მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - კონტრაცეფციის გამოყენების შედეგები (ნაწილი 2) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - კონტრაცეფციის გამოყენების შედეგები (ნაწილი 2) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


15-02-2021, 15:24

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - კონტრაცეფციის გამოყენების შედეგები (ნაწილი 2) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   4) გვეუბნებიან, ეფექტური კონტრაცეფცია „თავდაცვას" ისახავს მიზნადო. სინამდვილეში, ე.წ. „თავდაცვა" ბავშვის საწინააღმდეგოდაა მიმართული. პრაქტიკაში, ჩასახული ჩვილისადმი დამოკიდებულება, როგორც არასასურველი აგრესორისადმი, სულ უფრო მკვეთრი ხდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანს სურს იცხოვროს თავისი ავხორცული ვნებების ამარა, ხოლო ბავშვი ოჯახში არასასურველი, „ზედმეტი ტვირთი" გახდა, რომელიც ხელს უშლის აღვირახსნილ ცხოვრებას. ხოლო იმისათვის, რომ კონტრაცეფციის მომხმარებელი (კლიენტი) თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობდეს, შეთხზეს ზღაპრული თეორია: თითქოს ჩასახვის საწინააღმდეგო მრავალი საშუალება აქვეითებს „ოვულაციას" ქალებში, თითქოსდა ჩასახვა არ ხორციელდება. სინამდვილეში ჩასახვის საწინააღმდეგო აბი აბორტულ მოქმედებას იწვევს. ის ანადგურებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსს. ამ საშუალებათა უმრავლესობას საერთოდ არა აქვს უშუალო კავშირი ჩასახვასთან (ჩასახვისაგან თავდაცვასთან) და პირდაპირ ცოცხალი ემბრიონის მკვლელობაზეა გათვლილი. უმეტეს შემთხვევაში ისინი წამლავენ ემბრიონს.

   რაც დრო გადის, მით უფრო „სრულყოფილი" „შობადობის კონტროლის" მეთოდები და პრეპარატები მუშავდება. მედიცინის დოქტორი, ექიმი-გინეკოლოგი რუდოლფ ემანი თავის სტატიაში „ილუზია კონტრაცეფციის შესახებ" ჩამოთვლის პრეპარატებს, ჩასახული ნაყოფის მოკვდინებაზე რომ არის გათვლილი, ესენია: R4 – 486, Epostane პროსტაგლანდინით, რაც არსობრივად არაქირურგიული აბორტი გახლავთ, თუმც შემოთავაზებულია აბორტების შემცირების საბაბით. უკვე შექმნილია და გამოიყენება ინექციები „ბავშვის წინააღმდეგ" (ინსპექციური მიკროსფეროები - ნორეტინდრონი, დეპოპროვერა - მედროფსიპროგესტერინი, ნორეტისტრერონ - ენ ანტატ - НЭТ, ასევე იმპლანტანტები, როგორებიცაა ნორპლანტ-ლევონორგესტროლი), რომლებიც ოვულაციის დაქვეითებისა და სპერმატოზოიდების მოძრაობის დაშლის გარდა, იწვევენ ატროფირებად ცვლილებებს - ენდომეტრიასა და უდროო ლუთეოლიზმს, რაც ადრეული აბორტული მოქმედება გახლავთ.

   რაც შეეხება ე.წ. „სპირალს", არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) წერს: „ამ შემთხვევაშიც იმავე სიცრუეს ვაწყდებით. სპირალი ჩასახვას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ უკვე განაყოფიერებული უჯრედის - ებრიონის მოძრაობას. ქრისტიანული ანთროპოლიგიის ენით რომ ვთქვათ, ამ დროს ხდება მკვლელობა ადამიანისა, რომელსაც უკვდავი სული აქვს, მაგრამ მისი სხეული ჯერ არ არის განვითარებული. ის კარგავს იმ სასიცოცხლო გარემოს, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის და რამდენიმე დღეში იღუპება. თუკი ემბრიონი, სპირალის მიუხედავადაც, მაინც შეაღწევს დედის სხეულში, მაშინ სპირალი სწორედ იმას ემსახურება, რომ მოწყვიტოს იგი და გარეთ გამოაგდოს. ხდება მკვლელობა, რომლის შესახებაც შესაძლოა არაფერი იცოდეს ქალმა. მის სხეულში მექანიკური ან ქიმიური საშუალებით კვდება ცოცხალი ნაყოფი და შემდეგ მენსტრუაციასთან ერთად გამოიდევნება ორგანიზმიდან. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები უმეტეს შემთხვევაში მინიაბორტს იწვევენ და ამ მხრივ სხვა მკვლელობებისაგან არაფრით განსხვავდებიან".

   ასე რომ, მხოლოდ ღმერთმა უწყის რამდენი მინიაბორტი ხორციელდება ქალებში, რომლებიც ჰორმონალურ კონტრაცეფციასა და ე.წ. „სპირალს" იყენებენ.

   5) გარდა ამისა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები დამღუპველად მოქმედებენ ქალის ჯანმრთელობაზე. მოგეხსენებათ, ყოველ ახალ სამედიცინო პრეპარატს გამოცდიან ხოლმე, რომ დარწმუნდნენ მის ეფექტურობასა და მეტ-ნაკლებ უსაფრთხოებაში.

   კონტრაცეფტული ჰორმონების ექსპერიმენტებს ძირითადად ე.წ. „განვითარებად" ქვეყნებზე ახორციელებენ. კონტრაცეფციის პროპაგანდისტები ირწმუნებიან, რომ ამ პრეპარატებს არანაირი უკუჩვენება არ გააჩნიათ და არ არის ჯანმრთელობისთვის მავნე. აი რას ვკითხულობთ უკუმაჩვენებელის შესახებ პროფესორ ი. მანუილოვას წიგნში „თანამედროვე კონტრაცეფტული საშუალებები", ერთ-ერთ ქვეთავში „უკურეაქციის მაჩვენებელი" ჩამოთვლილია ზოგიერთი სიმპტომი: თავბრუსხვევა, ღებინება, გასუქება, დეპრესია, ჰიპერტონია, ტრომბოფლებიტი, ნეიროდერმიტი, ფილტვების ემბოლია, უნაყოფობა. ამავე წიგნში ჩამოთვლილია აბსოლუტური უკუჩვენებები, რომელსაც მოსდევს შემდეგი დაავადებები: ტრომბოემბოლური დაავადებები, თავის ტვინის სისხლძარღვების სისტემის დაზიანება; ავთვისებიანი სიმსივნე, ღვიძლის ფუნქციების დაშლა, ცეროზი, შაქრის დიაბეტი, რევმატული პრობლემები, მენსტრუაციული ციკლის რღვევა, სისხლდენა და სხვა.

   კონტრაცეფცია ხელს უწყობს ვენერიულ დაავადებათა გავრცელებას, რაც სქესობრივი გზით გადაეცემა და „სექსუალური თავისუფლების" შედეგი გახლავთ. ამის გამო სისტემატურად იზრდება უნაყოფო ქალთა, ასევე საშვილოსნოს გარეთა ორსულობის შემთხვევები. შემდგომ ამისა კი გარდაუვალად მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას, ანუ სინჯარით ჩასახვის („in vitro”) და ემბრიონის ხელოვნურ იმპლანტაციას. ეს არის შობადობა სქესობრივი ცხოვრების გარეშე, როცა რამდენიმე განაყოფიერებული ემბრიონიდან სიცოცხლის უფლება ერთს (მაქსიმუმ სამს) ეძლევა.

   ერთიც: ორალური კონტრაცეფციის გამოყენებას პირდაპირი კავშირი აქვს შიდსის გავრცელებასთან. ზუსტადაა ცნობილი, რომ ეს საშუალებები იწვევს ავთვისებიან სიმსივნეს, ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებას, ასევე სტეროიდების განვითარებას.

   ასე რომ, მედიკოსები ზემოთაღწერილი მოღვაწეობით თავადვე ქმნიან სიტუაციას, რომელშიც კონტრაცეფცია მედიცინის ინტერესთა სფეროდ მოიაზრება. ეს იგივე ქიმიური ომია, სადაც ექიმები ქალის სხეულის წინააღმდეგ იბრძვიან. ამგვარად იკვრება ეს უზარმაზარი მოჯადოებული წრე.

   6) ორალური კონტრაცეფციის გამოყენების შედეგია შობადობის საყოველთაო შემცირება. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს ფაქტი ჩვენთვის - ქართული ეთნოსის რიცხვი კატასტროფულად მცირდება. სწორედ აბორტებისა და მინიაბორტების გამო მცირდება მოსახლეობა, ბერდება, სუსტდება და მხოლოდ აღმოსავლური ქვეყნებიდან (აფრიკა, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, თურქეთი და ა.შ.) მოზღვავებულ ემიგრანტთა რიცხვი იზრდება. ეს გარემოება ჩვენ ეთნოსსა და ზოგადად, ქრისტიანულ კულტურას უქმნის საფრთხეს, განადგურებით ემუქრება მას. არაფერს ვამბობთ ისლამური ბატონობის საშიშროებაზე.

   კონტრაცეფცია პოტენციურად ოჯახური ცხოვრების დეგრადირებისაკენ არის მიმართული. ის მორიგი შეთქმულებაა ოჯახის წინააღმდეგ.

   ამ სენისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ქორწინებამდე სიწმინდის დაცვა და ბუნებრივი მეუღლეობრივი ცხოვრებაა. ურთულესი ვითარებიდან გამოსავალი არა ეფექტური კონტრაცეფციის ძიებაში, არამედ პატიოსან მეუღლეობრივ კავშირში, ურთიერთობაში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ ოჯახის წინააღმდეგ მორიგი შეთქმულებების განხილვისას.

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება