მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - ნაყოფი ჩასახვისთანავე არ მიიჩნევა ცოცხალ არსებად (ნაწილი 1)

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - ნაყოფი ჩასახვისთანავე არ მიიჩნევა ცოცხალ არსებად (ნაწილი 1)


3-02-2021, 15:40

 

შეთქმულება 1: ნაყოფი ჩასახვისთანავე არ მიიჩნევა ცოცხალ არსებად

 

   თანამედროვე სამყაროში ძალიან მოდური გახდა საუბარი „ადამიანის უფლებებზე". ხშირად მოისმენთ, რომ ირღვევა ბავშვთა, ქალთა, უმცირესობათა (ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით) უფლებები. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საზოგადოება, როგორც იქნა, მოეგო გონს, გაიღვიძა, და შეუდგა თავისი და სხვისი უფლებების დაცვას. გამოჩნდა უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია - ყოველი მათგანი გამალებით იცავს პიროვნებას ოჯახში, სადაც მისი უფლებები უხეშად ირღვევა და ა.შ. ერთი სიტყვით, ყველა ითხოვს თავის უფლებას, რომელიც მას სამოქალაქო სამართლის მიერ კანონით აქვს მინიჭებული.

   მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს? საკითხის სიღრმისეული ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ ერთი შეხედვით, „სამართლიან" მოთხოვნებში სულ სხვა კონსტექსტი იმალება. საქმე ისაა, რომ სამოქალაქო სამართლებრივ საფუძველზე აგებული სახელმწიფოს მიზანი თითოეული პიროვნების პირადი ინტერესის, ეგოიზმის დაკმაყოფილებაა ისე, რომ არ დაირღვეს სხვისი უფლებები და ინტერესები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თანამედროვე კანონმდებლობა სამართლებრივი ნორმით, ცდილობს ადამიანის უფლებათა დაცვას, მაგრამ ის არ და ვერ ითვალისწინებს სულიერ-ზნეობრივ ნორმებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კანონი უგულებელყოფს კიდეც. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ სამოქალაქო სამართალი არა ჭეშმარიტებაზე (საეკლესიო სამართალზე, რჯულის კანონზე), არამედ ადამიანის თავმოყვარეობასა და ეგოიზმზეა აგებული.

   შევეცდებით თანმიმდევრულად განვიხილოთ, რა მიზანს ემსახურება ეს გაუთავებელი კიჟინი „უფლებებზე". იმთავითვე გავამახვილებთ ყურადღებას ადამიანის მთავარი უფლების - სიცოცხლის დაცვის უფლებაზე. დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. დაკანონებული უფლება ჩასახული ბავშვის მკვლელობაზე (12 კვირის ნაყოფის) შენიღბულია თვალთმაქცური ტერმინით - აბორტი. ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები წესით ხმას უნდა იმაღლებდნენ აბორტის წინააღმდეგ. ისინი ვალდებულნიც კი არიან დააყენონ საკითხი ჩასახული ნაყოფის უმთავრესი უფლების - მისი არსებობის, ხელშეუხებლობის შესახებ. მაგრამ... ეს უფლება მათ წაართვა „ჰუმანურმა" საზოგადოებამ.

   არსებული კანონმდებლობით დედას უფლება აქვს (თუკი იბადება არასასურველი შვილი) მოაკვდინოს ემბრიონი, რათა თავისი (დედის, ქალის) „თავისუფალი არჩევანი" იქნას სრულად დაცული. ამგვარი ცნობიერების მქონე დედაკაცი ეგოცენტრულად ფიქრობს, რომ ბავშვის გაჩენის შემთხვევაში უამრავი პრობლემა დაატყდება თავს (ჯერ ფეხმძიმობის პერიოდი, შემდეგ მშობიარობა, ჩვილის გაზრდა, უძილო ღამეები, სამსახურზე, მეგობრებთან გართობაზე უარის თქვა და მისთ.). ჩვენ სულაც არ გვსურს იმის თქმა, რომ შვილთა გაჩენა, გაზრდა და აღზრდა იოლი საქმეა. ვინ ვინ და მრავალშვილიანმა ოჯახებმა კარგად უწყით ეს ყველაფერი. მაგრამ თუკი უფლებებზე ვსაუბრობთ, მაშინ იმ ჩვილების უფლებებიც გავითვალისწინოთ, რომლებსაც არ მიეცათ სიცოცხლის უფლება. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა ადამიანს ღვთის, ოჯახისა თუ მოყვასის წინაშე უფლებებთან ერთად გააჩნია მოვალეობებიც, რომლებიც ასევე უნდა იქნას დაცული. არ არსებობს უფლება მოვალეობის გარეშე, ეს ურთიერთგადაჯაჭვული ცნებებია. საკითხის ცალმხრივმა განხილვამ შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამის პერსპექტივა უკვე ემუქრება სამყაროს, მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც. ამდენად, საკითხი მეტად მძაფრად დგას და მას ადეკვატური, სწორი, სულიერო მიდგომა სჭირდება.

   ქრისტიანული სწავლების თანახმად, ემბრიონის განაყოფიერებისთანავე, ე.ი. ჩვილის ჩასახვის წამიდანვე წარმოიშვება ცოცხალი ორგანიზმი, სულიერი არსება, რომელიც იმთავითვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია. ექსპერიმენტალურადაც, სამედიცინო კვლევებითაც დასტურდება, რომ ნაყოფი მიზნობრივად რეაგირებს გარემო პირობებზე: დედის ემოციური მდგომარეობა თავის კვალს ამჩნევს ჩვილის მომავალ ცხოვრებას.

   ღირსი ბერი პორფირი კავსაკიელი ეუბნებოდა ბავშვთა ექიმს: „გადაეცი დედებს, დაე ესაუბროს თავის შვილს მუცელში. ჩანასახი ყველაფერ ამას საიდუმლოდ გრძნობს. დაე, დიდი სიყვარულით ილოცოს მისთვის. დედის უსიყვარულობას, ნერვიულობას, მრისხანებასა და სიძულვილს გრძნობს არა მარტო დაბადებული ბავშვი, არამედ ნაყოფიც... და მის პატარა სულში ჩნდება ტრამვები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება. დედის წმინდა გრძნობები და წმინდა ცხოვრება ჩასახვისთანავე აკურთხებენ მის ჩვილს. ეს თანაბრად ეხება მამასაც".1

   ამრიგად, ჩასახული ნაყოფი განიცდის ტკივილსაც და სიხარულსაც; მას სიცოცხლე სურს, და რაც ქრისტიანისთვის ყველაზე მთავარია, მას ადამიანის უკვდავი სული გააჩნია. თუკი მისი მოკვლა „კანონით" ნებადართულია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ნაყოფის სხეული ჯერ კიდევ არ არის სრულად ფორმირებული. მაშინ ამ ლოგიკით მხცოვანთა და მძიმე სნეულთა მოკვდინების „უფლებაც" უნდა არსებობდეს (მათი სხეულიც ხომ არ არის სრულყოფილი, ისინიც ხომ არა ნაკლებ პრობლემასა თუ დისკომფორტს ქმნიან ოჯახში).

   ამდენად, სამოქალაქო სამართალი მისთვის გადაულახავი დილემის წინაშე დგას: ერთი მხრივ, ის ცდილობს დაიცვას ადამიანის იურიდიული უფლება - იყოლიოს ან არ იყოლიოს შვილი; მეორე მხრივ, ის უსასტიკესად ეპყრობა ჩასახულ ჩვილს, რომლის „ბრალეულობა" იმაში მდგომარეობს, რომ მას არ მიეცა გაზრდისა და განვითარების უფლება, რომ ამ პაწაწკინტელა ადამიანის ფიზიოლოგია ჯერ ზრდადაუსრულებელია, რომ ის, ჯერ არ აღიქმება ცოცხალ არსებად და ა.შ.

   აქ ჩნდება სამართლიანი შეკითხვა, მაინც როდის იღებს ნაყოფი სულს, როდიდან მიიჩნევა ნაყოფი „უფლებამოსილად" განაგრძოს სიცოცხლე და ჩამოყალიბდეს ადამიანად?

   ამ და სხვა მრავალ მსგავს შეკითხვაზე პასუხის მისაღებად მეოცე საუკუნის გამოჩენილი ღვთისმეტყველის არქიმანდრიტ ეპიფანეს (თეოდოროპულოსი) ლოგიკურ მსჯელობას დავესესხებით:

   „ვიდრე პრობლემის უფრო ღრმა გააზრებას შევუდგებოდეთ, დავუშვათ, რომ ნაყოფს სული არა ჩასახვისთანავე, არამედ მოგვიანებით, „ორგანოების ფორმირების" ან უფრო სწორად „ორგანოთა სრული ფორმირების" შემდეგ ეძლევა (როცა სხეული სრულად ჩამოყალიბდება დედის წიაღში). მაგრამ ისმის კითხვა: მაინც როდის იღებს ნაყოფი სულს? „ორგანოების ფორმირება" ერთი სტადიიდან მეორეზე გადახტომით არ ხდება, იგი ძალიან ნელა „კუს ნაბიჯებით" მიიწევს წინ. დედის წიაღის კედლები მინასავით გამჭოლიც რომ იყოს და ნაყოფის თანდათანობით განვითარებას ჩასახვიდან დაბადებამდე ყოველდღე რომ ვაკვირდებოდეთ, მაინც შეუძლებელი იქნებოდა, შეგვემჩნია რაიმე სახის უცაბედი ცვლილება. ამიტომაც ბავშვის დაბადების მომენტში საგონებელში ჩავვარდებოდით: როდის მოასწრო მან ასე განვითარება?! განა დაბადების შემდეგაც ბავშვი სრულიად შეუმჩნევლად არ იზრდება? ჯერ ახალშობილს ვხედავთ, შემდეგ ჩვილს, ბავშვს, მოზარდს, ზრდასრულ ადამიანს და გვიჩნდება კითხვა: როდის გაიზარდა? ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ ადამიანის ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან მეორეში გადასვლის მომენტი. იგივე ხდება ნაყოფის განვითარების პროცესშიც. აქაც ვერ დაადგენ ამ დროს. მაინც რომელ „მაგიურ წამში" ეძლევა ნაყოფს სული? რომელ დღეს, საათს, წუთს სრულდება „ორგანოების ფორმირება"? რა ფაქტორები განსაზღვრავს ნაყოფისთვის იმ იღბლიან წამს, როცა იგი ხორცის მასიდან სულიერ არსებად გადაიქცევა? ნაყოფის განვითარების პროცესში მაინც კონკრეტულად რომელი მოვლენა იწვევს „დიდ ძვრას" და მოუხმობს ანგელოზს, რომელიც „გარდააგორებს ლოდს საფლავის კარიდან" (შეად. მათ. 28, 2) და შთაბერავს სულს ხორცის მასას, რომელიც იმ წუთიდანვე ადამიანი ხდება?!"2 (გაგრძელება...)

  

 

 

 

1წიგნ. მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა. აბორტის ცოდვა და ცოდვის მისაგები. თბ. 2012. გვ. 67.

2www.xareba.net. არქ. ეპიფანე თეოდოროპულოსი. ადამიანი ემბრიონი სულიერ არსებად ჩასახვის მომენტში იქცევა.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე  

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება