მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა მოწამე ნიკიტამ სნეულებისგან განკურნა კაცი, რომელმაც სახლში გრძნეულის მიღებაზე უარი განაცხადა

წმინდა მოწამე ნიკიტამ სნეულებისგან განკურნა კაცი, რომელმაც სახლში გრძნეულის მიღებაზე უარი განაცხადა


29-09-2020, 14:56

 

 

   ღირსი იოსებ ვოლოკოლამსკელის ძმამ, ბასილიმ, რომელიც შემდგომში როსტოვის არქიეპისკოპოსი გახდა, ასეთი ამბავი გვიამბო: ერთხელ, როცა ის მოსკოვის უსპენსკის ტაძარში იმყოფებოდა, იქ ერთი უბრალო გლეხი იხილა, რომელიც მხურვალე ლოცვას აღუვლენდა წმინდა მოწამე ნიკიტას. როდესაც მამა ბასილიმ მისი საოცარი რწმენა და გულისხმიერი ვედრება იხილა, მიუახლოვდა და ლოცვის მიზეზი ჰკითხა. გლეხკაცმა უპასუხა, რომ როდესაც ის მძიმედ იყო დასნეულებული, მეოხებისა და შეწევნისთვის წმინდა ნიკიტას ევედრებოდა. ახლობლები მას ურჩევდნენ, რომ სახლში გრძნეული მოეწვია, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა და უფრო მეტი გულმოდგინებით განაგრძო წმინდანის წინაშე ლოცვა. ერთხელ, ღამით, როცა უკვე ყველას ეძინა, გლეხს კარის გაღების ხმა შემოესმა და მან იხილა ნათლით მოსილი კაცი, რომელმაც განუცხადა: „წამოდექი!" „არ ძალმიძს, ბატონო!" - შეჰღაღადა მას სნეულმა. „ახლავე ადექი!" - გაუმეორა მან. გლეხკაცი ადგომას შეეცადა და მიხვდა, რომ სრულიად გამოჯანმრთებეულიყო. ის გახარებული წამოდგა და საკვირველ უცნობს მიწამდე მოუხარა თავი. უეცრად განკურნებულმა კაცმა შორიახლოს ფრინველის მსგავსად მფრინავი შავი ადამიანი იხილა, რომელსაც ხელთ ცეცხლოვანი მახვილი ეპყრა და მის განგმირვას ლამობდა. ნათლითმოსილმა მას ხელი შეუშალა და განუცხადა, რომ მახვილით ეს კი არა, ის ხალხი უნდა განიგმიროს, ვინც გრძნეულებთან დადის და მაშინვე დაიწყო იმ ადამიანთა სახელებისა და მათი სოფლების ჩამოთვლა. შემდგომ ამისა, შავი ადამიანი გაუჩინარდა, გლეხკაცმა კი წმინდანს ჰკითხა: „ვინ ხარ, ბატონო?" „მე ვარ ნიკიტა, ქრისტესთვის წამებული, - მიუგო მან, შენ განსაკურნავად უფალმა წარმომგზავნა იმისათვის, რომ შენს სახლში გრძნეული არ მიიღე, არამედ მთელი სასოება უფალს მიაპყარი და მეოხებისათვის მე მომიხმე. და აი, უფალი შენს სიცოცხლეს ოცდახუთ წელს კიდევ ამატებს". ამ სიტყვების შემდეგ წმინდა მოწამე გაუჩინარდა. დილით გლეხკაცმა ყველას უამბო, რაც თავს გადახდა და მათ ერთად ადიდეს უფალი და წმინდა მოწამე ნიკიტა. შემდგომ გლეხი დაინტერესდა, თუ რა ბედი ეწია იმ ხალხს, რომელთა მახვილით განგმირვაც ბრძანა წმინდანმა და გაირკვა, რომ ყველა ისინი იმ ღამით აღესრულნენ. ამ ამბის დასასრულს კაცმა დასძინა, რომ იმ შემთხვევის შემდეგ უკვე ხუთი წელი გასულიყო და ყველამ ერთად დიდება აღუვლინა მამაზეციერს, რომელიც თავის ერთგულ მსახურებს სიკვდილისა და უბედურებისგან მუდამ იფარავს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება