მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქვრივმა, რომელსაც სურდა, რომ ცოლად მეომარს გაჰყოლოდა, თავისი ორი შვილი სიცოცხლეს გამოასალმა, რის გამოც მძიმედ დაისაჯა

ქვრივმა, რომელსაც სურდა, რომ ცოლად მეომარს გაჰყოლოდა, თავისი ორი შვილი სიცოცხლეს გამოასალმა, რის გამოც მძიმედ დაისაჯა


9-11-2020, 16:43

ქვრივმა, რომელსაც სურდა, რომ ცოლად მეომარს გაჰყოლოდა, თავისი ორი შვილი სიცოცხლეს გამოასალმა, რის გამოც მძიმედ დაისაჯა

 

 

   აბბა პალადიმ გადმოგვცა ერთი გემის მეპატრონის ნაამბობი: „ერთხელ ნავსადგურიდან გადავედი და ზღვაში შევცურე, მაშინ, როცა ყველა გემი მშვიდობიანად მიცურავდა, ერთი - კონსტანტინოპოლისკენ, მეორე - ალექსანდრიისკენ, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა ქვეყნისკენ, ჩემი გემი შუა ზღვაში გაჩერდა და თხუთმეტი დღის მანძილზე ადგილიდან ვეღარ დავძარი. ყველას სასოწარკვეთილება და სევდა დაგვეუფლა, მე კი, როგორც გემის მეპატრონეს, ორმაგი მწუხარება მამძიმებდა: გემის ბედიც მაღელვებდა და ძლიერ ვწუხდი ხალხზეც. მაშინ ლოცვა დავიწყე და უფალს ჩვენი თავი შევავედრე. და აი, ერთხელაც, ლოცვისას, უხილავი ხმა შემომესმა: „გადააგდე მარიამი ზღვაში და მშვიდობიანად დაასრულებ მგზავრობას". საგონებელში ჩავვარდი: „რას ნიშნავს ნეტავ ეს სიტყვები? განა ვინ არის მარიამი?" უცებ უცხო ხმა გამეორდა: „რატომ არ გესმის ჩემი? გადააგდე მარიამი ზღვაში და ყველანი გადარჩებით". ცოტა ხანს კიდევ დავფიქრდი, შემდეგ კი სასოწარკვეთილმა შევძახე: „მარიამ" - თუმცა ასეთს არავის ვიცნობდი. უეცრად ერთ-ერთი მგზავრი გამომეხმაურა: „რა გნებავთ, ბატონო ჩემო?" „მოიღეთ მოწყალება და მომიახლოვდით", - ვთხოვე მე. როცა ქალი ახლოს მოვიდა, ჩუმად ვუთხარი: „ჩემო დაო, ხომ ხედავ როგორი ცოდვილი ვარ, ჩემ გამო ყველა ვიღუპებით". მან მძიმედ ამოიოხრა და მითხრა: „არა, ჩემო ბატონო, ეს მე ვარ ცოდვილი". „განა ასეთი რა ცოდვები გაქვს?" - გავიოცე მე. „საუბედუროდ, არ არსებობს ცოდვა, მე რომ არ ჩამედინოს და სწორედ ესაა მიზეზი, რომ ჩემს გამო ყველა განწირულია", - ეს თქვა ქალმა და თავისი ამბის მოყოლა დაიწყო: „მე გათხოვილი ვიყავი, ორი შვილის დედა. ერთი ცხრა წლის იყო, მეორე კი - ხუთის. სამწუხაროდ, ქმარი გარდამეცვალა და დავქვრივდი. ჩემს მეზობლად ერთი მეომარი ცხოვრობდა, მე მისი ცოლობის სურვილი მკლავდა და ამის გამო კაცს შუამავალი გავუგზავნე, მაგრამ, საუბედუროდ, მისგან ასეთი პასუხი მივიღე: „მე არ ვითხოვ ქალს, რომელსაც შვილები სხვა კაცისგან ჰყავს". ის მეომარი ძალიან მიყვარდა და როცა დავრწმუნდი, რომ მას ჩემი ბავშვები აბრკოლებდნენ, ავიღე დანა და ყელი გამოვჭერი საკუთარ შვილებს. ამის შემდეგ შევუთვალე: „აი, ახლა უკვე აღარავინ მყავს", მაგრამ როცა მან ჩემი ქმედების შესახებ შეიტყო, განრისხებულმა წამოიძახა: „ცხოველ არს უფალი, მე მას ცოლად არ მოვიყვან". მე შემეშინდა, რომ ჩემი საქციელი არ გამჟღავნებულიყო, ავდექი და სახლიდან გამოვიქეცი". ასე დაასრულა ქალმა თხრობამ თავისი საშინელი ამბის. მე კიდევ კარგა ხანს ვყოყმანობდი, მის ზღვაში გადაგდებას ვერ ვბედავდი. ბოლოს გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთი გამოცდა მომეწყო და ქალს ვუთხარი: „მარიამ, მე ახლა ნავში ჩავჯდები და თუ გემი გაცურავს, ცხადი იქნება, რომ ეს ყველაფერი ჩემი ცოდვების გამო ხდება". ვუხმე მეზღვაურებს, ნავი ჩავაშვებინე, ჩავედი და შიგ ჩავჯექი, მაგრამ გემი ადგილიდან არ დაიძრა, მაშინ ისევ გემზე ამოვბრუნდი და ქალს ვუთხარი: „აბა, ახლა შენ სცადე," ისიც ადგა და უთქმელად დამემორჩილა, მაგრამ ცოდვილმა დედაკაცმა ფეხი ჩადგა თუ არა ნავში, ის ხუთჯერ მაინც ამოყირავდა და ფსკერისაკენ დაეშვა. ამის შემდეგ გემი დაიძრა და ისე სწრაფად გავცურეთ, რომ თხუთმეტი დღის სავალი სამ დღეში გავიარეთ".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება