მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ (ნაწილი 2) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ (ნაწილი 2) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე17-02-2021, 16:40 |
1) მეოთხე მუხლი ბრძანებს: „დაუშვებელია ბავშვის წამება, არაადამიანური, დამამცირებელი ან სასტიკი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი დასჯის ღონისძიებების გამოყენება (მუხლი 4. 2). ცხადია, ყოვლად მიუღებელია ბავშვებისადმი არაადამიანური, სასტიკი, დამამცირებელი მოპყრობა. იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ საჭიროა ზომიერება როგორც სიმკაცრის, ისე ალერსის დროს, რომ ბავშვის დასჯა არ უნდა განხორციელდეს მრისხანების ვნებით, ეგოიზმით, არამედ დანაშაულის (ცოდვის) არსის წარმოჩენით, რათა აღსაზრდელმა გაიაზროს ცოდვის, დანაშაულის სიმძიმე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იგრძნოს მრისხანების ვნებით გამოწვეული სიმკაცრე თუ სისასტიკე. თუკი დასჯა ზემოთ მითითებული წესითაა განხორციელებული, ბავშვი იგრძნობს მშობლის (აღმზრდელის) სიყვარულს მისდამი და ამა თუ იმ ფორმით ზომიერად გამოხატულ დასჯის მნიშვნელობასაც და ის (ბავშვი) არავითარ შემთხვევაში არ იგრძნობს თავს დამცირებულად თუ შეურაცხყოფილად. მაგრამ კანონი არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება „დამამცირებელი დასჯის ღონისძიებაში". იქნებ უბრალოდ ხმამაღლა მკაცრად ნათქვამი კანონმა დანაშაულად და „დამამცირებელ" გარემოებად მიიჩნიოს?! როდესაც ბავშვს კანონი ამგვარად წაახალისებს, იქნებ სულ მცირე შენიშვნაზეც „უჩივლოს" მშობელს და შემდეგ ვინ უწყის როგორ დასრულდება „სასამართლო პროცესი"? კიდევ ერთი: თავად წმინდა წერილი და წმინდა მამები პირდაპირ ნებას აძლევენ მშობელს, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ დასჯის მკაცრი ფორმები. არ ვიტყვით, რომ აუცილებელია დასჯის ამ სახეობის გამოყენება, მაგრამ ბიბლიის სიტყვებს ვციტირებთ: „ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში, გვერდები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენს მორჩილებაზე ხელი არ აიღოს" (ზირაქი 30; 11, 12). წმინდა იოანე ოქროპირი ახალგაზრდულ ასაკს აღვირახსნილ ცხენსა და მოუთვინიერებელ მხეცს ამსგავსებს: „რით შეაკავებ ცხენს, თუ არა აღვირის მოდებით? რით მოათვინიერებ ველურ მხეცს, თუ არა ჯაჭვითა და ჯოხით? მსგავსად ამისა, ახალგაზრდული ასაკისთვის საჭიროა სიმკაცრე, თითქოს აღვირი და მუქარა, თითქოს რკინის ჯაჭვი". წმინდა წერილისა და წმინდა მამათა კიდევ მრავალი გამონათქვამი შეგვიძლია მოვიშველიოთ, მაგრამ ჩვენ სულ სხვა რამ გვაინტერესებს: მართლმადიდებელი ქრისტიანი, როდესაც საკუთარი ბავშვის აღზრდის დროს მაგალითისთვის წმინდა წერილსა და წმინდა მამათა რჩევა-დარიგებებს მიმართავს და აღასრულებს ღვთის მცნებას, „ბავშვთა უფლებათა კოდექსის" თანახმად „ბრალდებული" ხდება?! 2) შემდეგ: „ბავშვთა საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინება სავალდებულოა" (მუხლი 5, 1; 5, 3). რას ნიშნავს „ბავშვთა საუკეთესო ინტერესები"? ან „ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს პირადი სივრცე, აწარმოოს პირადი მიმოწერა, მოიძიოს და მიიღოს ინფორმაცია" (მუხლი 9, 2). ძალიან ზოგადი ფრაზებია. ცხადია, ზომიერების ფარგლებში, ბავშვს უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე და პირადი მიმოწერაც და ინფორმაციის წვდომაც, მაგრამ თუ მშობელი არ არის დარწმუნებული, რა ინფორმაციასთან აქვს წვდომა ბავშვს ან ვისთან აქვს მიმოწერა, განა ეს გარემოება საფრთხის შემცველი, რისკებთან დაკავშირებული არ არის? ნუთუ ამ „კოდექსის" ავტორებმა არ უწყიან, რამდენად მძიმე, ცოდვისმიერი ინფორმაციისა და საცდურის მიღება შეუძლია მოზარდს ინტერნეტიდან, აღარაფერს ვამბობთ პირდაპირი შანტაჟის საფრთხეზე მიმოწერისა თუ საუბრისას?! ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ქრისტიანულ მორალზე ვსაუბრობთ, არამედ პოტენციურ საშიშროებაზე თვით სიცოცხლის დაკარგვისა, რომლის დაცვა „ამ კანონის" ვალდებულება უნდა იყოს. ის კი, პირიქით, პროვოცირებას ახდენს, ბავშვს, მოზარდს პოტენციურ საფრთხეს უქმნის მოჩვენებითი „მზრუნველობის" ნიღბით. „კოდექსი" პირდაპირ უკრძალავს მშობლებს საკუთარი შვილების აღზრდას, ზრუნვას მათზე, რომ გაიზარდონ ზნეობრივად ჯანსაღ, სუფთა, უბიწო მოქალაქეებად. სამაგიეროდ გვთავაზობს „აღმზრდელობითი საქმიანობა" გადავაბაროთ „გაეროს" მიერ შემუშავებული ე.წ. „ბავშვთა უფლებათა კოდექსის" აღმასრულებელ სოციოლოგებს. ეს არის ნამდვილი შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ. ადამიანებს შორის პირველი ხელმძღვანელი გახლავთ მშობელი თავისი შვილისა. ადვილი წარმოსადგენია, რა დაემართება ბავშვს მშობელთა ყურადღების გარეშე. ქრისტიანული სწავლების თანახმად, ეს „კონცეფცია", ანუ ბავშვის თავის ნებაზე მიშვება, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. დავასკვნით, რომ, „ბავშვთა უფლებათა კოდექსი" მიუღებელია: ა) სარწმუნოებრივი თვალსაზრისით - ის არ შეესაბამება წმინდა წერილისა და წმინდა მამების სწავლებას; ბ) ტრადიციული აღზრდის თვალსაზრისით - ყველა დროში ქართული ოჯახის უპირველესი საქმე იყო და არის შვილების ზნეობრივი, მორალური, ტრადიციული მეთოდებით აღზრდა; გ) და ბოლოს, თვით სამართლებრივი კუთხითაც ეს „კოდექსი" ყოველმხრივ გაუმართავი, დაუხვეწავი, ორაზროვანი, ბუნდოვანი, გაურკვეველი და საფრთხის შემცველია.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |