მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > განსჯა და განკითხვა (პატერიკი)

განსჯა და განკითხვა (პატერიკი)


30-10-2019, 22:17


 

აბბა აღათონი ყოველთვის თავს არიდებდა განკითხვას

 

   როდესაც აბბა აღათონი სხვის რაიმე ქმედებას ხედავდა და აზრები განკითხვისაკენ უბიძგებდა, თავის თავს შემოუძახებდა: „აღათონ, შენც იგივე არ ჩაიდინო", და ამგვარად მისი გონება წყნარდებოდა.

 

 

 

ბერმა დაუდევარ ძმას შეხედა და გაიფიქრა: „როგორც ის სცოდავს დღეს, ისე შევცოდავ მე ხვალ" - და ამგვარად განერიდა განკითხვას

 

   როდესაც ერთმა წმინდა მამამ ძმა დაუდევარ ქმედებებში იხილა, მწარედ ატირდა და თავის თავს უთხრა: „ვაიმე, უბედურს! როგორც ეს ძმა სცოდავს დღეს, ხვალ მეც ასევე შევცოდავ". შემდეგ თავის მოწაფეს მიუბრუნდა და დასძინა: „შენ თვალწინ როგორი ცოდვითაც არ უნდა დაეცნენ, არ განიკითხო და გულში ჩაიდე, რომ შენ მასზე მეტად სცოდავ, თუნდაც რომ ის ერისკაცი იყოს. გამონაკლისია ღვთის მგმობელობა, რომელიც ერესს სჩვევია".

 

 

 

 

როდესაც აბბა ისაიამ ძმა ცოდვაში იხილა, გაიფიქრა: თუკი მას უფალი შეუნდობდა, თავად ვინ იყო, რომ ემხილებინა

 

   ერთხელ აბბა ისაიამ იხილა, რომ ძმა უმძიმესი ცოდვით სცოდავდა. წმინდა მამამ ის არ ამხილა, ხოლო თავის თავს განუცხადა: „თუკი უფალი, რომელმაც ის შექმნა და რომელიც მას მუდამ ხედავს, მოწყალეა მისდამი, მაშინ მე ვინ ვარ, რომ ის ვამხილო?"

 

 

 

 

დაცემული ძმის განსასჯელად შეკრებილ ძმებთან აბბა მოსე კალათით მივიდა, საიდანაც ქვიშა იყრებოდა

 

   ერთხელ სკიტში ერთი ძმა ცოდვით დაეცა. ძმები შეიკრიბნენ და აბბა მოსეს მოუხმეს, მაგრამ მან მისვლა არ მოისურვა. მაშინ მასთან ხუცესი მივიდა და განუცხადა: „წამოდი, კრებაზე გელიან". აბბა, აიღო ძველი, გაფუჭებული კალათი, ქვიშით აავსო და ძმებისაგან გაემართა. მის შესახვედრად გამოსულმა ძმებმა ბერს ჰკითხეს: „მამაო, ეგ რას ნიშნავს?" აბბამ მიუგო: „ეს ჩემი ცოდვები იპნევა ჩემ უკან, თუმცაღა მე მათ ვერ ვხედავ, აქ კი სხვისი ცოდვების განსასჯელად მოვედი". ბერის სიტყვების შემდეგ ძმებმა ცოდვით დაცემულ ძმას არარაფერი უთხრეს და ყოველივე მიუტევეს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება