მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მრევლის მონაწილეობა სასულიერო დასის მისტიკურ მსახურებაში, ღვთისმსახურების საიდუმლოთა შესრულებაში (ნაწილი 1)

მრევლის მონაწილეობა სასულიერო დასის მისტიკურ მსახურებაში, ღვთისმსახურების საიდუმლოთა შესრულებაში (ნაწილი 1)


2-04-2019, 23:49

მრევლის მონაწილეობა სასულიერო დასის მისტიკურ მსახურებაში, ღვთისმსახურების საიდუმლოთა შესრულებაში (ნაწილი 1)

 

   წმ. იოანე ოქროპირი ითხოვს მრევლის მონაწილეობას საეკლესიო ცხოვრების იმ სფეროშიც კი, რომელიც არსებული თვალსაზრისით, სასულიერო დასის განსაკუთრებულ კუთვნილებას შეადგენს. მსოფლიო მასწავლებლის აზრით, ეკლესიური ხალხის გაძლიერებული მონაწილეობის გარეშე, იერარქს მისტიკური გზითაც არ შეუძლია თავისი სამწყსოს მართვა. წმ. ოქროპირი, თუმცა ყოველ ქრისტიანს „მღვდლად,116 წინასწარმეტყველად და მეფედ თვლის",117 მაგრამ ზნეობრივი და არა პროტესტანტული გაგებით.

   რა თქმა უნდა, პროტესტანტებს საყოველთაო და სახალხო მღვდლობაზე თავიანთი აზრის გასამტკიცებლად შეუძლიათ დაეყრდნონ დიდი მასწავლებლის შემდეგ სიტყვებს: „ოდესღაც სხვებიც ისწრაფოდნენ პატივისა და ძალაუფლებისაკენ და ყველა დაიღუპა, ერთნი - ცეცხლში დაიწვნენ, მეორენი - მიწის ნაპრალებში შთაინთქნენ, რადგან ისინი ამას აკეთებდნენ არა სხვების ხელმძღვანელობისათვის, არამედ მთავრობისმოყვარებისთვის... გაბედა პავლემაც და გვირგვინოსან იქნა არა მღვდლობითა და პატივით, არამედ მსახურებით, შრომითა და ხიფათებით".118 წმ. ოქროპირი აქ პავლე მოციქულის მღვდლობის ხელდასხმას კი არ უარყოფს, არამედ გამოთქვამს აზრს, რომ მოციქულმა დაიმსახურა მღვდლობის პატივი, ეს მისთვის როგორც ზოგიერთი მოძღვრისთვის, არ იყო უბრალო სამკაული.

   სხვა ადგილას მღვდელმთავარი პირდაპირ მიანიშნებს, რომ მოციქულმა პავლემ მიიღო „მადლი" ხელდასხმისა: „გაოცებული ვარ იმით, რომ საკვირველ საქმეთა მოქმედი გახდა ჯერ კიდევ მადლის მიღებამდე, შესვლიდან და დასაწყისიდანვე; ჯერ კიდევ არ ჰქონდა ისეთი ძალა და არ იყო ხელდასხმული, ის კი აღენთო ისეთი მოშურნეობით ქრისტეს მიმართ, რომ მის წინააღმდეგ აღდგა იუდეას მთელი ერი".119

   ცხადია, მასწავლებლობა ხელდასხმის გარეშეც შეიძლება, თუმცა არა ისეთი ძალით, როგორითაც ამ უკანასკნელის შემთხვევაში (ე.ი. ხელდასხმის შემდგომ). მღვდელმოქმედება კი ხელდასხმის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ წმ. პავლე გამოირჩევა უბრალო მორწმუნეების კრებულიდან და ხელდასხმით იღებს მასწავლებლობისა და მღვდელმსახურების განსაკუთრებულ ნიჭებს. „გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე" (საქ. 13, 2). რას ნიშნავს: „გამომირჩიენით მე?" - საქმეებისთვის, მოციქულობისათვის. კიდევ ნახე ვის მიერ ხდება მათი ხელდასხმა: ლუკიოს კვირინელისა და მანაინის მიერ, განსაკუთრებით კი - სული წმიდით. რამდენადაც დამდაბლებულია პიროვნება, მით უფრო აშკარად ცხადდება მადლი ღვთისა. ამგვარად, პავლე ხელდასხმულ იქნა მოციქულობაზე, რათა ექადაგა ძალმოსილად, როგორც თვითონვე ამბობს: „არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ" (გალ. 1, 1). სიტყვებით „არა კაცთაგან", ის გვიჩვენებს, რომ არა ადამიანმა მოუწოდა და მოიყვანა იგი; ხოლო სიტყვებით „არცა კაცთა მიერ", - რომ გამოგზავნილია სული წმიდის მიერ".120

   ცხადია, მღვდლობისკენ სხვა კარი არ არსებობს, თუ არა მთელი ეკლესიის ლოცვის დროს ეპისკოპოსის ხელდასხმა.121 თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საიდუმლოში მრევლის მონაწილეობა, ამას მსოფლიო მასწავლებელი ძალიან კარგად ხსნის: „დიდი ძალა აქვს კრებას. ეკლესიის ლოცვამ პეტრე ჯაჭვებისაგან გაათავისუფლა, პავლეს ბაგეები გაუხსნა. მათი განაჩენი მნიშვნელოვანია, - აიყვანონ სულიერ ხარისხში მათ წინაშე წარდგენილები. აი რატომ ხელდასხმაზე წარდგენილები ითხოვენ იმ დროს მათ ლოცვას და ისინიც აძლევენ ხმას...".122

   „არის შემთხვევები, - ამბობს მღვდელმთავარი, - როცა მღვდელი არ განირჩევა ქვეშევრდომისგან. მაგალითად, როცა საშინელი საიდუმლოს ზიარებაა საჭირო. ზიარების ღირსნი ჩვენ ყველანი ერთნაირად ვხდებით, არა ისე, როგორც ძველ აღთქმაში, სადაც მღვდელი სხვას წამდა და ხალხი - სხვას, სადაც ნებადართული არ იყო ხალხი იმას მიახლებოდა, რასაც მღვდელი მიეახლებოდა. ახლა ასე არ არის, ყველას მიეცემა ერთი სხეული და ერთი სასმელი. ლოცვებშიც, ყველას შეუძლია დაინახოს, თუ როგორ ურთიერთმოქმედებს მრევლი. ასე მაგალითად, ეშმაკეულებზე და მონანულებზე სრულდება მღვდლისა და მრევლის საერთო ლოცვები. ყველა კითხულობს ერთ ლოცვას, სიბრალულით აღვსებულს. ასევე, როცა წმინდა ადგილიდან ვაძევებთ იმათ, ვინც წმიდა ტრაპეზში მონაწილეობის ღირსი არ არის, საჭიროა სხვა ლოცვა - და ჩვენ ყველა ერთად ვეცემით მიწაზე და ყველანი ერთად ვდგებით. როცა კვლავ დგება დრო მშვიდობის მიცემისა და მიღებისა, ყველანი ერთმანეთს ვეამბორებით. ასევე თვით საშინელი საიდუმლოს აღსრულებისას მღვდელი ლოცულობს მრევლზე, ხოლო მრევლი - მღვდელზე, რადგან სიტყვები: „და სულისაცა შენისა თანა", სწორედ ამას აღნიშნავს. სამადლობელი ლოცვებიც ასევე საერთოა, რადგან მარტო მღვდელი კი არ შესწირავს სამადლობელს, არამედ მრევლიც. მღვდელი იწყებს მადლობის შეწირვას მას შემდეგ, რაც მიიღებს პასუხს მრევლისგან და შემდეგ - თანხმობას, რომ ღირსია და მართალია აღსასრულებელი, და რაა იმაში საკვირველი, თუკი მღვდელთან ერთად მოუხმობს მრევლიც, როცა ის აღავლენს ამ საღვთო გალობას თვით ქერუბიმებთან და ზეციურ ძალებთან ერთად".123

   სხვა საიდუმლოებები, როგორიცაა ნათლობა,124 მირონცხება,125 აღსარება,126, ჯვრისწერა,127 საჭიროა სრულდებოდეს მრევლის მონაწილეობით. წმ. ოქროპირი ნებას რთავს ჩვილების128 მონათვლაზე, მაგრამ დიდებისგან მოითხოვს, რომ ისინი ნათლობის გულგრილი მაყურებლები კი არ იყვნენ,129 არამედ ამ უწმინდეს საიდუმლოში შეგნებულად, გონივრულად მონაწილეობდნენ. მაგალითად, თვითონვე წარმოთქვან ფორმულა სატანის უარყოფისა და ქრისტეს შედგომისა,130 მრწამსი131 და ა.შ., საიდუმლოს შესრულებისას მღვდელთან ლოცვით ერთობაზე აღარაფერს ვამბობთ. (გაგრძელება...)

  

 

 

 

 

116 2 კორ. XX, 2. X, I

117 2 კორ. III, 5, 7. X, II

118 მოციქულ პავლეს ქება VII. II, II

119 „ – " V. II, II

120 საქმ. მოციქ. XVIII, 3. X, II

121 2 კორ. XVIII, 3. X, II

122 2 კორ. XVIII, 3. X, II

123 2 კორ. XVIII, 3. X, II

124 2 კორ. II, 7. X, II

125 საქმ. მოციქ. I, 5. III, II

126 მიუწვდომლობის შესახებ, V, 7. I, II; ლაზარეზე IV, 4. I, II

127 დაბად. XLIX, 6. IV, II

128 ეფეს. VIII, 5. XI, I

129 2 კორ. II, 7. X, II

130 კოლას. VI, 4. XI, I

131 1 კორ. XL, 1. X, I

 

 

 

 

 

 

 

 

წიგნიდან „მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება