მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მრევლის მონაწილეობა განსწავლის საქმეში (ნაწილი 2)

მრევლის მონაწილეობა განსწავლის საქმეში (ნაწილი 2)


10-04-2017, 00:02

მრევლის მონაწილეობა განსწავლის საქმეში (ნაწილი 2)

 

   „მოვედი, რათა გავიხარო თქვენი სათნოებებით, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - მესმა, როგორ ებრძოდით მწვალებლებს და კიცხავდით ნათლისღების საიდუმლოს არასწორად აღსრულებისათვის. ტყუილად ხომ არ მითქვამს, რომ ქმრის შინ არყოფნისას პატიოსანი ცოლი მტკიცე წინააღმდეგობას უწევს მრუშებს, მწყემსის არყოფნისას იგერიებს მგლებს, რომ მესაჭის გარეშე მეთევზურებმა შეძლეს გემის გადარჩენა, ბელადის გარეშე გაიმარჯვეს მეომრებმა, მასწავლებლის გარეშე წარემატნენ მოწაფენი, მამის გარეშე განმტკიცდნენ შვილები? და აი, ყველგან აჯეჯილებულა ხორბალი: რამდენი ცხვარია, მგელი კი არსადაა; რამდენი თავთავია და არსად - ეკალბარდი; რამდენი ყურძენია და არსად - მელია! მტაცებელი ცხოველები აღარსად ჩანან, მგლები გაიფანტნენ. ვინ გააძევა ისინი? არა მე, მწყემსმა, არამედ თქვენ, ცხვრებმა. აი, ახოვნება ცხვრებისა! მწყემსის არყოფნისას მათ მგლები განაგდეს".43

   ასე აღფრთოვანებული ესალმება წმინდა მღვდელმთავარი თავის სამწყსოს იმისათვის, რომ მან არ შეხედა იერარქთა მაღალ ღირსებას, რომლებიც მწვალებლურ ცდომილებებს ქადაგებდნენ და ეკლესიაში ერთიანობის რღვევას იწვევდნენ; ბრმად კი არ გაჰყვა და გააიგივა მქადაგებელი სწავლებასთან, არამედ კრიტიკულად მოეკიდა მის აღმაგზნებელ საუბარს.

   ამა თუ იმ მქადაგებლის ჭეშმარიტების კრიტერიუმი კი მისი წმინდა წერილთან შესაბამისობა უნდა იყოს.44 „ვინც ეთანხმება [წმიდა წერილს], ის ქრისტიანია; ხოლო ვინც არ ეთანხმება მას, შორსაა ამ წესისაგან".45 შესაბამისად, დამღუპველ ერესში რომ არ ჩავარდეს, მრევლი ბრმად არ უნდა მიენდოს ეკლესიის მწყემსებს, მან წმინდა წერილის საფუძველზე ააგოს გარკვეული ცოდნა, რომელიც თავის საფუძველში თანახმიერი იქნება ქრისტეს ეკლესიის წინა თაობათა შემეცნებასთან.46

   არ არის საჭირო ზედმეტად გვეშინოდეს, რომ წმინდა წერილის თავისუფალი გამოკვლევა საწინააღმდეგო მიზანთან მიგვიყვანს - არა გონიერ, ძლიერ რწმენასთან, არამედ მწვალებლურ რაციონალიზმთან. წმინდა მღვდელმთავარი თამამად მოუწოდებს მრევლს წმინდა წერილის გამოკვლევისაკენ. „გაქვს, ნამდვილად გაქვს, შენც სასწორი და გირები, არა სპილენძისა და რკინისგან დამზადებული, არამედ სიწმინდისა და სარწმუნოებისაგან შედგენილი; სწორედ მათი დახმარებით გამოიკვლიე ყოველი სიტყვა... ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული „ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ" (1 თეს. 5, 21). ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენთვის გასამართლებლად საკმარისი იქნება ჩვენი უმეცრება და უმანკოება, რამეთუ ქრისტემ მცნებად დაგვიდო ვიყოთ არა მხოლოდ უმანკონი, არამედ - მეცნიერნიც".*47 ცხადია, წმინდა მღვდელმთავარი აცნობიერებდა გადაუდებელ აუცილებლობას ქრისტიანობის ყოველმხრივი შეთვისებისა, არა მხოლოდ ნებითა და გრძნობით, არამედ - გონებითაც.48

   წმინდა მამა წინააღმდეგი იყო ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა მარტოოდენ განსჯით მიღებისა49, იმიტომ, რომ გონი მხოლოდ შლიდა და ანაწევრებდა მათ50, და არ ასინთეზირებდა ერთ ყოველმხრივ მთლიანობად, რაც მხოლოდ ადამიანის სულის სისავსით მიიღწევა.

   ქრისტიანობის რაციონალური დასაბუთების გარეშე ერისკაცთა ქრისტიანობა მაინც ჩვილად დარჩებოდა და არ გაიზრდებოდა იმ მდგომარეობამდე,51 როდესაც მას საკუთარი აღმსარებლობის დაცვა შეუძლია. „მე ვისურვებდი, - თუკი თქვენ საკმარისად გაქვთ თავისუფალი დრო, - მეჩვენებინა ყველა თქვენგანისთვის ერთი უღმრთო ფილოსოფოსის მიერ ჩვენ წინააღმდეგ დაწერილი წარმართული წიგნი და კიდევ სხვის მიერ, იმაზე უფრო ძველი, რათა აღგძრათ თქვენ და უმოქმედობიდან გამოგიყვანოთ. თუკი ისინი ასე დაუძინებელნი არიან ჩვენთვის ზედმეტსახელების დარქმევაში, მაშინ, განა, ჩვენ რაიმე პატიების ღირსნი ვიქნებით, თუ არ გვეცოდინება როგორ მოვიგერიოთ მათი თავდასხმები? რისთვის მოგვიყვანეს ეკლესიაში? ნუთუ არ გესმის, რას ამბობს მოციქული: „...განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყვასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის..." (1 პეტრ. 3, 15)? და პავლეც შეგვაგონებს, ამბობს რა: „და სიტყუაი იგი ქრისტესი დამკვიდრეულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა..." (კოლ. 3, 16). რას იტყვიან ამაზე ადამიანები, რომლებიც მამალ ფუტკრებზე უფრო უაზრონი არიან?"52

   მხოლოდ ნათელი და გამოკვეთილი ქრისტიანული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისადმი მსგავსი სიზარმაცისა და დამყაყებული ინდიფერენტულობის პირობებში არის შესაძლებელი ასეთი სამწუხარო მოვლენა, როგორიცაა ის, რომ როდესაც საჭიროა „სიტყვის თქმა ქრისტიანობის დასაცავად, ყველანი თვალებს ძირს ხრიან, უმწეოდ თავს იქექავენ, ამთქნარებენ და დაცინვის საგანნი ხდებიან. რაოდენ აღმაშფოთებელია ეს, როდესაც თქვენთან ქრისტე მროკავზე უფრო დამცირებული აღმოჩნდება. ათას საბუთს მოძებნით ხოლმე მროკავთა დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაზე საძაგელი ხალხია, ხოლო ქრისტეს სასწაულთა დასაცავად, რომლებმაც მთელი სამყარო შეძრა, დაფიქრებაც კი არ გსურთ, რომ რაიმე იზრუნოთ".53

   წმინდა იოანე ოქროპირი ღრმად წუხს, რომ მისი სამწყსო იმ სახარებისეულ ბრმაზე დგას (იხ. ინ. 91, 17-18), რომელმაც „ვიდრე ქრისტეს იხილავდა და მისგან შექებას დაიმსახურებდა, მანამდე გამოიჩინა იმოდენა კადნიერება, რომ წინ აღუდგა მთელ ხალხს, მკვლელობითა და სიშმაგით მსუნთქავ ეშმაკეულს, რომელიც მისი სიტყვებით აპირებდა ქრისტეს დადანაშაულებას, მაგრამ უკან არ დაიხია და უარი არ თქვა თავის სიტყვებზე, პირიქით, სრული კადნიერებით დაუყო მათ პირი და არჩია გარეთ ყოფილიყო განგდებული, ვიდრე ჭეშმარიტებისათვის ეღალატა. ჩვენ, განა, მით უფრო არ უნდა გამოვიჩინოთ ყოველგვარი კადნიერება ქრისტესთვის იმათ წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ცილი დასწამონ და რაიმე აუგი თქვან ნაცვლად იმისა, რომ უგუნურად დავეთანხმოთ [მათ, ვითომცდა, წმინდა წერილის საბუთებს]?"54

   თითოეული ქრისტიანისათვის აუცილებელია გახდეს ქრისტიანული სწავლების აპოლოგეტი, რათა არ დაუშვას [სარწმუნოებაზე საუბრისას] მწვალებელთა და ურწმუნოთა სამარცხვინო ზეიმი. „თქვენ რომ გულისხმიერნი ყოფილიყავით სახარებისადმი, ამ სულიერი საჭურველისადმი, და ყოველდღიურად გაწვრთნილიყავით მასში, მე აღარ დავიწყებდი თქვენს დარწმუნებას თავი აგერიდებინათ მათთან (წარმართებთან და მწვალებლებთან) ბრძოლისათვის, პირიქით, გირჩევდით კიდეც გებრძოლათ მათთან. იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ძლიერია. მაგრამ, ვინაიდან თქვენ არ იცით წმინდა წერილით სარგებლობა, ამიტომ მეშინია ამ ბრძოლისა, მეშინია, რომ შეუიარაღებლებს გნახავენ და დაგამარცხებენ".55

   სარწმუნოებრივ სწავლებაში გამოცდილ ერისკაცებს წმინდა იოანე ერეტიკოსებთან ბრძოლის წესებიც ასწავლის. „გააჩერე იგი და ნუ მისცემ ნებას დაშორდეს საკითხს ანდა გადაუხვიოს მსჯელობათა ლაბირინთში; გეჭიროს და დარტყმები მიაყენე არა ხელით, არამედ სიტყვით; ნუ მისცემ განსხვავებულის თქმისა და ისეთი ხრიკების გამოყენების საშუალებას, როგორიც მას სურს. ერეტიკოსები იმიტომაც აგდებენ გაურკვევლობაში მოკამათეებს, რომ ჩვენ მივყვებით მათ მსჯელობას და არ ვაყენებთ საღმრთო წერილის რჯულისკანონქვეშ".56 (გაგრძელება...)

 

 

 

43 I, 3 (სიტყვა აზიიდან დაბრუნების შემდეგ); პირველი სიტყვა პირველი ექსორიიდან დაბრუნების შემდეგ, 2

44 VIII, 4 (ებრ.)

45 XXXIII, 4 (საქ. მოც.)

46 IV, 2 (2 თეს.)

* მთ. 10, 16

47 XXXIX, 4 (ინ.)

48 LXXXVII, 1 (ინ.)

49 VII, 4 (1 კორ.)

50 V, 1 (1 ტიმ.)

51 IV, 6 (1 კორ.)

52 XVII, 4 (ინ.)

53 II, 4 (ინ.)

54 LVIII, 4 (ინ.)

55 LXVI, 3 (ინ.)

56 I, 2 (ძველი აღთქმის გაურკვევლობის შესახებ)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბროშურიდან „მრევლის ქმედითი მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება