მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მრევლის მონაწილეობა სასულიერო დასის მისტიკურ მსახურებაში, ღვთისმსახურების საიდუმლოთა შესრულებაში (ნაწილი 2)

მრევლის მონაწილეობა სასულიერო დასის მისტიკურ მსახურებაში, ღვთისმსახურების საიდუმლოთა შესრულებაში (ნაწილი 2)


3-04-2019, 22:10

მრევლის მონაწილეობა სასულიერო დასის მისტიკურ მსახურებაში, ღვთისმსახურების საიდუმლოთა შესრულებაში (ნაწილი 2)

 

   ერთი სიტყვით, ყველა ღვთისმსახურებაში მრევლი სულიერად უნდა უერთდებოდეს მღვდელს, მასთან ერთად უნდა ასრულებდეს საიდუმლო ღვთისმსახურებას. წმ. ოქროპირის დროს მგალობელთა გუნდები ჯერ კიდევ არ იყო ტრადიციაში შესული, ამიტომ მღვდლის კვერექსებს132 პასუხობდა და ფსალმუნებს გალობდა მრევლი,133 თუმცა, იგულისხმება, არა ისეთი სულიერი ძალით, როგორც „ძველად".134 ასევე, მრევლის მოვალეობა იყო ღვთისმსახურების დროს დიაკვნის დახმარება წესრიგის დამყარებაში. „მაგალითად, - ამბობს მღვდელმთავარი, - მიმდინარეობს ლოცვა, ყველანი გულგრილად სხედან, ახალგაზრდებიც და მოხუცებიც, ლაპარაკობენ სიცილით, ხარხარით,135 - ესეც ხომ მოვისმინე, - დასცინიან ერთმანეთს როცა მუხლებზე დგანან; შენ იქ დგახარ, ახალგაზრდა ან მოხუცი, შეაჩერე, როცა ამას ხედავ, უფრო ძლიერად გაკიცხე ვინც არ ისმენს, მოუხმე დიაკონს, დაემუქრე, გააკეთე შენი საქმე; და თუ ის რაიმეს გაბედავს შენს წინააღმდეგ, მაშინ, რა თქმა უნდა, ბევრი მოგეშველება... ეს ლოცვაზე უკეთესია. მიატოვე ლოცვა და შეაგონე მას; მაშინ მასაც სარგებლობას მოუტან და შენც მოგებული დარჩები... მთავარი აზრი მრავალრიცხოვნებაში ხომ არ არის, არამედ სათნოებების უპირატესობაშია... რაში მჭირდება სიმრავლე? მხოლოდ საკვებია ცეცხლისთვის... ვამბობ ამას, რომ არავის უკვირდეს ეკლესიაში სიმრავლე. ჩვენ უნდა ვცდილობდეს მრავალრიცხოვნება საუკეთესო იყოს, რათა ყველა ზრუნავდეს თითოეულ წევრზე, არა მხოლოდ მეგობრებზე, არა მხოლოდ ნათესავებსა და მეზობლებზე, - როგორც ამას ყოველთვის აღვნიშნავ, - არამედ გარეშეთა მოზიდვაზეც".136

   და ნურავინ შეძრწუნდება, როცა გაიგონებს ეკლესიაში მოსულისგან მშრალ შეპასუხებას: „განა არ შემიძლია სახლში ვილოცო? შეგიძლია ილოცო, მაგრამ ამ ლოცვას არა აქვს ისეთი ძალა, როგორც იმას, რომელიც სრულდება ეკლესიის წევრებთან ერთად, როცა ეკლესიის მთელი სხეული ერთსულოვნად და ერთხმად აღავლენს ვედრებას სამღვდელოების თანდასწრებით".137

   ეკლესიის კრებულის ასეთი დიდი ძალის შეგნებისას,138 თითოეულმა ერისკაცმა იქ დაუდევარნი უნდა მიიზიდოს და „თუნდაც მათ დარტყმები მიაყენონ, თუნდაც დაძრახონ, ის უნდა ეცადოს მიიყვანოს ისინი ეკლესიაში.139 ისინი უნდა დაარწმუნო, მიატოვონ „უწესო სირბილი, სიცილი, უადგილო, მოურიდებელი სიარული",140 განსაკუთრებით მაშინ, როცა „სერაფიმებთან ერთად საგალობლად" მიდიხარ141...

   თუ ღვთისმსახურების გზაზე დამდგარი მამაკაცია, მაშინ „ნუ დაკავდება ლამაზი ქალების ცქერით",142 თუ ქალია, მოიკაზმოს „არა ოქროთი ხელებსა და ყელზე",143 „არა პირი-სახის შეღებვით",144 „სურნელების წასმით",145 დიდფასიანი146, „ძვირფასი თვლიანი ტანსაცმლით",147 არამედ - უმანკოებითა და თავშეკავებით.148

   განსაკუთრებით საჭიროა გავაფრთხილოთ შეძლებული ადამიანები, რომ ღვთისმსახურებაზე დასწრება არ მიიღონ როგორც ღვთის წინაშე ვალის მოხდა და არ იქცეოდნენ მიუკარებელი სიამაყით, რაც ყველანაირი წოდებისა და ფენის ადამიანთა ეკლესიური თანასწორობიდან გამომდინარე დიდი დანაშაულია.149 ერისკაცმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ღვთისმსახურებაში ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს აღმშენებლობას.150 ეს მაშინ მოხდება, როცა ის ღმერთს აღუვლენს სადღესასწაულო გალობას მთელი თავისი არსებით „ენით, თვალებით, ხელებით, ფეხებით და სმენითაც".151 უკანასკნელ შემთხვევაში საეკლესიო ღვთისმსახურება იქნება საკვირველი „ლირა", რომელშიც ყველა სიმი გაწყობილი იქნება „ერთ კეთილხმოვან ტონალობაში",152 რომელიც შეძლებს თავისი ძალით153 ერთ მთლიანობაში შეაერთოს დაცალკევებული ელემენტები. „საერთო ეკლესიის ჰარმონიაში არც გლახაკები" წარმოადგენენ დისონანსს, პირიქით, „დიდი სამკაულია", რომლის გარეშეც „არ იქნებოდა სრული სისავსე ეკლესიისა".

   „ისინი (გლახაკნი), ეკლესიის კარებთან სხედან და გმოძღვრავენ თავიანთი მდუმარებითა და გარეგნობით (ჩვენზე არა ნაკლებ, ხალხის წინაშე მსხდარნი რომ გასწავლით სასარგებლოს). ჩვენ ყოველდღე შეგაგონებთ: ნუ მზვაობრობ, ადამიანო, სწრაფლწარმავალია ადამიანის ბუნება. იმავეს, და უფრო მეტს, შეგაგონებენ ისინი თავიანთი შესახედაობით და მათი მაგალითი და შეგონება არის ყველაზე მეტად ნათელი".154 აქედან გამომდინარე, როდესაც „გლახაკი", რომელზეც უფრო მეტად დამდაბლებული კაცი ძნელი სანახავია, შემაგონებელ და გამაკეთილშობელებელ გავლენას ეკლესიაზე ღვთისმსახურებაში მონაწილეობით, მაშინ ყოველგვარ გულგრილობას, მისგან მდაბიო ან ჩინებული ერისკაცის გაუცხოებას „არ შეიძლება ჰქონდეს არანაირი გამართლება"...155

   მსოფლიო მოძღვრის გარშემო დატრიალებული მოვლენები, რომელშიც აღმოჩნდა სახელმწიფოს თავდასხმისაგან ეკლესიის თავისუფლების ერთადერთი დამცველი, შესანიშნავად ასაბუთებს ჩვენს აზრებს. გასაგებია მღვდელმთავრის აღფრთოვანებული სიტყვა ეკლესიური ხალხისადმი. დაე, ამ სიტყვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენოს დიდი მოძღვრის სასახელო ცხოვრების დაუვიწყარი ფურცლები და ასევე დაასრულოს ჩვენი გამოკვლევაც!

   „სადაც ვარ მე, იქ ხართ თქვენც; სადაც ხართ თქვენ, იქ ვარ მეც; ჩვენ - ერთი სხეული ვართ; სხეული თავისგან და თავი სხეულისგან არ გამოიყოფა. ჩვენ გაყოფილი ვართ ადგილებით, მაგრამ შეერთებული - სიყვარულით. თვით სიკვდილსაც არ შეუძლია ჩვენი დაშორება; ჩემი სხეული თუნდაც რომ მოკვდეს, სული ცოცხლობს და ახსოვს ხალხი. თქვენ ჩემი მამები ხართ; როგორ შემიძლია თქვენი დავიწყება? თქვენ ჩემი მამები ხართ, ჩემი ცხოვრება ხართ, ჩემი ქება ხართ, თუკი თქვენ წარემატებით, მე განვდიდდები. ასე რომ, ჩემი ცხოვრება და სიმდიდრე თქვენს საუნჯეშია. მე მზად ვარ ათასჯერ მომკლან თქვენთვის და ამას არ ჩავთვლი ჩემი მხრიდან ვალის დადებად, არამედ - მოვალეობის მოხდად. რადგან „მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის" (იოან. 10, 11); მზად ვარ ათასჯერ მომკლან და ათასჯერ მომკვეთონ თავი... რას არ მოვითმენდი თქვენი გულისთვის? თქვენ ჩემი თანამოქალაქენი ხართ, ჩემი მამები ხართ, ძმები ხართ, შვილები ხართ, თქვენ ჩემი ნაწილები, ჩემი სხეული ხართ, თქვენ ჩემი ნათელი ხართ და უფრო უტკბილესნი ხართ ამ ნათელზე".156

 

 

 

 

132 მათ. XXXII, 6. VII, I

133 1 კორ. XXXVI, 5. X, I

134 1 კორ. XXIV, 12. X, I

135 მათ. XIX, 3, 8. VII, I

136 საქმ. მოციქ. XXIV, 3, 4. IX, I

137 ძვ. აღთქმის ბუნდოვანების შესახებ, II, 4. VI, I

138 2 კორ. XVIII, 3. X, II

139 მოწ. იულიანეს ქება, 5. II, II

140 მოწამე პელაგიაზე I, 4. II, II

141 ესაია 6, 1; საუბ. VI, I

142 მათ. LXXIII, 3. VII, II

143 მეორე წერილი ოლიმპიადას, 6. III, II; შდრ. ფსალმ. 48; 17, 5. V, II

144 1 ტიმ. IV, 3. XI, II

145 1 ტიმ. VIII, 1, 2. XI, I

146 მათ. LXXXIX, 4. VII, II

147 ქალწულებზე, 61. I, II; ებრ. XXVIII, 5. XII, I

148 1 ტიმ. VIII, 1. XI, II

149 1 თესალ. XI, 4. XI, II

150 1 კორ. XXXVI, 3, 5. X, I

151 ფსალმ. 143, 4. V, II

152 საქმ. მოციქ. XXVI, 4. IX, I

153 ძვ. აღთქმის ბუნდოვანების შესახებ. II, 5. VI, I

154 1 კორ. XXX, 3, 5; 1 თესალ. XI. XI, II

155 2 კორ. II, 6. X, II

156 გადასახლებაში გაგზავნის წინ, 3. III, II

 

 

 

 

 

 

 

 

წიგნიდან „მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება