მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მრევლის მონაწილეობა განსწავლის საქმეში (ნაწილი 1)

მრევლის მონაწილეობა განსწავლის საქმეში (ნაწილი 1)


9-04-2017, 00:02

 

 

   ბუნებრივია ჩნდება კითხვა, მაშ, რისთვის არის საჭირო ეკლესიაში საგანგებო მასწავლებლები, როდესაც ყველა მორწმუნე ერისკაცს შეუძლია ასწავლოს? „საჭიროება მქადაგებელში, - პასუხობს მსოფლიო მოძღვარი, - ჩნდება ჩვენი დაუდევრობის შედეგად... ყველაფერი ნათელი და მარტივია, რაც ღვთაებრივ წერილშია ნათქვამი: ყველაფერი აუცილებელი გასაგებია. მაგრამ, რადგან თქვენ მოსმენა გიყვართ მხოლოდ თქვენი გართობისათვის, ამიტომ ეძებთ ამას".29 მკაცრად რომ ვიმსჯელოთ, ქრისტიანისათვის არ არის საჭირო არც მქადაგებელი, არც თავად სიტყვა ღმრთისა (წერილის სახით), რადგან მას საკმარისად შეაგონებს მასში დავანებული სულიწმიდის მადლი; თავად მღვდლებმაც ხომ თავისგან არ უნდა ილაპარაკონ, არამედ სულიწმიდისგან, რის შედეგადაც მათაც და ერისკაცთაც „ერთი დამმოძღვრელი ჰყავთ" და ყველანი ისინი „ძმები არიან" ერთმანეთისთვის.30

   ამიტომ არ იყო დამამცირებელი წმინდა იოანე ოქროპირისთვის ეკლესიური ადამიანებისთვის ეთქვა: „მე უარს არ ვამბობ თქვენს მოსმენაზე; არა, მე ვისურვებდი, რომ თქვენ გამოგესწორებინეთ, ვისურვებდი, რომ თქვენგან მესწავლა".31 მაგრამ, რამდენადაც ეკლესიური ხალხი უკვე წმინდა იოანე ოქროპირის დროს მანკიერებაში იყო ჩაფლული და „უგუნურობამდე იყო დაკავებული ყოფითი საზრუნავებით", ხოლო ეკლესიის მსახურთა რიგებში „შეიჭრნენ ურჯულონი და მექრთამენი", ამიტომ აუცილებელი გახდა გარეგანი საშუალებები ეკლესიური ჭეშმარიტების - წმინდა წერილისა და საეკლესიო გადმოცემის შემეცნებისათვის.32 კლერიკოსები და ერისკაცები ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებიან ქრისტიანული მეცნიერების ამ წყაროებთან, ამიტომ ერთიცა და მეორეც მათთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი და გასაგებია. „ნუ ელოდები სხვა მასწავლებელს, - შეაგონებს წმინდა მღვდელმთავარი თავის უზრუნველ მრევლს, - მოცემული გაქვს ღმრთის სიტყვა, ისე ვერავინ გასწავლის როგორც ის. სხვა მასწავლებელი ზოგჯერ ბევრ რამეს მალავს, ხან დიდებისმოყვარეობის, ხან შურის გამო. ისმინეთ, გთხოვთ, ყველამ, ვინც მიჯაჭვულნი ხართ ამქვეყნიურ ცხოვრებას, შეიძინეთ სულისმაკურნებელი წიგნები. თუკი სხვა არაფერი გსურთ, უკიდურეს შემთხვევაში, „ახალი აღთქმა" მაინც შეიძინეთ, საქმე მოციქულთა, სახარება - ჩვენი მუდმივი დამმოძღვრელნი".33

   „მითხარით, სახლში რომელი თქვენგანი იღებს ხელში ქრისტიანულ წიგნს, უღრმავდება მის შინაარსს და იკვლევს წმინდა წერილს? არავის შეუძლია საკუთარ თავზე ამის თქმა. კოჭები და სათამაშო ქვები სახლში ძალიან ბევრს აღმოაჩნდება, წიგნები კი [წმიდა წერილის] - არავის, ან ძალიან ცოტას და, ისინიც იმათზე მეტად არ არიან ამ წიგნებით დაკავებულნი, ვიდრე - ვისაც სრულიადაც არა აქვს: შეკრავენ და გაურკვეველი ვადით კარადებში აწყობენ, და მთელი მათი ზრუნვისა და ყურადღების საგანი წიგნის ყდა და ნაწერის სილამაზეა, და არა - თვით წიგნის კითხვა".34

   „ნურავინ მეტყვის მე ამ ცივ და ყოველგვარი განკიცხვის ღირს სიტყვებს: მიჯაჭვული ვარ სასამართლოზე, ვეწევი საზოგადო საქმიანობას, ვსწავლობ ხელობას, მყავს ცოლი, ვზრდი შვილებს, ვუვლი სახლს, - სამოქალაქო ადამიანი ვარ; არ არის ჩემი საქმე წმინდა წერილის კითხვა, არამედ იმათი, ვინც უარი თქვა წუთისოფელზე, მთის მწვერვალები დაიკავეს და დაყუდებულ ცხოვრებას ეწევიან. რას ამბობ ადამიანო? შენი საქმე არ არის ჩაუღრმავდე წმინდა წერილს იმიტომ, რომ უთვალავი საზრუნავით ხარ გარშემორტყმული?! არა, შენ უფრო მეტი უნდა გააკეთო ვიდრე ამას ისინი გააკეთებენ: მათ იმდენად არ სჭირდებათ საღმრთო წერილის შემწეობა, რამდენადაც მრავალ საქმეში ჩაფლულთ. ვინაიდან, ბერებმა, განეშორნენ რა სავაჭროებსა და მათ შფოთს, უდაბნოში კარვები დაიგეს, არავისთან არანაირი შეხება არა აქვთ და დაუბრკოლებლად ბრძნობენ მშვიდ გარემოში; არიან თავისთვის, როგორც ნავთსაყუდელში და ტკბებიან უდიდესი უსაფრთხოებით. ჩვენ კი, რომლებიც ამქვეყნიური ზღვის მორევში ვტრიალებთ, უამრავი ცოდვისათვის ნოყიერ გარემოში, ყოველ წუთს ვსაჭიროებთ მუდმივ და განუწყვეტელ ნუგეშს წმინდა წერილისაგან... შეუძლებელია, შეუძლებელია გადარჩე, როცა სულიერი საკითხავებით არ სარგებლობ".35

   ერისკაცს მისაბაძი მაგალითის სახით ყოველთვის თვალწინ უნდა ედგას „ინდოეთის დედოფლის საჭურისი",36 რომელიც ეტლზე იჯდა და წმინდა წერილს კითხულობდა; სრულებითაც არ ბრკოლდებოდა იმით, რომ წაკითხული არ ესმოდა (იხ. საქმე 8, 26-31).37 „აიღე ხელში წიგნი; წაიკითხე მთელი ისტორია; ის რაც გაიგე, კარგად დაიმახსოვრე, გაურკვეველი და გაუგებარი კი რამდენჯერმე გადაიკითხე; თუკი მუდმივი კითხვით ვერ შეძლებ ჩასწვდე წაკითხულის აზრს, - წადი უბრძნესთან, წადი მასწავლებელთან, მოუყევი რაც წაიკითხე, გამოიჩინე ძიებაში გულმოდგინება და ღმერთი, როდესაც შენი მხრიდან ასეთ მცდელობას დაინახავს, უყურადღებოდ არ დაგტოვებს, წყალში არ ჩაგიყრის მოუღებელ ზრუნვას, და თუ ადამიანი ვერ აგისხნის სანუკვარს, მაშინ უეჭველად თავადვე გამოგიცხადებს".38

   „უბრძნესში", ცხადია, წმინდა მღვდელმთავარი წმინდა წერილში განსწავლულ ერისკაცს გულისხმობს, „მასწავლებელში" კი - მღვდელს. მისი სიტყვის კონტექსტიდან გამოდის, რომ თუ ვინმეს სულიერი მოძღვარი არა ჰყავს, ვინც გაურკვეველ ადგილებს განუმარტავდა, მაშინ მან თავად უნდა დაძაბოს გონება წაკითხულის გასაგებად და პასუხის გამოცხადება ღვთისგან ითხოვოს.39 არ შეიძლება ერისკაცი ელოდებოდეს, რომ მღვდელი მას თავში ჩაუდებს მზა ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. ერისკაცმა იგი თავად უნდა მოიმუშაკოს წმინდა წერილის - „ცოდვების, ერესებისა და გარყვნილი ცხოვრებისაგან ამ უდიდესი მცველის" - გულისხმიერი შესწავლით.40 ეკლესიის მრევლს არ აქვს უფლება, გაუცნობიერებლად მიიღოს სწავლება, თუნდაც ამ სწავლებას მას ეკლესიის იერარქები გადასცემდნენ.41 სხვაგვარად მჟღავნდება რწმენა იმ პირებში, რომლებიც გარკვეულ სწავლებას ქადაგებენ და არა თავად სწავლების შინაარსის. საეკლესიო ცხოვრება, საქმის ამგვარი ვითარების შემთხვევაში, ბუნებრივად კვდება. ხალხი, თავის მხრივ, არაფერს მატებს ეკლესიის სხეულს, ხოლო სამღვდელოება, ჩაკეტილი საკუთარ თავში, არ ცოცხლობს ეკლესიის სხეულის მაცოცხლებელი ენერგიით და სწყდება მას, როგორც გამხმარი ტოტი ცოცხალ ხეს.

   წმინდა მღვდელმთავარი განსაკუთრებით ენერგიულად უმხედრდება ხალხის პასიურობას ქრისტიანობის დოქტრინალურ მხარესთან მიმართებით და მიესალმება მის ქმედით მონაწილეობას ჭეშმარიტი საეკლესიო სწავლების შეურყვნელად დაცვის საქმეში. სასულიერო პირებიც ხომ ადამიანები არიან, ადამიანისათვის დამახასიათებელი სისუსტეებითა და უძლურებებით, შესაბამისად, არ შეიძლება ისინი შეუცდომლებად მივიჩნიოთ და ბავშვური მიმნდობლობით მივიღოთ მათგან გადმოცემული სწავლება როგორც ზეციური გამოცხადება.42 (გაგრძელება...)

 

 

 

29 III, 4 (2 თეს.)

30 II, 2 (1 ტიმ); II, 1 (რომ); III, 5 (საქ. მოც)

31 III, 5 (საქ. მოც)

32 LXXXV, 4 (მთ); IV, 7 (მთ); VI, 4 (ეფეს.)

33 IX, 1 (კოლ.)

34 XXXII, 3 (ინ.)

35 III, 1 (ლაზარეს შესახებ)

36 XXXV, 1 (დაბ.)

37 III, 1 (ლაზარეს შესახებ)

38 იქვე

39 XXXII, 1 (დაბ.)

40 IV, 1 (მთ.); XXVI, 5 (ებრ.); V, 2 (კოლ.); 54. III, 1 (ლაზარეს შესახებ)

41 სიტყვებზე: „ჯერ-იყო, თავს-თუმცა-იდევით ჩემი მცირედ უგუნურებისაი" (2 კორ. 11, 2), 2; XI, 4 (ებრ.)

42 II, 3 (2 ტიმ.)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბროშურიდან „მრევლის ქმედითი მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში" 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება