მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ამბავი აბბა ესაიას მოწაფე ელისეს შესახებ

ამბავი აბბა ესაიას მოწაფე ელისეს შესახებ


20-11-2019, 21:02

ამბავი აბბა ესაიას მოწაფე ელისეს შესახებ

 

   აბბა ესაიას მოწაფემ, აბბა ელისემ, თავის შესახებ გვიამბო: „მე სიყმაწვილეში ისეთმა სენმა დამრია ხელი, რომ სიკვდილის პირამდე მიმიყვანა. მამაჩემი ჩემი განკურნებისთვის ძალასა და ღონეს არ იშურებდა და ყოველდღიურად იწვევდა ექიმებს. მიუხედავად მკურნალთა დიდი მცდელობისა, მათ ვერაფერი მოახერხეს და მამას განუცხადეს, რომ სამი დღის სიცოცხლეღა მქონდა დარჩენილი. როდესაც მამაჩემმა ამის შესახებ შეიტყო, მწუხარებამ მოიცვა და ცრემლისღვრით გაემართა წმინდა მახარებელ მარკოზის ტაძრისაკენ. როცა მან შემდეგ გვიამბო, იქ ერთი მოხუცი ბერი იმყოფებოდა, როცა მან ატირებული მამაჩემი იხილა, უთხრა: „ბატონო პროკოფი, რა დაგემართათ?" „ის, ვინც ჩემი სახელი გაგიცხადა, ჩემი მწუხარების მიზეზსაც გაგიმხელს", - მიუგო მამამ. „წამოდი, შენს სახლში წავიდეთ," - შესთავაზა მას ბერმა. როცა მონაზონი ჩვენთან მოვიდა და მე მიხილა, მამაჩემს უთხრა: „მოუხმე შენს მეუღლეს". დედაჩემი ღვთისმოსავი და მონაზონთა მოყვარული იყო. როდესაც დედაც მოვიდა, ბერმა მამას განუცხადა: „უფალი შენგან სამი მცნების აღსრულებას ითხოვს, თუკი შეასრულებ, ყოვლადზეციერი შენს ვაჟს სიცოცხლეს მიმადლებს". „დავიმოწმებ წმინდა მარკოზ მახარებელს, რომ რასაც მეტყვი, შევასრულებ!" - წამოიძახა მამამ. მაშინ ბერმა უთხრა: „აი, უკვე თხუთმეტი წელია, რაც მრუშობითა და ავხორცობით ცხოვრობ და ამით ბილწავ შენი ცოლის სარეცელს, სწორედ ამის გამო მოუვლინა უდროო სიკვდილი უფალმა შენს ხუთ შვილს. პირველი მცნება ისაა, რომ ასეთი ცხოვრება აღკვეთო. მეორე - ის, რომ ეს ყმაწვილი არ დააქორწინო და მისცე საშუალება მონაზვნად აღკვეცისა. მესამე კი ის არის, რომ არიანელებთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტო". „მე შენს სიტყვებს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ჩავიდებ გულში". - დაპირდა მას მამა. ბერმა ილოცა და მესამე დღეს გამოვჯანმრთელდი. მე მამასთან კიდევ სამი წელი ვიცხოვრე. შემდგომ ამისა, მან თავისი უფროსის ცოლის ნათესავზე მოისურვა ჩემი დაქორწინება. სწორედ მაშინ, როდესაც მამა ქორწინების სამზადისს შეუდგა, ჩემს დანიშნულ ყმაწვილქალს უეცრად ავი სული დაეპატრონა და მის ტანჯვას მოჰყვა. შეპყრობილი ქალწული მის მშობლებსა და მამაჩემს ჩვიდმეტი თვის მანძილზე სად აღარ დაჰყავდათ, ეკლესიებში, მკითხავებთან, მოგვებთანაც კი, გასცემდნენ მოწყალებას, მაგრამ გოგონას მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა. ბოლოს მოილაპარაკეს და ეშმაკეული ქალწული წმინდა მაკარისთან მიიყვანეს (საუბარი არაა V საუკუნეში მოღვაწე და სკიტის დამაარსებელ მაკარი დიდის შესახებ, არამედ სხვა მაკარიზე, ასევე სკიტის დამაარსებელზე, რომელიც V-VIსაუკუნეებში მოღვაწეობდა. სწორედ ამ მაკარის ხელმძღვანელობით სკიტში დოროთეს სახელით მოღვაწეობდა მამაკაცის სამოსში გადაცმული ნეტარი აპოლინარია, რომელმაც კონსტანტინოპოლი თეოდოსი უმცროსის დროს დატოვა. სავარაუდოა, რომ სწორედ ეს აბბა მაკარი საუბრობდა კადნიერების შესახებ აბბა აღათონთან, რომელიც პიმენი დიდის თანამედროვე იყო). მათთან ერთად მამა მაკარის მე და მამაჩემიც ვეახლეთ. აბბამ ზეთი აიღო, ლოცვა აღავლინა და გოგონას დედას უბრძანა, რომ განებანა ქალიშვილი და მისთვის თავიდან ფეხებამდე ეცხო ზეთი. როცა ეს ყოველივე აღესრულა, ავი სული აღრიალდა: „ვაიმე! ვაიმე!", გოგონას სხეული დატოვა და მე მეძგერა. სასტიკი დემონი შვიდგზის უფრო ძლიერ მაწამებდა, ვიდრე ჩემს დანიშნულს. ასე გავატარე ოცდაათი დღე. და აი, ჩვენთან მოვიდან ის ბერი, რომელმაც სნეულებისას განმკურნა. მამაჩემი მისი დანახვისას მაშინვე მიიმალა. ბერმა ხელი ჩამკიდა და თავის სენაკში წამიყვანა. მან მთელი ღამე მუხლმოდრეკილმა ილოცა და ჩემგან ავი სული განდევნა. შემდეგ თმა შემაჭრა, მონაზვნად აღმკვეცა და აბბა ესასიას ჩამაბარა. მას ჩემს გარდა სხვა მოწაფეც ჰყავდა, სახელად პეტრე. მე აბბასთან ერთად ცხრა წელი ვიცხოვრე. როდესაც მამაჩემმა ჩემი ამბავი შეიტყო, ოთხი მსახური გამომიგზავნა საკვებით დატვირთულ რვა აქლემთან ერთად და მათ თან თავისი წერილიც გამოატანა. მე მისი წაკითხვისას მწარედ ავქვითინდი. როცა აბბამ ესაიამ წერილი დაინახა, ის ხელიდან გამომტაცა და ნაკუწებად აქცია. ამის გამო აბბაზე ძლიერ განვრისხდი, მან კი მამაჩემის მსახურების თანდასწრებით საყვედურები და კიცხვა დამიწყო. იმ დღიდან დამეუფლა საძულველის ბოროტი სული და მე აღარც ბერის დანახვა მსურდა და აღარც მისი ხმის გაგონება, მას როგორც ოინბაზს ისე ვუმზერდი, მისი სიტყვები კი მახვილწვერიან ისრებად მეჩვენებოდა. როდესაც ლოცვისა და მღვიძარების ჟამს ბერს გვერდით ვედექი, გამუდმებით ვწყევლიდი. მის მიმართ უსაზღვრო სიძულვილის გამო მრავალჯერ წარმოვმდგარვარ ღამით მის მოსაკლავად, მაგრამ შევჩერებულვარ, რადგან აბბასთან ერთად მცხოვრები მისი მოწაფის, პეტრესი შემშინებია. ესაია კი არ წყვეტდა ჩემს დამოძღვრას და ამას ხან შეგონებით იქმოდა, ხან კიდევ მუქარით. როდესაც წმინდა საიდუმლოს მივეახლებოდი საზიარებლად, ის ამას მიკრძალავდა და საყვედურებით განმაგდებდა. ბერი არც ტრაპეზზე მიშვებდა და მეუბნებოდა: „არ მოგცემ საზრდელს, ვიდრე არ იტყვი: „მომიტევე, რამეთუ შევცოდე!" მე კი ყველაფერს მის საწინააღმდეგოდ ვიქმოდი: საჭმელს ვიპარავდი და ჩუმად ვიხმევდი, როცა ბერი ლოცვად იდგა, მე ვჯდებოდი, როდესაც ის მღვიძარებდა, მე მეძინა და როცა ტიროდა, ვიცინოდი. იმდენად მორჩილი ვიყავი დემონისა, რომ ის ძილში უკვე ბერთან დაკავშირებულ უმსგავსო ჩვენებებს აღმიძრავდა. მე, უბადრუკს, ამ ჩვენებების იმდენად მჯეროდა, რომ სულ მალე ცხადად მეჩვენებოდა ის, რასაც სიზმრებში ვხედავდი. ამგვარად შემომეპარა გულში ნდობა აბბა ესაიას მიმართ უწმინდური და ბილწი გულისთქმებისა, რომლებიც სინამდვილეში ჩემი გულიდან მოდიოდა და რომლებსაც მთლიანად ვეთანხმებოდი. ეშმაკები შინაგანად ამ გულისთქმებით მაფორიაქებდნენ, ხოლო გარეგნულად მათ მიერ მოვლენილი მოჩვენებების საშუალებით ჩემში მრისხანებასა და წყენას აღძრავდნენ. მოხდა ისე, რომ სიამაყის დემონი, ანდა უფრო სწორად რომ ვთქვათ, დამღუპველი ბოროტი სული, ჩემი მასწავლებელი გახდა. მე უკვე ყველას წინაშე ხმამაღლა გამოვხატავდი იმას, რასაც ის ფარულად ჩამაგონებდა და მწუხარებით ვაცხადებდი: „ვინ არის ეს ფარისეველი და პირმოთნე? მე, რომელიც ასეთი და ასეთი წარმომავლობის კაცი ვარ, ასეთი და ასეთი ქალაქიდან, ვაჟი ღირსეული და მდიდარი მშობლებისა, რომლებიც უამრავი საქონლის მეპატრონეები არიან, გავხდი მოწაფე, უფრო სწორად კი, მონა ამ უღირსისა! ვემსახურები მას, როგორც მსახური, წყალს პირდაპირ ხელში მივართმევ, ტრაპეზს ვუმზადებ, შეშას ვჩეხავ და ვშრომობ მსგავსად მონისა! არადა, პირიქით, ის უნდა მუშაობდეს ჩემთვის, მემსახურებოდეს და მემორჩილებოდეს. მისგან რამდენი უსიამოვნება, წყენა, დარდი, მწუხარება, საყვედურები და შეურაცხყოფა დამითმენია. რამდენჯერ გამხადა იძულებული მშიერ-მწყურვალი ვყოფილიყავი და შიშველ მიწაზე ვწოლილიყავი! როგორ მამცირებდა და რამდენ ბოროტებას მიკეთებდა!" როდესაც დემონი ამას შემაგონებდა, მე თავს განაწყენებულად და დაზარალებულად მივიჩნევდი და უფრო მეტად ვეძლეოდი მრისხანებას. გულისთქმა გამუდმებით ჩამძახოდა: „გასცილდი ამ წყეულს და სხვა სენაკში განმარტოვდი, მსგავსად სხვა მამებისა, ის არც მონაზონია და არც ქრისტიანი". ასეთი შეგონებების გამო კვლავ შემომიტიეს ბერზე სიზმრებმა. მეჩვენებოდა, რომ ის ქალებთან ერთობოდა და კერპების წინაშე დახტოდა. სიზმრების მიმართ რწმენამ განმიმტკიცა აზრი, რომ აბბა ღვთის მტერი და დემონების მეგობარი იყო. სავანის მოშორებით იყო საკერპე, სადაც მარმარილოს კერპი იყო აღმართული. აბბა ესაიას წესად ჰქონდა, რომ ყოველ შაბათს სკიტიდან უნდა გასულიყო, საკერპეში დამჯდარიყო და ტირილს მისცემოდა. იმ საკერპეში წარმართთა საფლავებიც იყო. სიზმარში მრავალჯერ მეჩვენა, რომ ბერი კერპებს ეთაყვანებოდა და მათ მსხვერპლს სწირავდა. საუბედუროდ, მე ამ სიზმრებს ჭეშმარიტებად მივიჩნევდი. ერთხელ, სწორედ იმ დროს, როცა აბბა საკერპეში უნდა წასულიყო, მე მას დავასწარი, იქ უფრო ადრე მივედი და ბუჩქებში ჩავიმალე. ვხედავ, მოდის ბერი, მას კი წინ დედაკაცი მოუძღვის. ქალი საკერპეში შევიდა, კერპს თაყვანი სცა და ლოცვა დაიწყო. როცა მან ლოცვა დაასრულა, ბერი შემოვიდა, მანაც თაყვანი სცა კერპს, დედაკაცი გადაკოცნა და მასთან ავხორცობით დაეცა. შემდგომ ამისა, ბერი სკიტში დაბრუნდა, ქალი კი მდელოზე გაუჩინარდა. მე მსგავსი რამ საკუთარი თვალით შვიდგზის ნათლად ვიხილე. ამ ყველაფერში მყარად დარწმუნებული აბბას სენაკის კართან ჩამოვჯექი და მასთან სულიერი სარგებლის მისაღებად მოსულ ძმებს ვეუბნებოდი: „ძმებო! ეს ბერი გარყვნილი და კერპთაყვანისმცემელია. თქვენ ცდებით, როცა მასთან მოდიხართ". ასეთ მოქცევას ოთხი თვის მანძილზე განვაგრძობდი, თუმცა მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ძმები ღვთის მადლის კარნახით მაინც განაგრძობდნენ მის მონახულებას. როდესაც ამას ვხედავდი, მე, უბადრუკი, ხელებს ზეცად აღვაპყრობდი და ვღაღადებდი: „უფალო, მომეცი მე მოთმინება!" გონებაარეული და ვნებებით შეპყრობილი ვფიქრობდი, რომ ამ ყოველივეს სიმართლისათვის დავითმენდი და როგორც სათნომყოფელი, ოხვრით ვამბობდი: „დიდება შენდა, უფალო! როგორი პატივიდან აღმოვჩნდი ამ უღირსობაში და რად ვიქეცი!" და მწარედ ვქვითინებდი. როდესაც ბერი ასეთ მდგომარეობაში მხედავდა, მეუბნებოდა: „კეთილო შვილო! განიწმინდე გული, დაიმორჩილე შენი გულისთქმები, შეიყვარე ქრისტეს სიმდაბლე, ითაკილე სიამაყე და შენს თავს შეაგონე!" მე კი, აბბას შეგონების გამო, მრისხანება და წყენა მეუფლებოდა. მისი სიტყვები გავარვარებულ ისრებად მეჩვენებოდა, რომელიც სიმყრალეში მახვევდა. ჩემი შინაგანი გულისთქმა არ ცხრებოდა და ჩამძახოდა: „წადი ბერის სენაკიდან და თუკი შესაძლებელია, სკიტსაც გაშორდი, რადგან ამ ბერის შემხედვარე ვერასდროს ცხონდები". მე საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „რის გამო ვითმენ ასეთ ტანჯვას? ერში ყოფნისას არც მიმრუშია, არც მიქურდია და არც მკვლელობა ჩამიდენია". ჩემი გულისთქმა, უფრო სწორად კი ეშმაკი, მპასუხობდა: „შენ სამართლიანობის გამო იტანჯები, აწყენინე დედას, მამას, შენს თანატოლებსა და მეგობრებს, გაეცალე წმინდა მამებს და სამონაზვნოდ ამ მატყუარასთან, უმოწყალოსთან და მანკიერ ადამიანთან მოხვედი". ეშმაკი ამას შთამაგონებდა და მიიჩნევდა, რომ მზად ვიყავი უფრო ბილწი და ბოროტი გულისთქმები მიმეღო. უკუნეთში ჩამარხული ვფიქრობდი, რომ ნათელში ვიმყოფებოდი, დემონად ქცეული თავს მონაზვნად ვთვლიდი და ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი გამეკიცხა და განმეკითხა, ღვთის ჭეშმარიტ მონას განვიკითხავდი. სწორედ მაშინ, როდესაც გულისთქმათა ქარიშხლის შუაგულში ვიმყოფებოდი, მამაჩემმა წერილით მაცნობა, რომ დედაჩემი კვდებოდა. „ჩამოდი, - მწერდა მამა, - დედა მოინახულე, ვიდრე ცოცხალია". როგორც კი წერილი წავიკითხე, მამა პეტრეს განვუცხადე: „მე მივდივარ, აუცილებლად უნდა მოვინახულო დედაჩემი". ძმა მაშინვე ბერთან წავიდა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა. აბბა ესაია ჩემთან მოვიდა და მითხრა: „კეთილო შვილო! მოიკრიბე მოთმინება და აქ დარჩი, უკუაგდე დედისა და მამის მიმართ ლტოლვა. ჩვენ დედაც და მამაც უფალში გვყავს, ის ყოველივეს ჩვენთვისაც და ჩვენი მშობლებისთვისაც სასარგებლოდ მოაწყობს. თუ არ მომისმენ და წასვლას არ გადაიფიქრებ, ამით შენს მშობლებს ვერანაირ სიკეთეს ვერ მიანიჭებ, საკუთარ თავს კი ზიანს მიაყენებ. ბოლოს შენს საქციელს აუცილებლად ინანებ, მაგრამ უკვე გვიან იქნება. ერთი სიტყვით, შენივე განდგომილება დაგსჯის". როდესაც ბერისაგან ასეთი სიტყვები მოვისმინე, დემონებისაგან მრისხანებით ანთებულმა წამოვიძახე: „მატყუარავ, კერპთაყვანისმცემელო, მეძავო და ავხორცო! გინდა, რომ მეც შენი მსგავსი გავხდე?!" ბერმა ამაზე მიპასუხა: „ღვთის მადლია შენს ბაგეებზე, შვილო". მე კი ყვირილს ვაგრძელებდი: „მატყუარავ და კერპთაყვანისმცემელო!" ჩემს ხმაზე მონაზვნები გამოიშალნენ და ყველა მათგანი მკიცხავდა და შემაჩვენებდა. ეშმაკების შეგონებით გაბრუებულმა მრისხანებისგან სამოსელი შემოვიხიე, აბბას სახეში მივაყარე და შიშველი გამოვიქეცი სენაკიდან. შემდგომ ამისა, ერთ-ერთ მონაზონს სადღესასწაულო სამოსი მოვპარე და ალექსანდრიისკენ გავწიე. დედა უკვე გარდაცვლილი დამხვდა, მამა კი ძლიერ დასნეულებულიყო. სამი დღის შემდეგ მამაჩემიც გარდაიცვალა. მე მდიდარი მემკვიდრეობით დავკავდი და გულში მონაზვნური ცხოვრების გამო ძლიერ ვნანობდი. მოსაღამოვდა. როცა დასაძინებლად დავწექი, სკიტისა და აბბა ესაიას შესახებ ფიქრები მომეძალა და ოხვრით წარმოვთქვი: „დიდება შენდა, უფალო, ღმერთო ჩემო! შენ დამიხსენი მე იმ მატყუარა და პირმოთნე ბერისაგან".

   ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე შემომესმა გრუხუნის მსგავსი ხმა: „დაქცევა და დაღუპვა პროკოფის სახლს!", უეცრად ქარი ამოვარდა და სახლს ოთხივე კუთხიდან ცეცხლი მოედო. მე წამოვხტი და ძლივს მოვასწარი, რომ სახლში მყოფები ხანძრის შესახებ გამეფრთხილებინა. მოგროვდნენ იქაური მცხოვრებლებიც, მაგრამ ვერანაირი დახმარება ვერ აღმოგვიჩინეს. ხანძარმა ქვებიც კი მთლიანად მოსრა. მე ვიდექი შერცხვენილი და გონებაში მომხდარს ვაანალიზებდი. შემდგომ ამისა, მწუხარებისაგან შეპყრობილი წმინდა მინას ტაძარში წავედი. იქ ისევ დემონი გამომეცხადა: „იცოდე, რომ იმ ყველაფერში, რაც შენ შეგემთხვა, მხოლოდ და მხოლოდ მამა ესაიაა დამნაშავე!" როცა გონს მოვეგე, წამოვიძახე: „ჭეშმარიტად, ის მატყუარა ჯადოსანია და ალბათ მან გამოგზავნა ავი სულები ჩემი სახლის გადასაწვავად". დილით, როგორც კი ავდექი, პატრიარქთან წავედი და განვუცხადე: „მეუფევ! ჩემს მაგივრად მიაგე სამაგიერო კერპთაყვანისმცემელ მამა ესაიას, რადგან მან თავისი მისნობით ჩემი სახლი მთლიანად გადაწვა". პატრიარქმა მომიგო: „უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყვიან მართლისა მის ზედა უსჯულოებასა..." (ფს. 30, 19). როგორც კი პატრიარქის სიტყვები მოვისმინე, ჩემს წინ ვიხილე მავრი, რომელმაც ცეცხლოვანი კვერთხით დამიწყო გვემა და ენაზე რკინის ჯავშანი შემომავლო. მე გაშმაგებული და გაოგნებული დავეცი პატრიარქის ფეხებთან. მაშინ პატრიარქმა ხელები ჩემსკენ გამოიწოდა და ენაზე დადებული ხუნდები განმეხსნენ, მაგრამ მრისხანე დემონის მიერ შვიდი თვის განმავლობაში ვიტანჯებოდი და ყველასათვის ზალზედ შესაბრალისი სანახავი შევიქენი. საჭირო გახდა, რომ რკინის ჯაჭვებით შევეკარი, რადგან ვცემდი საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც. ვიკვებებოდი საჭმლის ნარჩენებით, ქრისტესმოყვარე ადამიანებს ვებრალებოდი და მმოსავდნენ, რომ შიშველს არ მეწანწალა. ვიგლეჯდი ხორცებს და ვხევდი სამოსელს, ვაწამებდი საკუთარ თავს და ხელს ვკრავდი ყველა შემხვედრს. ცუდად კვების, სიბინძურისა და ტალახის გამო, რომელშიც ვგორაობდი, სხეული წყლულებმა დამიფარა. ქრისტესმოყვარე ალექსანდრიელებმა ჩემთან რამდენიმე სკიტელი მამა მოიყვანეს, მაგრამ მათ ვერ მიცნეს. მაშინ კეთილმა ადამიანებმა გაიხსენეს: „ეს პროკოფის შვილია, მონაზონი, რომელიც აბბა ესაიასთან ცხოვრობდა". მამებმა მათ განუცხადეს: „გამოიჩინეთ სიყვარული და ის სკიტში დააბრუნეთ". ჩემმა კეთილისმყოფელებმა მონახეს ჩემი გამცილებელი, შემიკრეს ხელ-ფეხი, შემომსვეს აქლემზე და სავანეში გამგზავნეს. სკიტის მამები ტაძარში შეიკრიბნენ, ღამისთევით მსახურება აღასრულეს, ჩემთვის ილოცეს, ზეთი მაცხეს მთელ სხეულზე და ჩემგან ეშმაკი განდევნეს, თუმცა მიუხედავად განკურნებისა, ჭრილობები და ნაწიბურები კარგა ხანს მტანჯავდნენ. შემდგომ ამისა, მე, უღირსმა და ცოდვილმა, დაწვრილებით ვუამბე მამებს, რაც კი თავს გადამხდა, მათ ჩემი გასაჭირი გავუმხილე და შევევედრე, რომ მოეღოთ მოწყალება და ბერი ჩემთან შეხვედრაზე დაეყოლებინათ, რათა მის წინაშე ჩემი ცოდვები მომენანიებინა და დემონების მოქმედებით კიდევ არ ჩავვარდნილიყავი განსაცდელში. მამებმა ჩემთან აბბა ესაიას მოწაფე, მამა პეტრე მოიყვანეს. როდესაც მან მწოლიარე მნახა და ჭრილობებითა და ნაწიბურებით დაფარული ჩემი სხეული იხილა (უნდა აღვნიშნო, რომ მამებმა, მასში მეტი სიბრალულის აღსაძვრელად, სახვევები მომხსნეს და ჭილოფზე შიშველი დამაწვინეს), ზედ დამემხო და მის ცრემლებსა და მოთქმა-გოდებას დასასრული აღარ უჩანდა. მე მთლიანად ვცახცახებდი და მისთვის სახეში შეხედვასაც ვერ ვბედავდი. შემდგომ ამისა, მამა პეტრემ სხვა მამებთან ერთად ჩემთან აბბა ესაია მოიყვანა. როდესაც ჩემკენ მომავალი ბერი ვიხილე, შევღაღადე: „ღვთის მონავ! მომიტევე და შემიწყალე მე, ცდუნებული დემონისაგან. ნუ მიმცემ სულისდამღუპველ მტერს სრული სიხარულისთვის! უკვე საკმარისად ვიტანჯე და სამართლიანადაც დავისაჯე". აბბა აქვითინდა, შემდეგ კი მითხრა: „შვილო, გააცნობიერე, რომ დაცემაა ამაყთა ხვედრი?" „გავაცნობიერე, მამაო, გავაცნობიერე იმით, რაც შემემთხვა და ვისწავლე იმით, რაც გადავიტანე. ვირწმუნე, რომ უფალი ყველას სამართლიანად მიაგებს მათივე საქმეებისამებრ!" ბერმა პირჯვარი გადამსახა და განაცხადა: „დაე, ყოველივეს შემქმნელმა ღმერთმა მოგიტეოს წარსული და გამოგისწოროს მომავალი". მე ჭილოფზე დამაწვინეს და სენაკში წამიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ უფლის მადლითა და ბერის ლოცვებით სრულებით განვიკურნე. აღსრულდა ჩემზე სიტყვები: „... ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწვნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს" (ფს. 31, 9) და კიდევ: „მრავალ გუემა არიან ცოდვილთათვის" (ფს. 31, 10).

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) 

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი" 


 


უკან დაბრუნება