მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > აბბა პიორი ძმის ცოდვის განსახილველად მოწვეულ კრებაზე მივიდა და ძმები თავისი ქმედებით დამოძღვრა

აბბა პიორი ძმის ცოდვის განსახილველად მოწვეულ კრებაზე მივიდა და ძმები თავისი ქმედებით დამოძღვრა


14-10-2019, 00:02

 

   ერთხელ სკიტში ერთ-ერთი ძმის ცოდვით დაცემასთან დაკავშირებით ძმები შეიკრიბნენ. მამები საუბრობდნენ, აბბა პიორი კი მდუმარედ იჯდა. შემდეგ ადგა, გარეთ გავიდა, გუდა ქვიშით აავსო და ზურგზე შემოიდო, კალათაში კი ცოტაოდენი ქვიშა ჩაყარა, ხელში დაიჭირა და ძმებთან შებრუნდა. მისი ქმედებით გაოცებული მამები აბბას ჩაეკითხნენ: „რას ნიშნავს ეს?" ღირსმა მამამ უპასუხა: „გუდაში რომ ქვიშაა, ჩემს ცოდვებს ნიშნავს. ისინი ბევრია, მაგრამ ზურგს უკან მაქვს მოგდებული, რათა ვერ დავინახო და მათ გამო არ ვიგლოვო. კალათაში მცირე ქვიშა კი ძმის ცოდვებია, რომლებიც ჩემ წინ მიჭირავს, ვუმზერ, განვიხილავ მათ და განვიკითხავ ძმას. არადა, ამგვარად არ უნდა ვიქცეოდე! სჯობს, რომ ჩემ წინ ჩემს ცოდვებს ვხედავდე, ვგლოვობდე მათ გამო და ღვთისგან შეწყალებას ვითხოვდე!" მამებმა ეს რომ მოისმინეს, წამოდგნენ და განაცხადეს: „აი, ესაა ჭეშმარიტი გზა ხსნისა!"

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"



უკან დაბრუნება