მთავარი > საცდურები, სიძვა, მთავარი გვედის ფოტო > სიძვის ბრძოლებმა ახალგაზრდა ძმისაგან გამოუცდელ ბერზე გადაინაცვლა, რათა ამით მის სულს სარგებელი მიეღო

სიძვის ბრძოლებმა ახალგაზრდა ძმისაგან გამოუცდელ ბერზე გადაინაცვლა, რათა ამით მის სულს სარგებელი მიეღო


14-09-2020, 16:27

 

 

 

   ერთ ბერს ერთი ახალგაზრდა, თავისი ცხოვრებით მეტად თავგამოდებული და მუყაითი ძმა ეწვია. მან ბერს აღსარება ჩააბარა და გულწრფელი უბრალოებით გაუმხილა, რომ ხორციელი ჟინი და მრუშობის დემონი ტანჯავდა. ის იმედოვნებდა, რომ ბერის ლოცვებით თავის ღვაწლში განმტკიცებას შეძლებდა და გაჩენილი ჭრილობების განკურნებას მიიღებდა. ბერი მაშინვე მის კიცხვას მოჰყვა, მკაცრი საყვედურებით აავსო და განუცხადა, რომ ის, რომელმაც ასეთი მანკიერი გულისთქმები დაუშვა, ბერული მოღვაწეობისათვის უღირსი იყო. მან ახალგაზრდა ძმას ნუგეშის ნაცვლად თავისი საყვედურებით ისეთი მძიმე ჭრილობა მიაყენა, რომ ის მისი სენაკიდან უკიდურესად დამწუხრებული და სასოწარკვეთილი გამოვიდა. დარდისაგან განადგურებული და თავის გულისთქმებში კიდევ უფრო მეტად ჩაფლული ძმა უკვე მათ კურნებაზე კი არა, მათ დაკმაყოფილებაზე ფიქრობდა. მოხდა ისე, რომ მას მოულოდნელად აბბა აპოლოსი შეხვდა, რომელიც ბერთა შორის დიდი გამოცდილებით გამოირჩეოდა. აბბამ ახალგაზრდა ძმის დამწუხრებული სახითა და სასოწარკვეთილი გამომეტყველებით მისი შინაგანი სევდა და გულგატეხილობა ამოიცნო. ბერი ძმას ჩაეკითხა, თუ რა იყო მისი ასეთ უსასოო მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზი. ყმაწვილმა აბბას გაუმხილა, რომ, ამა და ამ ბერის თქმით, მან მონაზვნური ცხოვრება ვერ შეძლო და ამის გამო ერში ბრუნდებოდა, რადგანაც ვერ ალაგმა ხორციელი ვნებები და ვერც ვნებათაგან განკურნების საშუალებას მიაგნო, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მონასტერი დაეტოვებინა, ერში დაბრუნებულიყო და ცოლი ეთხოვა. წმინდა აპოლოსი მის დამშვიდებას ყველაზე ლმობიერი და მოწყალე სიტყვებით შეეცადა, უთხრა, რომ მასაც ხშირად ებრძვიან უწმინდური გულისთქმები და ბუნებრივია, რომ ისინი ყმაწვილკაცს უფრო არ დაინდობენ. ბერმა ახალგაზრდას შეაგონა, რომ ამის გამო არ შეიძლება სასოწარკვეთა და რომ მან უჩვეულოდ არ უნდა მიიჩნიოს ძლიერი შემოტევები ბრძოლებისა, რომელთა დამარცხება უფრო მეტად ღვთის მადლსა და მოწყალებას შეუძლია, ვიდრე საკუთარ ღვაწლს. აბბა აპოლოსმა ძმა დაიყოლია, რომ თავის სენაკში დაბრუნებულიყო და ერთი დღე მაინც დაეთმინა, თავად კი მის მიერ ხსენებული ბერის სავანისაკენ გასწია. როდესაც აბბა მონასტერს მიუახლოვდა, ხელები ზეცად აღაპყრო და ცრემლებით მოჰყვა ლოცვას: „უფალო! გევედრები, იმ ახალგაზრდის სიძვის ბრძოლები ამ ბერზე დაუშვი, რათა მან მხცოვანობაში მაინც ისწავლოს შემწყნარებლობა მოღვაწეთა სისუსტეებისადმი". როდესაც აბბამ ლოცვა დაასრულა, ბერის სენაკის მოპირდაპირედ მდგარი მოქუფრული ეთიოპი შენიშნა, რომელიც გამოუცდელ მოღვაწეს ცეცხლოვან ისრებს ესროდა. ამ ისრებით დაჭრილი ბერი გაშმაგებული გამოვარდა გარეთ და მთვრალივითა და შეშლილივით აქეთ-იქით სირბილს მოჰყვა. ის ხან სენაკში შერბოდა, ხან უკან გამორბოდა, ადგილს ვეღარსად პოულობდა, ბოლოს კი აღელვებული დაადგა იმ გზას, რომელზედაც თავად მიუთითა ახალგაზრდა ძმას. როდესაც აბბა აპოლოსმა ბერი ასეთ უგონო და შეშლილ მდგომარეობაში იხილა და მიხვდა, რომ დემონის ნასროლმა ისრებმა მას გული განუგმირა, გონება დაუბინდა და გრძნობები ვნებებით აუფორიაქა, მიუახლოვდა და ჰკითხა: „საით მიიჩქარი? რამ გაიძულა, რომ ბერის წოდება დაგევიწყებინა და ყმაწვილკაცურად აჰყოლოდი მოუსვენრობას?" ბერმა სირცხვილისაგან პასუხი ვერ გასცა აბბას, თუმცა მან თავისი სინდისი და გარეგნობა ამხილებდა, რომელზედაც მისი მანკიერი აღელვება ნათლად ისახებოდა. ის მიხვდა, რომ მის გულში აღძრული საშინელი ჟინი მხილებული, მისი საიდუმლო კი აბბასათვის გაცხადებული იყო. მაშინ აბბა აპოლოსმა მკაცრად განუცხადა: „დაბრუნდი შენს სენაკში და იცოდე, რომ ეშმაკი აქამომდე ან არ გიცნობდა, ანდა არაფრად გაგდებდა. შენი გამოცდილებით მოღვაწეთა მიმართ შემწყნარებლობა ისწავლე, არასდროს უბიძგო განსაცდელში მყოფს სასოწარკვეთილებისაკენ და ნუ შეაკრთობ მათ შენი სიმკაცრით. ისინი მხოლოდ მანუგეშებელი სიტყვებით გამხნევებას საჭიროებენ. არ არის არავინ, ვისაც მტრის სატანჯველები არ შეხებია და ვისაც უფლის მადლისა და წყალობის შეწევნის გარეშე ჩაუქრია ან თუნდაც შეუკავებია სრულიად ბუნებრივი და ცეცხლივით აგიზგიზებული ხორციელი გულისთქმები. ჩვენი სულის სახსნელად მოვლენილი ეს განსაცდელი უფალმა იმისთვის დაუშვა, რომ თავისი კეთილი ნებით ახალგაზრდა ძმა დაღუპვისაგან ეხსნა, შენ კი ამით მოყვასისადმი სიყვარული გასწავლა და დაგანახა, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს მტრის შემოტევა. მოდი, ერთად ვილოცოთ და უფალს შევევედროთ, რომ მან შეაჩეროს მათრახი, რომელიც შენი სულის სარგებლისთვის გამოიყენა და რომ ჩემი ვედრებით შენ გასაგმირად მოვლენილი სატანის ცეცხლოვანი ისრები სულიწმინდის ცვრით ჩააქროს". აბბა აპოლოსის ლოცვით უფალმა ბერს ისევე სწრაფად განაშორა განსაცდელი, როგორადაც მოუვლინა.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება