მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > უკიდურეს სიღატაკეში მყოფმა ძმამ იმპერატორთან წასვლაზე უარი განაცხადა; მან ერთი დიდებულის მონობა მოიმიზეზა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერში ის თურმე ეპარქი იყო

უკიდურეს სიღატაკეში მყოფმა ძმამ იმპერატორთან წასვლაზე უარი განაცხადა; მან ერთი დიდებულის მონობა მოიმიზეზა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერში ის თურმე ეპარქი იყო


17-10-2019, 22:07

 

   აბბა კრონოსმა გვაუწყა: „აბბა ისიდორე პელუსიოტელი გვიამბობდა, რომ მისი სინას მთაზე მყოფობისას იქ ერთი ძმა მოსაგრეობდა, რომელიც მეტად ლამაზი გარეგნობის იყო. ის ყოველთვის გაცვეთილი, საკერებლებდადებული მოკლე მანტიით შემოსილი მიდიოდა ტაძარში. ერთხელაც, როდესაც ის კვლავ თავისი ძველმანებით გამოცხადდა ძმათა წინაშე, აბბა ისიდორემ ვეღარ მოითმინა და განუცხადა: „ძმაო! ხომ ხედავ, რომ ყველა ძმა შესაბამისად შემოსილი მოდის ტაძარში, როგორც ანგელოზები და შენ რატომ ხარ ყოველთვის ასეთი სამოსით?" „აბბა! მომიტევე, მაგრამ სხვა სამოსი არ გამაჩნია". მაშინ ისიდორემ ბერი თავის სენაკში მიიწვია და უბოძა ლევიტონი და ყველაფერი, რაც კი სჭირდებოდა. იმ დღიდან ისიც ძმების მსგავსად იმოსებოდა და ანგელოზს მიაგავდა. მოხდა ისე, რომ რაღაც საქმესთან დაკავშირებით საჭირო შეიქნა ათი ძმის წარგზავნა იმპერატორთან. წარსაგზავნთა რიცხვში ის ძმაც აღმოჩნდა. როდესაც მოსაგრემ ამის შესახებ შეიტყო, ძირს დაემხო და ძმებს შეევედრა: „მომიტევეთ, ღვთის გულისათვის! მე ერთ-ერთი იქაური დიდებულის მონა გახლავართ. რომ მიცნოს, გამხდის ანაფორას და ისევ თავისთან მსახურებას მაიძულებს". მამებმა მისი ნათქვამი ირწმუნეს და თავი ანებეს. შემდგომში კი ერთი სტუმრისგან შეიტყვეს, რომ ერში ის დიდი ჩინის მქონე - ეპარქი იყო (ოლქის მმართველი). ძმებს კი იმიტომ დაუმალა ამის შესახებ, რომ სურდა უცნობად დარჩენილიყო და ხალხში მითქმა-მოთქმისათვის თავი აერიდებინა. აი, ასე ძლიერ უფრთხოდნენ მამები ერის დიდებასა და ამქვეყნიურ სიკეთეებს".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება