მთავარი > სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > გოგონას აღსრულების წუთს მისმა სულმა ზეცაში გაიელვა

გოგონას აღსრულების წუთს მისმა სულმა ზეცაში გაიელვა


22-10-2019, 19:11

 

   მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის აწ გარდაცვლილი მღვდელი, მამა ნიკოლოზ სმირნოვი, ძლიერ განიცდიდა თავისი ცოლის ურწმუნოებას და ამას ოჯახურ უბედურებად მიიჩნევდა. მათ შეეძინათ ქალიშვილი, მარია. გოგონა სულითაც და გარეგნობითაც ანგელოზის სადარი იყო. ხუთი წლის ასაკიდან მარია მამას წუთითაც არ შორდებოდა, მამასთან ერთად ლოცვა, ტაძარში სიარული და მის მსახურებებზე დასწრება მისთვის უსაზღვრო სიამოვნებას წარმოადგენდა. მამა ნიკოლოზის კეთილი საქმეები სათნოდ მოქმედებდნენ გოგონას სუფთა და უმწიკვლო სულზე. ქალიშვილი, რომელიც სულითაც და ხორცითაც თავის ასაკს აღემატებოდა, მშობლებისთვის დიდ სიხარულსა და ნუგეშს წარმოადგენდა. როდესაც გოგონა შვიდი წლის შესრულდა, უეცრად დასნეულდა. ბავშვი იწვა და სიცხისგან იწვოდა. მაშინვე მოუხმეს ექიმს, რომელმაც განაცხადა, რომ მას მწვავე დიფტერია ჰქონდა. განვლო კიდევ სამმა დღემ და მკურნალმა ექიმმა მამა ნიკოლოზს მწუხარებით აუწყა, რომ გოგონა უიმედო მდგომარეობაში იყო. მღვდლის ცოლი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, ქმარი შიშობდა, რომ ის შვილის სიკვდილს ვერ გაუძლებდა. თავად კი, როგორც მღვდელი, ფიქრობდა, რომ ყველაფერი ყოველთვის ღვთის განგებით აღესრულებოდა. დადგა გოგონას აღსრულების გაუსაძლისი წუთები, რაც მისი სიკვდილისწინა აგონიით გამოიხატა. როდესაც მომაკვდავმა განადგურებული დედის სასოწარკვეთა იხილა, სითბოთი და სიყვარულით უთხრა: „დედა! არ თხოვო უფალს ჩემთვის სიცოცხლის გაგრძელება, რადგან მე მასში დავიწვები," - და სული უფალს მიაბარა. გოგონას აღსრულებისას დედამ, ღვთის განგებით, იხილა, თუ როგორ გამოეყო მის სხეულს სული და ელვის მსგავსად როგორ გაიელვა ცისკენ. ეს წუთი გახდა გადამწყვეტი დედის სულიერ ცხოვრებაში, მღვდლის ცოლი ღვთისკენ მოიქცა და ისეთი მორწმუნე გახდა, რომ ქმრის გვერდით ქალიშვილი შეცვალა, ისინი ტაძარში მუდამ ერთად დადიოდნენ და სახლშიც ერთად ლოცულობდნენ. ის მამა ნიკოლოზის ცხოვრების ჭეშმარიტი მეგზური გახდა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება