მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა პახუმი ათონელმა მოწამეობრივი აღსასრული უსაზღვრო სიხარულის განცდითა და ურყევი სიმტკიცით მიიღო
წმინდა პახუმი ათონელმა მოწამეობრივი აღსასრული უსაზღვრო სიხარულის განცდითა და ურყევი სიმტკიცით მიიღო2-03-2020, 00:02 |
როდესაც ღირს პახუმის აცნობეს, რომ თურქეთის მთავრობამ მისი მოკვდინება გადაწყვიტა, მან ღმერთს დიდება აღუვლინა და ამ ამბავს გამოუთქმელი სიხარულის განცდით შეხვდა. წმინდანმა მთელი ღამე ლოცვით ღვაწლში გაატარა და როდესაც დილით საბოლოო განაჩენის გამოსატანად სასამართლოს წარუდგინეს, მან ისევ ძველებური შეუპოვრობით აღიარა და ადიდა ქრისტე, რის გამოც სიკვდილი მიესაჯა. როდესაც წმინდა მამა დასასჯელად მიჰყავდათ, უკან უამრავი ქრისტიანი და თურქი მიჰყვებოდა. ურჯულოები აფურთხებდნენ და შეურაცხყოფდნენ, ქრისტიანები კი იმიტომ მისდევდნენ, რომ მისი ნეტარი აღსასრული ეხილათ. როდესაც განაჩენის აღსრულების ადგილს მიაღწიეს, გულში მდუმარედ ყველასთვის მლოცველმა პახუმიმ მუხლი მოიყარა. ჯალათი, რომელსაც მისთვის თავის მოკვეთა არ სურდა, დაჩოქილს ჩურჩულით ემუდარებოდა, რომ მას თავისი სიცოცხლე არ დაეღუპა, განდგომოდა ქრისტეს და დამტკბარიყო მიწიერი ნეტარებით, რომელსაც მუჰამედი და მისი მსახურები სთავაზობდნენ. „აღასრულე, რაც გიბრძანეს და დროს უქმად ნუღარ დაკარგავ," - შეუძახა პახუმიმ და წმინდა თავი ტანჯვის საკვირველად დამთმენი ნეტარი მამისა მოკვეთილ იქნა. ასე მიიღო წმინდა პახუმიმ მოწამის გვირგვინი. სამი დღის შემდეგ მისი წმინდა ნაწილები ქრისტიანებმა მიწას დიდი პატივით მიაბარეს.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |