მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცოდვით დაცემულმა ძმამ გამოუცდელ ბერთან საუბრის შემდეგ ერში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მისი სული აბბა სილუანმა განკურნა
ცოდვით დაცემულმა ძმამ გამოუცდელ ბერთან საუბრის შემდეგ ერში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მისი სული აბბა სილუანმა განკურნა11-11-2020, 19:31 |
ერთმა ბერმა გვიამბო: „ერთი ძმა, რომელიც მძიმე ცოდვით დაეცა და შემდეგ თავისი საქციელი შეინანა, აღსარების სათქმელად ერთ ბერთან მივიდა, თუმცა აბბას გული ვერ გადაუშალა და ნაცვლად ამისა, ჰკითხა: „თუკი ვინმეს ასეთი და ასეთი გულისთქმა ეწვევა, შეიძლება რომ ცხონდეს?" ბერმა, რომელიც გამოუცდელი იყო და სულიერი განსჯის არმქონე, ძმას უპასუხა: „დაგიღუპავს შენი სული". როდესაც ძმამ მისგან ასეთი სიტყვები მოისმინა, განაცხადა: „რადგან თავი დამიღუპავს, ერში დავბრუნდები". ძმა წავიდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ გზად აბბა სილუანთან შეევლო და მისთვის თავისი გულისთქმები გაემხილა. ის კი დიდი და გამოცდილი ბერი იყო. წმინდა მამასთან შესულმა ძმამ მასაც ვერ გაუმხილა პირდაპირ თავისი განსაცდელი და ამჯერადაც ისეთი კითხვა დაუსვა, როგორიც ზემოთ ხსენებულ ბერს. აბბა სილუანმა გახსნა ბაგეები და მას წმინდა წერილით დაუწყო საუბარი, დაარწმუნა, რომ გულისთქმებით შეპყრობილნი არ განისჯებიან. ამ სიტყვებმა ძმის სულს ძალა შემატა და წმინდა მამას გული მთლიანად გადაუშალა. ბერმა მას მშვიდად მოუსმინა და ისე, როგორც კეთილმა მკურნალმა, მის სულს წმინდა წერილის სიტყვებით უმკურნალა, შეაგონა, რომ მათთვის, ვინც მთელი გონებით მიმართავს უფალს, არსებობს ჭეშმარიტი სინანული". ეს გადმოგვეცა იმისათვის, რომ ვიცოდეთ, თუ რამდენად საშიშია კეთილგონიერებაში გამოუცდელ ადამიანებთან გულისთქმებისა თუ ცოდვების შესახებ საუბარი.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |