოების ამაზრზენმა აზრმა გამიარა. ამან იმდენად შემაკრთო, რომ თითქოსდა უსიცოცხლო შევიქენი და მაშინვე ვიგრძენი, თუ როგორ დამიარა მთელ სხეულში ჯოჯოხეთის ცეცხლის ნაპერწკალმა, გული კი მომაკვდინებელმა ნაღველმა ამივსო. შეშინებულმა და აცახცახებულმა მზერა მაშინვე ღვთისმშობლის ხატზე გადავიტანე და ყოვლადწმინდა ქალწულს შევევედრე, რომ ამ საშინელი და დამღუპველი გულისთქმებისაგან დავეფარე. ჩემდა სამწუხაროდ, შევნიშნე, რომ ღვთისა და ყოვლადწმინდა ქალწულის მგმობელმა გულისთქმებმა კიდევ უფრო ძლიერად შემომიტიეს. მაშინ ლოცვით ღირს სერგის მივმართე, მაგრამ ჩემი ბილწი და სალანძღავი ფიქრები მასაც საშინელი ძალით ეძგერნენ. ამის შემდეგ კი სულში შეუკავებელი ნიაღვარივით ჩამეღვარა ყველა წმინდანის და წმინდათა წმიდას - ქრისტეს საიდუმლოს მგმობელი და ურწმუნოების უწმინდური სიტყვები. მტანჯველი დარდისაგან გაქვავებული ადგილს ვეღარსად ვპოულობდი. ჩემი სულიერი სატანჯველი იმდენად დიდი იყო, რომ ხუთი დღის მანძილზე სახეც კი შემეცვალა. ერთხელ არქიმანდრიტმა ლეონიდემ ყურადღება მომაქცია და მკითხა: „კონსტანტინე! რა დაგემართა? შენი ცნობა შეუძლებელია". მე ვუპასუხე, რომ შეუძლოდ გახლდით. დადგა პარასკევი და გულისთქმები არ მტოვებდა. გადავწყვიტე, რომ ჩემი სულიერი მამისთვის აღსარება ჩამებარებინა, მაგრამ უწმინდური ფიქრები ჩამძახოდნენ: „ნუთუ შენს მოძღვარს შენი საძრახისი და ღვთისმგმობელი ფიქრების შესახებ გაუმხელ?" მე მათ დავემორჩილე და აღსარების ჩაბარების დროს ჩემი გულისთქმები დავმალე, თუმცა მოძღვრის სენაკიდან გამოსვლისას ისეთი ძლიერი ნაღველი შემომაწვა, რომ შინაგანი სულიერი ტკივილისაგან ამოვიკვნესე, ბავშვივით ავქვითინდი და იქვე, კართან მდგარ დივანზე დავეცი. „კოსტია, რა დაგემართა?" - შეშფოთდა მოძღვარი. „ვიღუპები, მამაო!" - ამოვიგმინე მე. „როგორ თუ იღუპები?" - გაოცებით შემეკითხა ბერი. მაშინ კი გავუმხილე იმ საძრახისი გულისთქმების შესახებ, რომლებიც მთელი კვირა მტანჯავდა. მოძღვარმა მომისმინა და მკითხა: „შენ ხომ არ გამშვიდებენ ეს გულისთქმები?" „არა, მამაო, საშინლად მტანჯავენ" - მივუგე მე. მაშინ ჩემმა სულიერმა მამამ ხელმეორედ მიმიყვანა ჯვართან და სახარებასთან, კიდევ ერთხელ წამიკითხა შენდობის ლოცვა და გამიშვა. შემდგომ ამისა, სულში ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი, რომ მოძღვრის სენაკიდან კი არ მოვდიოდი, არამედ სიხარულით ფრთაშესხმული მოვფრინავდი. იმ წუთიდან ყველა ჩემი საშინელი გულისთქმა გაუჩინარდა და მე ცოდვილი წმინდა ბარძიმს მშვიდად მივეახლე".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება