მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > გოლგოთელი სქემმღვდელმონაზვნის, იესოს, სიკვდილისწინა ლოცვა და ნეტარი აღსასრული
გოლგოთელი სქემმღვდელმონაზვნის, იესოს, სიკვდილისწინა ლოცვა და ნეტარი აღსასრული7-09-2020, 16:20 |
ერთხელ მღვდელმონაზონი, რომელიც სნეულ ბერს საკუჭნაოდან ჩუმად აკვირდებოდა მომაკვდავს, შემდეგი რამ იხილა: როდესაც სნეულმა სენაკიდან მონაზვნები გაისტუმრა, სარეცლიდან წამოდგა, სენაკის შუაგულში მუხლი მოიყარა და ცრემლებით აღუვლინა ლოცვა მაცხოვარსა და ღვთისმშობელს, მოუხმო თავის სავედრებელ წმინდანებსაც. ლოცვის დროს ხშირად მოიხსენიებდა თავისი მეოხებით შეკრებილ საძმოსაც. ამის შემდეგ ისევ დაწვა და პირჯვარი გამოისახა. განვლო ცოტა ხანმა და სნეული ისევ წამოდგა, კვლავ ძირს დაემხო და ზეცისკენ ხელებაპყრობილმა ღმერთს შეჰღაღადა: „ღმერთო ჩემო! გმადლობ იმისთვის, რომ მოხედე ჩემს თავმდაბლობას და ღირსმყავ მე მართლმადიდებლური რწმენით, აღსარებითა და შენი მცნებების შესრულებით აღსრულებისა. უნეტარესო მეუფევ! მიიბარე ჩემი სული მშვიდობით, ხოლო შენი მონები, რომლებიც ჩემი, ცოდვილი ბერის მეოხებით შეჰყარე ერთად, დაიფარე!" ღვთივსათნო მოღვაწემ ლოცვა დაასრულა და ისევ სარეცელს დაუბრუნდა. იმ წუთებში მომაკვდავის სახემ ფერი იცვალა, ის უჩვეულო სიმშვიდითა და სიხარულით ბრწყინავდა, მზერა კი მხოლოდ ზეცისაკენ ჰქონდა მიპყრობილი. იწვა ასე გაუნძრევლად და მდუმარედ, თითქოსდა სულით ესაუბრებოდა ვიღაცას. უეცრად ბერმა მდუმარება დაარღვია და წამოიძახა: „დალოცვილია ჩვენი მამების ღმერთი! ამიტომაც არ მიპყრობს შიში და სიხარულით განვეშორები წუთისოფელს!" ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სენაკში უჩვეულო ნათელი გამოჩნდა, ირგვლივ ყველაფერი კეთილსურნელებამ მოიცვა და გაისმა უტკბილესი ხმები ფსალმუნთგალობისა: „ხოლო მე ესე მოვიხსენე და ნუგეშინის-ვეც სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკვირველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა, ხმითა სიხარულისათა და აღსარებისათა, ხმითა მედღესასწაულეთათა" (ფს. 41, 5). ამ დროს ნეტარი თავის სარეცელზე მთლიანად სახით ზეცისკენ გასწორდა, ფეხები ზეცად იქნა ამაღლებული, საითკენაც ყოველთვის ისწრაფვოდა მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |