მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > ორმა ნათლითმოსილმა ჭაბუკმა ღვთისმოსავი მგზავრები სიკვდილის წინ აზიარა

ორმა ნათლითმოსილმა ჭაბუკმა ღვთისმოსავი მგზავრები სიკვდილის წინ აზიარა


9-11-2020, 00:02

 

 

   ორმოცი წლის წინ ერთ-ერთ სასულიერო ჟურნალში ერთი მწირის მოთხრობა დაიბეჭდა: „ერთხელ, ზამთარში, ღამის გასათევად ერთ ფუნდუკში გავჩერდი. დიასახლისი ვახშმით გამიმასპინძლდა და დასაძინებლად ფიცარნაგი მომიმზადა. როდესაც დავწექი, შევამჩნიე, რომ მეზობელ ოთახში გასასვლელი კარის თავზე ფანჯარა იყო. იქიდან ყველაფერი გარკვევით ჩანდა, რაც იმ ოთახში ხდებოდა. ცოტა ხანში სახლის კარზე დააკაკუნეს და მე დავინახე, როგორ შევიდნენ ოთახში ასაკოვანი, კარგად ჩაცმული მამაკაცი და ახალგაზრდა ჭაბუკი, რომელიც ალბათ მისი ვაჟი იყო. მგზავრებმა ივახშმეს, შემდეგ ლოცვად დადგნენ და დიდხანს და გულისხმიერად ილოცეს. ბოლოს, როგორც იქნა დასაძინებლად დაწვნენ და მეც ჩამეძინა. შუაღამისას თითქოსდა ძლიერმა ბიძგმა გამომაღვიძა და მეზობელ ოთახში ორი ნათლითმოსილი ჭაბუკი ვიხილე. ერთი მღვდლის სამოსით იყო შემოსილი, მეორე - დიაკვნის. დავინახე, რომ მღვდელმა, რომელსაც ხელში ბარძიმი ეჭირა, დიაკვანს მძინარე მამაკაცზე მიუთითა და უთხრა: „წამოაყენე და ვაზიარებ". მღვდელმა მამაკაცი აზიარა და ახლა საწოლზე პირქვე მწოლიარე ჭაბუკზე მიუთითა: „გადმოაბრუნე და ეგეც წამოაყენე". როდესაც ისიც აზიარა, ხილვა დასრულდა. გარიჟრაჟზე საშინელი გრუხუნი შემომესმა და ძლიერ შემაზანზარა. როგორც მერე გავარკვიე, მეზობელ ოთახში მოძველებული ჭერი ყოფილა, ის უცაბედად ჩამოინგრა და მამა-შვილი ქვეშ მოიყოლა. ამ მგზავრების ნეტარი გაყვანა წუთისოფლიდან წინასწარ იყო მომზადებული მათი მომავალი ნათელი ცხოვრებისათვის. ადამიანის ცხოვრების მიხედვით უფალი ხშირად ამზადებს გზას წუთისოფლიდან მარადიულ ცხოვრებაში მის გადასაყვანად.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება