მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > სიმონ ათონელის ჭეშმარიტი დამოკიდებულება თავისი სულიერი მოძღვრის მიმართ

სიმონ ათონელის ჭეშმარიტი დამოკიდებულება თავისი სულიერი მოძღვრის მიმართ


29-08-2020, 15:51

სიმონ ათონელის ჭეშმარიტი დამოკიდებულება თავისი სულიერი მოძღვრის მიმართ

 

 

   ღირსმა სიმონ ათონელმა, მაცოცხლებელი წყაროების წყალს მოწყურებული ირემის მსგავსად, წმინდა მთის ყველა სავანე და მონასტერი შემოიარა იმ იმედით, რომ თავისთვის სასურველ მოძღვარს შეხვდებოდა. გამოცდილ ძმებთან ყოველი შეხვედრისას ის მათ ბერ-მონაზონთა სათნოებების შესახებ ეკითხებოდა. ბოლოს და ბოლოს სიმონმა მიაგნო ბერს, რომელიც, როგორც მოღვაწე, ყოველნაირად სრულყოფილი გახლდათ. მას შემდეგ, რაც ის ბერის წინაშე თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ სრულად გაიხსნა, თავის თავს ერთადერთ წესად დაუდგინა, რომ უსიტყვოდ დამორჩილებოდა ყველაფერში და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ყველაფერი ზედმიწევნით შეესრულებინა, რადგან თავს შეაგონა, რომ ეს გამოდიოდა. მოწაფის ასეთი მორჩილება მოძღვარს ძალიან ახარებდა, მაგრამ იმისათვის, რომ მისი პატივმოყვარე გულისთქმებისათვის გასაქანი არ მიეცა და მონაზვნურ ცხოვრებაში და ჭეშმარიტ მორჩილებაში განემტკიცებინა, ის გამუდმებით ლანძღავდა სიმონს და ცემასაც არ აკლებდა. ნეტარი მამა კი მოძღვრისაგან ამ ყოველივეს სიხარულითა და მადლიერებით იღებდა. შედეგად ამისა და უფლის მადლით, მოხდა ისე, რომ როდესაც ბერი მოწაფის მიმართ დამცირების ნაცვლად ყურადღებას იჩენდა, სიმონი მწუხარებდა და ამ ყოველივეს ცხონების გზაზე დაბრკოლებად მიიჩნევდა. ამგვარად, მოძღვარსა და მოწაფეს შორის ისეთი სიყვარული გამეფდა, როგორიც სიხარულსა და ბედნიერებას წარმოადგენს როგორც მშობლებისთვის, ისე შვილებისთვის და რომლის ღირსიც, სამწუხაროდ, ზოგჯერ არცერთი მათგანი არ გამხდარა. მოძღვრის მიმართ ღირსი მამის უსაზღვრო სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ ის მძინარე ბერს ფეხებს უკოცნიდა და იმ ადგილებს ეამბორებოდა, სადაც ის ლოცვად დგებოდა, ანდა სადაც, ჩვეულებისამებრ, საქმეების შემდეგ ისვენებდა. იმას, რომ ამ ყოველივეს წრფელი გულით იქმოდა, ღირსი სიმონი თავად ასე ხსნიდა: რამდენადაც, ერთი მხრივ, უნდა გვიყვარდეს და ვადიდოთ უფალი, რომელმაც მოგვავლინა, იმდენად, მეორე მხრივ, უნდა გვიყვარდეს სულიერი მოძღვარი, რამეთუ ის, ღვთის შეწევნით, ჩვენში შინაგან კაცს აყალიბებს და ჩვენს არსებაში საკვირველი ძალით აღადგენს და განაახლებს ღვთის სახებას, შემუსვრილსა და დაცემულს ჩვენი ცოდვებითა და დაუდევრობით. ასე ღრმად იყო განმსჭვალული ღირსი მამა უსიტყვო მორჩილების მნიშვნელობითა და აუცილებლობით თავისი მოძღვრისადმი და არა საკუთარი ნებისადმი. სათნომყოფელ ცხოვრებაზე ამგვარი ფიქრის გამო ღირსმა სიმონმა მალე მთელ მთაზე ისეთი სახელი მოიხვეჭა, რომ ასაკით თანატოლები თაყვანს სცემდნენ ნეტარს, ხოლო უფროსებს ძლიერ უყვარდათ, და ეს იმიტომ, რომ ერთნიც და მეორენიც მის ახალგაზრდულ ასაკში - ბერულ გონიერებას, ღვაწლში - უზადო მოთმინებასა და აზროვნებაში - სრულყოფილებას ხედავდნენ.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება