მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ამაოდმეტყველება (პატერიკი)

ამაოდმეტყველება (პატერიკი)


30-09-2019, 23:28


 

აბბა სისო ოცდაათი წელი ლოცულობდა იმისთვის, რომ ენით არ შეეცოდა

 

   ერთხელ აბბა სისომ განაცხადა: „დამიჯერეთ, უკვე ოცდაათი წელია ღმერთს ვევედრები: „უფალო იესო! დამიფარე ჩემივე ენისაგან!" თუმცაღა დღემდე ყოველდღიურად საკუთარი ენით ვცოდავ და ვეცემი".

 

 

აბბა მაკარი დიდი ძმებს მოძღვრავდა, რომ ისინი მრავალსიტყვაობას მორიდებოდნენ

 

   აბბა მაკარი დიდმა სავანეში შეკრებილ ძმებს ერთმანეთთან გამომშვიდობებისას მიმართა: „ძმებო, გაიქეცით!" ამის გამო ერთ-ერთმა ბერმა წმინდა მამას ჰკითხა: „ამ უდაბნოზე შორს სად გავიქცეთ?" აბბამ თითი პირთან მიიტანა და უთხრა: „ამისგან გაიქეცით".

 

 

ტაძრისაკენ მიმავალი აბბა ამმო მოწაფეს თავის გვერდით სიარულს უშლიდა, რადგან ფუჭსიტყვაობის ეშინოდა

 

   აბბა ამმოს შესახებ გვიამბობდნენ: როდესაც ის ტაძარში მიდიოდა, მოწაფეს თავის გვერდით სიარულის უფლებას არასდროს აძლევდა. მკაცრად აფრთხილებდა, რომ მისგან მოშორებით ევლო და თუკი ის მოძღვარს რაიმეს საკითხავად მიუახლოვდებოდა, საჩქაროდ პასუხობდა, კვლავ გაცლას უბრძანებდა და ეუბნებოდა: „მე იმიტომ არ გაძლევ ჩემ გვერდით სიარულის უფლებას, რომ ჩვენს სულის საცხონებელ საუბარში ამაოდმეტყველება არ შეგვეპაროს".

 

 

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) 

 

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი" 


უკან დაბრუნება