მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > ბეთანიელ მონაზონს, აბელს, მიტროპოლიტ პლატონის მიერ თავისი აღსასრულის შესახებ ეუწყა

ბეთანიელ მონაზონს, აბელს, მიტროპოლიტ პლატონის მიერ თავისი აღსასრულის შესახებ ეუწყა


9-09-2020, 16:09

 

 

   ბეთანიის სკიტის ძმებს შორის იყო ერთი მონაზონი, მამა აბელი. ის თვინიერებითა და უწყინარობით მსგავსი იყო თავისი ზეციური მფარველის, მართალი აბელისა, დაჯილდოევებული იყო ბავშვური უბრალოებით, მტრედის მსგავსი უბოროტო ბუნებით და ამასთანავე უკიდურესად ღარიბი გახლდათ. მონაზონი თავის სენაკს არასდროს კეტავდა, რადგან იქ მოსაპარი არაფერი გააჩნდა. მის საწოლზე ლეიბის ნაცვლად ჭილოფი ეგო, მისაფარებლად კი ძონძებს ხმარობდა, ბალიშის მაგივრობას თივით გატენილი ტომარა უწევდა, საცვლების მარაგი არასდროს ჰქონდა, ნაბოძები ძველმანი საცვლები სწრაფად უცვდებოდა, ამიტომაც ზარის დასარეკად (ის მნათე იყო), ძმების აზრით, ხშირად უსაცვლოდ, მხოლოდ გაცრეცილი ანაფორით დადიოდა. მის ჯანმრთელობას, მიტროპოლიტ პლატონის ლოცვითი შეწევნითა და მეოხებით, ნამდვილად უფალი იფარავდა. ბერის ხილვა ყოველთვის სასიამოვნო იყო, რადგან მის ნათელ გამომეტყველებას გარშემომყოფთა სულებში სასიამოვნო განწყობა შეჰქონდა. თავდაჭერილი და მორიდებული აბელი ძმებს, იმის შიშით, რომ ისინი არ შეეწუხებინა, თავისი სტუმრობით ხშირად არ აწუხებდა და ძალზედ იშვიათად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში სტუმრობდა. 1826 წლის აგვისტოს დასაწყისში მამა აბელს სენაკში რაღაც საქმესთან დაკავშირებით მღვდელმონაზონი ვალერიანი ეწვია. ბერი გამოეგება და აღუწერელი ბავშვური სიხარულით ხმამაღლა ჰკითხა: „მამა ვალერიან! თქვენ ახლა მეუფე, მიტროპოლიტი პლატონი არ შეგხვდათ? ის სწორედ ამ წუთას ჩემგან გამოვიდა, წასვლისას კი დამიბარა: „აბელ, ცოტაც დაითმინე და ორი კვირის შემდეგ ჩვენთან იქნები". მეუფე ლილისფერი ანაფორით იყო შემოსილი, თავზე მიტრა ეხურა, გულზე ღვთისმშობლის ხატი ეკიდა და ისეთი სათნო და მოწყალე სახით მიმზერდა, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მან მე დამლოცა და სწორედ თქვენი მოსვლის წინ გავიდა ჩემგან". ამ საუბრიდან განვლო თორმეტმა დღემ და მამა აბელი დასნეულდა. ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარეს, წმინდა ზეთი აცხეს და საერო საავადმყოფოში გადაიუვანეს, სადაც ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

 

 იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)  

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"  


უკან დაბრუნება