მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > მონაზონი, რომელიც სამი წელი ებრძოდა ვნებას, მისგან მხოლოდ მაშინ გათავისუფლდა, როცა აბბა ზენონს სული გადაუშალა; ერთი წლის შემდეგ კი ბერის რწმენაში დაეჭვებულმა მისი გამოცდა განიზრახა, მაგრამ ის აბბას სიტყვებმა გამოაფხიზლა
მონაზონი, რომელიც სამი წელი ებრძოდა ვნებას, მისგან მხოლოდ მაშინ გათავისუფლდა, როცა აბბა ზენონს სული გადაუშალა; ერთი წლის შემდეგ კი ბერის რწმენაში დაეჭვებულმა მისი გამოცდა განიზრახა, მაგრამ ის აბბას სიტყვებმა გამოაფხიზლა19-11-2019, 18:57 |
ერთხელ, როდესაც აბბა ზენონის მეზობლად მცხოვრებ ბერს ვესაუბრებოდით, ჩვენ მას ვკითხეთ: „თუკი ვინმეს ცოდვილი გულისთქმა აწუხებს და ის მამათაგან გაგონილით ანდა წაკითხულით ცდილობს მის აღმოფხვრას, მაგრამ ვერ ახერხებს, უნდა აღიაროს ეს რომელიმე ბერთან თუ მხოლოდ სინდისის ქენჯნით დაკმაყოფილდეს?" ამაზე ბერმა გვიპასუხა: „აუცილებლად უნდა ჩააბაროს აღსარება რომელიმე ბერს. მაგრამ ისეთს, რომელსაც მისი დახმარება ძალუძს. მხოლოდ თავის თავს არასდროს უნდა დაეყრდნოს, რადგან ვნებებთან მებრძოლს საკუთარი თავისათვის სარგებლის მოტანა არ შეუძლია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ვნება მთლიანადაა მას დაუფლებული. სიყმაწვილისას მსგავსი რამ მეც შემემთხვა. ჩემი სული ისეთმა ვნებამ შეიპყრო, რომ მე მის წინაშე დამარცხებული აღმოვჩნდი. აბბა ზენონის შესახებ მსმენოდა, რომ მისი შეწევნით მრავალს მიუღია კურნება, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ბერთან წავსულიყავი და მისთვის გამემხილა, რაც ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ გულისთქმა მაბრკოლებდა და ჩამჩურჩულებდა: „შენ თავადაც ხომ იცი, რა უნდა მოიმოქმედო?! მოიქეცი წაკითხულის შესაბამისად და ბერსაც ნუღარ აცდუნებ". როგორც კი წასვლას გადავწყვეტდი, ბრძოლები თითქოს მიამდებოდა და მეც მაშინვე უკუვაგდებდი ხოლმე ჩემს განზრახვას. შემდგომ ამისა, უფრო მეტად ვეფლობოდი ვნებებში და ისევ ბერთან წასვლის სურვილი მეძალებოდა, მაგრამ ბოროტი ისევ მაცდუნებდა და ხელს მიშლიდა, რომ ჩემი გულისთქმები მეღიარებინა მასთან. მრავალჯერ მივსულვარ ბერთან, მაგრამ შემდეგ მიფიქრია, რომ თავადაც კარგად ვიცოდი ამ ბრძოლებისაგან განკურნების საშუალება. „რა საჭიროა, რომ ვინმეს შენ შესახებ გაუმხილო?" - ჩამძახოდა გულისთქმა, რომელსაც მტერი მინერგავდა, რათა ჩემი ვნებები არ გამეცხადებინა და კურნება არ მიმეღო. აბბა ზენონი ჭვრეტდა, რომ გულს რაღაც მიმძიმებდა, მაგრამ არ მამხილებდა, არამედ იცდიდა, რომ მის წინაშე ყოველივე თავად მეღიარებინა. ის მადლმოსილი ცხოვრებისათვის მმოძღვრავდა და შემდეგ მშვიდობით მისტუმრებდა. როდესაც შინ ვბრუნდებოდი, ძლიერი მწუხარება მიპყრობდა და ჩემ თავს ცრემლებით ვსაყვედურობდი: „ჩემო წყეულო და შეჩვენებულო სულო, როდემდე უნდა უკუაგდო კურნება? ბერთან კურნების მისაღებად შორიდანაც კი მოდიან, შენ კი, რომელსაც ექიმი გვერდით გყავს, თავი ვერ მოგითოკავს და სრულებით არ ცდილობ განკურნებას". ერთხელაც გულანთებული წამოვხტი და საკუთარ თავს განვუცხადე: „წავალ ბერთან და თუკი მასთან არავინ იქნება, ეს ჩემთვის ნიშანი იქნება უფლისაგან, რომ აბბა ზენონს აღსარება უნდა ჩავაბარო". ასეთი გადაწყვეტილებით მივედი ბერთან და მოხდა ისე, რომ მასთან მართლაც არავინ დამხვდა. აბბამ, როგორც ყოველთვის, სულის ცხონებისა და იმის შესახებ დამიწყო საუბარი, თუ ვინ როგორ უნდა განიწმინდოს უწმინდური გულისთქმებისგან. მე იმჯერადაც სირცხვილმა დამამარცხა და რადგან ისევ ვერ შევძელი, რომ ჩემი ცოდვები მეღიარებინა, ბერს გაშვება ვთხოვე. აბბა ზენონმა ლოცვა აღავლინა და გაცილებისას ჩემზე წინ გაემართა კარისაკენ, მე კი, გატანჯული ფიქრებით - გამემხილა თუ არ გამემხილა მისთვის ჩემი ცოდვილი გულისთქმები - უკან მივყვებოდი ბერს. აბბა ხედავდა რა, რომ ფიქრებმა დამქანცეს, ჩემკენ შემობრუნდა, მკერდზე ხელით შემეხო და განმიცხადა: „რა ხდება შენს თავს? მეც ადამიანი ვარ". როდესაც ბერმა ეს სიტყვები წარმოთქვა, თითქოს უეცრად გული გამეხსნა, იმ წამსვე მის ფერხთით დავეცი და შენდობა ვითხოვე. „რა დაგემართა?" - მკითხა მან. „შენ ხომ კარგად იცი, რითაც ვიტანჯები", - მივუგე მე. აბბამ ამაზე განმიცხადა: „შენ თავადვე უნდა შეიმსუბუქო საკუთარი სულის მდგომარეობა". მაშინ მე დიდი სირცხვილით ვაღიარე ჩემი ვნებების შესახებ. „რისი გრცხვენია? - მითხრა აბბამ, - მითხარი, განა მეც ადამიანი არ ვარ? შენ ხომ სამი წლის განმავლობაში დადიოდი ჩემთან, რათა შენი გულისთქმები გეღიარებინა?" მე მას ფეხებში ჩავუვარდი და შევევედრე: „შემიწყალე, ღვთის გულისათვის და მასწავლე, თუ როგორ მოვიქცე". „წადი, შენი ლოცვები გააძლიერე და აუგი არავისზე წარმოთქვა", - მითხრა ბერმა. მე ასეც მოვიქეცი, დავბრუნდი სენაკში, ლოცვითი ღვაწლი გავაძლიერე და ქრისტეს მადლითა და აბბა ზენონის ლოცვითი შეწევნით მტანჯველი ვნებისაგან გავთავისუფლდი. განვლო ერთმა წელმა და გამოჩნდა გულისთქმა, რომ შეიძლება უფალმა თავისი მადლით შემიწყალა და არა ბერის ლოცვების გამო. მე აბბასთან წავედი, რათა გამომეცადა, მასთან განვმარტოვდი, თავი მოვუხარე და ვუთხარი: „აბბა! გთხოვ, ილოცე ჩემი გულისთქმის გამო, რომელიც შარშან გაგიმხილე". ბერმა წამოდგომის ნება მაშინვე არ მომცა, მუხლმოყრილი დამტოვა, მცირე ხნით დადუმდა და განმიცხადა: „წამოდექი და რწმენა იქონიე!" როდესაც მისი სიტყვები მოვისმინე, იმდენად შემრცხვა, რომ სურდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავვარდნილიყავი. მე წამოვდექი, თუმცა ვერ გავბედე, რომ მისთვის შემეხედა და გაოგნებული დავბრუნდი ჩემს სენაკში.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |