მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ (ნაწილი 1) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ (ნაწილი 1) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


16-02-2021, 15:53

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ (ნაწილი 1) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

შეთქმულება 3: „ბავშვთა უფლებების კოდექსი"

 

   ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ალაპარაკდნენ ბავშვთა აღზრდის ახალ მეთოდებზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანული აღზრდის სწავლებასთან. დემოკრატიის „განვითარების" ფონზე ყალიბდება აღზრდის „ახალი" სტილი, იქმნება ახალი კანონები, რომელიც იცავს ბავშვის უფლებებს მშობლებისაგან, ზოგადად აღმზრდელისაგან. მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბავშვთა აღზრდის მოქცევა ლიბერალური იდეოლოგიის ქვეშ, სადაც აღმზრდელი პოტენციურად შესაძლოა „ბრალდებულის სკამზე" აღმოჩნდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისცა მკაცრი დამსახურებული შენიშვნა აღსაზრდელს, რომლის „უფლებები" ამ დროს დაირღვა. ასეა „ბავშვთა უფლებათა კოდექსის" თანახმად. ამის შემდეგ, მშობელი ფიქრობს, ოღონდ საკუთარმა შვილმა არ მიჩივლოს სასამართლოში და, დაე, აკეთოს, რაც სურს, აღვზრდი მეგობრულად, არ მივცემ შენიშვნას და მისთ. პედაგოგი ფიქრობს, ვინმემ დიქტატორობა არ დამწამოს და მიშვებული ჰყავს გაკვეთილზე ბავშვები თავიანთ ნებაზე. ისმის კითხვა: სადამდე მიყავს ამგვარ დამოკიდებულებას აღსაზრდელი? რა შედეგს მოგვიტანს აღმზრდელობითი პასუხისმგებლობის აცილება? და ბოლოს, ვინ აგებს პასუხს თავის ნებაზე მიშვებული, გათამამებული, თავგასული ბავშვის არასწორ და შემდეგში დანაშაულებრივ ქმედებებზე?!

   მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ბავშვის, აღსაზრდელის სული საჭიროებს გონივრულ სიმკაცრეს და გონივრულ მოფერებას. ერთისა თუ მეორის დეფიციტი ან სიჭარბე თანაბრად იწვევს სულის დაზიანებას. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. მახტვარი და მოქანდაკე მხოლოდ უსიცოცხლო ქანდაკებას ქმნიან, ბრძენი აღმზრდელი კი ქმნის ცოცხალ სახეს, რომლის ცქერაც ღმერთსაც უხარია და ადამიანებსაც". ყველა წმინდა მამა, გამოცდილი ადამიანები (მოძღვრები, ფსიქოლოგები, ექიმები, პედაგოგები და ა.შ.) თანხმდებიან, რომ მხოლოდ ალერსი, ყველა სურვილების დაუყოვნებლივ შესრულება და მისთანანი ძლიერ აზიანებს მოზარდის სულს. ბავშვი, რომელმაც მხოლოდ აღება ისწავლა და გაცემა არა, რომელიც მხოლოდ სხვისი სითბოს მოხვეჭას ცდილობს, ხშირ შემთხვევაში ეგოისტი ხდება. ასევე ბავშვი, რომელიც მხოლოდ საკუთარ „უფლებებზე" ფიქრობს, ხოლო დაკისრებულ მოვალეობებზე - არა, შესაძლოა მტარვალად მოგვევლინოს და ეცადოს დაჩაგროს მასზე სუსტი, მეტიც - მოკლას კიდეც ის. მსგავსი შემთხვევები ხომ მომრავლდა, სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში.

   ამიტომ „ბავშვთა უფლებებზე" საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

   1) რა უფლებები გააჩნია ბავშვს;

   2) როგორი უნდა იყოს აღზრდა, რომ არ შეილახოს ბავშვის უფლებები და როგორ ვასწავლოთ მას სხვისი უფლებების დაფასება.

   1) დავიწყოთ იმით, რომ არაფერია ადამიანისათვის იმაზე ცუდი, ვიდრე უფლებათა უგულებელყოფა. ადამიანი, აღსაზრდელი, ვისი უფლებებიც შელახულია, კარგავს სხვათა უფლებებისადმი პატივისცემას. აღსაზრდელს, ბავშვს, ახალგაზრდას თავისი უფლებები აქვს, როგორც ადამიანსა და მოქალაქეს. ის ინდივიდუალური პიროვნებაა, გააჩნია ღვთისგან მინიჭებული საკუთარი ნიჭი, მისწრაფებები, ხასიათი. ის უთუოდ თავისი შინაგანი პოტენციალის შესაბამისად უნდა განვითარდეს და იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში. ამაზე არავინ დავობს. მას უნდა სწორად განვუმარტოთ როგორც თავისი, ასევე მოყვასის (მშობელი, პედაგოგი, კლასელი და ა.შ.) უფლებათა დაფასების შესახებ. მაგრამ იმისათვის, რომ მან პატივი მიაგოს სხვის უფლებას, აუცილებლად უნდა დავაფასოთ მისი უფლებებიც. ბავშვი ვითარდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. ის შეიგრძნობს, აკვირდება, ეცნობა სამყაროს, მას უყალიბდება ტემპერამენტი, საფეხურებრივად ანვითარებს თავის აზრებს, გემოვნებას, ინტერესებს, იძენს მეგობრებს. უფროსებთან ურთიერთობა მას ანიჭებს უფლებებს - იყოს ისეთი, როგორცი არის ბუნებით. არა ისეთი, როგორიც ეს ახირებულად სურს მშობელს, ხელმძღვანელს, არამედ ისეთი, როგორიც ის შექმნა ღმერთმა, თავისი გამორჩეული თვისებებითა და მისწრაფებებით. მაგრამ, ამავე დროს, ცხოვრება მას აკისრებს მოვალეობებსაც. აქ უკვე საჭირო ხდება გარკვეული მსხვერპლის გაღებაც, ყველანაირი სურვილი და მოთხოვნა როდია ჩვენი უფლება. საჭირო ხდება სხვისი უფლებების დაფასება და გათვალისწინება.

   წმინდა ილია მართალი გვასწავლის: „სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე და დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი..."1

   თანამედროვე კანონმდებლობა ბავშვს ცალმხრივად უვითარებს საკუთარ უფლებათა დაცვის, დაფასების სურვილს, ხოლო ის, რომ მას, ზნეობრივი და ქრისტიანული მორალის თანახმად, ევალება მშობლების, აღმზრდელების პატივისცემა, საერთოდ არ არის კანონით გათვალისწინებული.

   2) მეორე ფაქტორი: მშობლებმა, აღმზრდელებმა საყვედურის მიცემის, დასჯის დროს უნდა გაითვალისწინონ, რომ არ გავტეხოთ ან არ გავანადგუროთ ბავშვის ნება, უფლება და სრულიად არ დავუმორჩილოთ ის ჩვენს პიროვნებას. ადამიანს სჭირდება თავისი ნება, რომ გაიაროს თავისი გზა ამ ქვეყანაზე. აღზრდის პროცესში უნდა გაიმიჯნოს ცოდვა ადამიანისაგან, ანუ ბავშვის დანაშაული (თავისი ხარისხის მიხედვით) პიროვნებისაგან. არსობრივი მიზანი აღმზრდელობითი საქმიანობისა სწორედ ამაში მდგომარეობს. მრისხანების ვნებით შეპყრობილი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, შეურაცხყოფს და ამცირებს ადამიანობას საკუთარ თავში, ხოლო შემდეგ მასში, ვისკენაც მიმართულია საყვედური. შენიშნულია, რომ საყვედური მაშინაა შედეგიანი, როდესაც ხელმძღვანელი ენერგიულად წარმოაჩენს ცოდვის არსს და მისგან გამომდინარე ბოროტებას ცოდვაში მყოფის წინაშე. ამავე დროს, გულისხმიერება და კეთილგანწყობა უნდა გამოიხატოს მისდამი. სისასტიკით გამოწვეული სასჯელი და საყვედური, ვნებისა და ეგოიზმის გამოვლინება მშობელსა თუ აღმზრდელში (პედაგოგში), მომაკვდინებელად მოქმედებს აღსაზრდელის ზნეობაზე. ბავშვი, ქვეშევრდომი ამგვარად მოქმედი აღმზრდელის მიმართ პატივისცემასა და გულახდილობას კარგავს. ასეთი აღზრდის შედეგად შესაძლოა გაიზარდონ მოძალადეები, რომლებიც ეცდებიან თავიანთი მონური ბავშვობის, აღზრდის კომპენსაციას და მსგავსი ფსიქიკური ტირანიით დაესხან თავს სხვებს. თავიანთ აღმზრდელებზე (მშობლებზე, პედაგოგებზე) ქვეცნობიერად დაგროვილ წყენას ისინი გადმოანთხევენ თავიანთ ოჯახზე, თანამშრომლებზე, ზოგადად მოყვასზე.

   ასეთია ძირითადი კონტურები იმისა, თუ როგორი უფლებები და მოვალეობები აკისრია ბავშვს მშობელთან, აღმზრდელთან დამოკიდებულებაში. შევუდგეთ განხილვას სახელდობრ „ბავშვთა უფლებების კოდექსისა", რომელსაც თავს გვახვევენ, ვით ზნეობრივ ნორმას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში.

   არ შევუდგებით „ბავშვთა უფლებათა კოდექსის" დეტალურად ამ დოკუმენტს, - ვფიქრობთ, პატრიოტულად მოაზროვნე იურისტები და საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები განიხილავენ. ჩვენ „კოდექსის" რამდენიმე მუხლზე გავამახვილებთ ყურადღებას. (გაგრძელება...)

 

  

 

1წმ. ილია მართალი. მამული, ენა, სარწმუნოება. საქ. ეკლ. კალენდარი. 2006. გვ. 310

 

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება