მთავარი > სინანული, მთავარი გვედის ფოტო > ეპისკოპოსმა მომაკვდინებელი ცოდვა ტაძარში საჯაროდ აღიარა და მოითხოვა, რომ ყველა იქ მყოფს ის ფეხქვეშ გაეთელა, ამგვარი სიმდაბლის გამო უფალმა მას ყოველივე მიუტევა
ეპისკოპოსმა მომაკვდინებელი ცოდვა ტაძარში საჯაროდ აღიარა და მოითხოვა, რომ ყველა იქ მყოფს ის ფეხქვეშ გაეთელა, ამგვარი სიმდაბლის გამო უფალმა მას ყოველივე მიუტევა8-06-2020, 15:06 |
ერთ ქალაქში იყო ეპისკოპოსი, რომელიც ეშმაკის მანქანებით მომაკვდინებელი ცოდვით დაეცა. ძლიერი სინანულით შეპყრობილმა, იმისათვის, რომ ცოდვათა მიტევება მიეღო, გადაწყვიტა საჯაროდ წარმოთქვა აღსარება. იმ დროს, როდესაც ტაძარში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, ტაძრის შუაგულში დადგა და თავისი ცოდვა ყველას წინაშე საჯაროდ აღიარა. ამის შემდეგ, მიიჩნია რა თავი უღირსად წმინდა საეპისკოპოსო ხარისხისა, განიმოსა, ომოფორი ტრაპეზზე დადო და ხალხს განუცხადა: „მომიტევეთ, მე ამიერიდან ვეღარ შევძლებ თქვენს ეპისკოპოსობას". როცა იქ მყოფებმა თავიანთი მწყემსის დიდი მორჩილება და გულწრფელი სინანული იხილეს, ტირილით წამოიძახეს: „დაე, შენი ცოდვა ჩვენზე იყოს, მამაო, ოღონდაც ნუ მოგვაკლებ შენს წინამძღოლობას". დიდხანს ევედრებოდნენ ისინი თავიანთ მეუფეს. მაშინ, ერთი მხრივ, თავისი სამწყსოს მუდარით შეძრულმა და მეორე მხრივ, თავისი ცოდვის ღვთის წინაშე გამოსყიდვის მსურველმა ეპისკოპოსმა, შესძახა: „რადგან ასე გსურთ ჩემი დარჩენა, იყოს თქვენი ნება, მხოლოდ ერთი პირობით, შემპირდით, რომ უთქმელად შეასრულებთ იმას, რასაც ახლა მოვითხოვ". მრევლი დაპირდა მორჩილად აღესრულებინა მისი ბრძანება. მაშინ ეპისკოპოსმა მოითხოვა, რომ ტაძრის კარი ჩაერაზათ და განაცხადა: „იცოდეთ, მას არ ექნება წილი ღმერთთან, ვინც ახლა ფეხქვეშ არ გამთელავს". ამის შემდეგ ეპისკოპოსი ძირს გაწვა, შეშფოთებულმა ხალხმა კი, ეშინოდათ რა მისთვის მიცემული სიტყვის გატეხვისა, მას ფეხით გადაუარა. და იცით რა მოხდა? როდესაც მონანულ ეპისკოპოსს ეკლესიაში მყოფმა ბოლო ადამიანმაც დაადგა ფეხი, ზეციდან ხმა გაისმა: „მისი უსაზღვრო თავმდაბლობის გამო მივუტევე მას ცოდვა!" ეს ხმა ყველამ მოისმინა და ადიდა უფალი.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |