მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრების სასამართლო და ეკონომიკურ მხარეებში (ნაწილი 1)

მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრების სასამართლო და ეკონომიკურ მხარეებში (ნაწილი 1)


1-04-2019, 00:02

მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრების სასამართლო და ეკონომიკურ მხარეებში (ნაწილი 1)

 

   ეკლესიური ხალხის მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა შემოფარგლულიყვნენ მხოლოდ სასულიერო პირების არჩევით და არ დახმარებოდნენ მათ რთული და საპასუხისმგებლო მსახურების აღსრულებაში.

   მღვდელმთავარს ეკლესიის სასარგებლოდ ერისკაცის ასეთი საქმიანობის შესანიშნავ მაგალითად მოჰყავს პეანი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი აღმოსავლეთის ეკლესიების დამშვიდებას. „შენ ჩემი ნამდვილი სარდალი ხარ, - წერს წმ. ოქროპირი გადასახლების ქვეყნიდან, - მე ვიცი იქ შენი გმირული მოღვაწეობა, შენი მოშურნეობა, სიფხიზლე, გარჯა, სულიერი მღელვარება, შეუდრეკელობა, თავისუფლება, რომლითაც ეპისკოპოსებსაც კი წინ აღდგომიხარ, როცა საჭიროება მოითხოვდა, რა თქმა უნდა, სათანადო თავდაჭერილობით... შენ ამისთვის ადრეც დიდად გაფასებდი, მაგრამ უფრო მაღლა გაყენებ ახლა, როცა მანდ დამხმარეების გარეშე, - რადგან ერთნი გაიქცნენ, სხვები განდევნეს, მესამენი იმალებიან, - ერთი შენ დგახარ ახლა მწყობრის სათავეში, ამშვენებ მის შუბლს და არა მხოლოდ არ აძლევ მეორე მხარეს გადარბენის საშუალებას, არამედ მტრების რიგებიდან ყოველდღიურად შენს რიგებში იზიდავ ვინმეს, მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არაა. არანაკლებ მაცვიფრებს ის, რომ ერთ ადგილზე ერთგრულად დარჩენილი, იმავდროულად მზრუნველობას მთელ ქვეყანაზე ავრცობ".85

   აქ საყურადღებოა თავისუფლება, რომლითაც მრევლი ეკლესიაში მოქმედებს და მისი გავლენის სფერო. შეიძლება იფიქრო, რომ პეანი იყო ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, მაგრამ იერარქიული პირების მიმართ წერილებში წმ. ოქროპირი მათ სასულიერო წოდებას მიუთითებს, აქ კი მსგავსი არაფერია. და მღვდელმთავარი ერთ-ერთ წერილში პეანის ასე მოიხსენიებს: „გულითადად ვთხოვ შენს კეთილშობილებას" - ზუსტად ისევე, როგორც ერისკაც ისიხის, პროკოფის, ელადის, ექვთიმეს, მონცის;86 მართალია, პეანის მიმართ წმ. ოქროპირი ისეთ წოდებას იყენებს, როგორიცაა, „უპატივცემულესო და უძვირფასესო, ჩემო მეუფეო", მაგრამ ასევე მიმართავს ერისკაცებსაც: გამელის, პროკოპის, სტუდიოს პრეფექტს, ისიხის, ჰერკულესს და სხვა.87

   იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ ითხოვდა წმ. ოქროპირი ქალებსაც ეშრომათ ეკლესიის კეთილმოწყობისათვის, ეჭვგარეშეა ისიც, თუ როგორ შეეძლო ერისკაც პეანს ეკლესიაში ასე თავისუფლად მოქმედება: „ყველანაირ დამოკიდებულებაში, როგორც ბუნების, ისე მოღვაწეობისა და მეცადინეობის მიხედვით განსხვავდება სქესები ერთმანეთისაგან. - განსხვავდება, ვამბობ მამაკაცის სქესი ქალისაგან: ქალს მიკუთვნებული აქვს ოჯახის მეურნეობა, მამაკაცს - საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმეები, მაგრამ ეკლესიისთვის შრომაში ასეთი განსხვავებები არ არის. პირიქით ხდება ხოლმე, შრომაში და კეთილ ღვაწლში ქალები უფრო მნიშვნელოვანს იღებენ საკუთარ თავზე, ვიდრე მამაკაცები. ამის საჩვენებლად, სხვათა შორის, თქვენი მშობლიური ქალის მიმართ მიწერილ ეპისტოლეში პავლე ქებით იხსენებს მრავალი ქალის სახელს, რომლებმაც, მისი სიტყვით, ბევრი იშრომეს მამაკაცების გამოსასწორებლად და ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად (რომ. 16). რა მიზნით ვამბობ ყველაფერ ამას? - იმისთვის, რომ ეკლესიის მდგომარეობის გამოსასწორებლად ზრუნვა და შრომა თქვენთვის უცხო საქმედ არ ჩათვალოთ, არამედ თქვენს მოვალეობად მიიჩნიოთ. პირადად თქვენი და სხვისი დახმარებით, ვისითაც კი შეგიძლიათ, სათანადო წვლილი შეიტანეთ საერთო მღელვარებისა და არეულობის ჩაქრობაში, რომლითაც მოცულია აღმოსავლეთის ეკლესია. რამდენადაც სასტიკია ეს მღელვარება და რამდენადაც მძვინვარეა ეს ქარიშხალი, მით მეტი ჯილდო გექნებათ თქვენი გამბედაობისა და გულმოდგინებისათვის, რომ ყველაფერი გააკეთოთ და აიტანოთ დარღვეული მშვიდობის აღსადგენად, რათა საჭირო წესრიგი დაუბრუნდეს ყველაფერს, რაც უწესრიგობას მოუცავს".88

   ოლიმპიადასთან, პენტადიასთან, პროკლასთან და სალვინასთან დამშვიდობებისას, თავისი მეორედ გადასახლებისას, მღვდელმთავარი ასეთ დარიგებას ტოვებს: „თუკი ჩემს მემკვიდრედ დანიშნავენ ადამიანს არა კენჭისყრის გარეშე და საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, არამედ საერთო ხმის მიცემით აირჩევენ, დაემორჩილეთ მის ავტორიტეტს, როგორც პირადად მე, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან ურთიერთობაც არ გქონდეთ".89

   წმ. ოქროპირის ეს სიტყვები გვიჩვენებს, რომ ქალი მიმდინარე საეკლესიო ცხოვრებისადმი არ უნდა იყოს გულგრილი. თუმცა, მღვდელმთავრის ეპოქაში ქალები ჯერ კიდევ არ იყვნენ გულგრილნი საეკლესიო საქმიანობისადმი, პირიქით - საჭირო ხდებოდა არაზომიერი ქალური მგზნებარების შეკავება. „უფროსები იმართებიან ქვეშევრდომთა მიერ, - ჩივის მღვდელმთავარი, - მამაკაცები მაინც იყვნენ, მაგრამ, - არა, ისინი არიან, რომლებსაც უფლებაც არა აქვთ „ასწავლონ" (1 ტიმ. 2, 12). რა სწავლას ვამბობ? - რომლებსაც ნეტარმა პავლემ „სიტყვაც" აუკრძალა (1 კორ. 14, 34). ერთი ადამიანისაგან გავიგე, თითქოს ისინი ისე გაკადნიერდნენ, რომ საყვედურობენ ეკლესიის წარმომადგენლებს და უფრო სასტიკად ექცევიან, ვიდრე ბატონი თავის მონებს".90

   ეკლესიური ცხოვრების მმართველობის დარგში მრევლის არანორმალური თვითნებობის ფაქტების მიუხედავად, მღვდელმთავარი ყოველთვის აღიარებდა ისეთი საეკლესიო მმართველობის აუცილებლობას, რომლის დროსაც ეპისკოპოსს ეკლესიის მართვა არ შეეძლებოდა „თვითნებობით", „არავისთან ანგარიშმიუცემლად", არამედ მისი მმართველობა „საქვეყნო" უნდა ყოფილიყო.91 „ჩვენ მზად ვართ ხელისუფლება დავუთმოთ მას, ვისაც თქვენ ინებებთ, - ამბობდა იგი - მხოლოდ ეკლესია იყოს ერთიანი. თუკი ჩვენ კანონიერად ვართ დადგენილები, მაშინ დაარწმუნეთ ისინი დაამხონ, ვინც კათედრა უკანონოდ დაიკავა. ამას ვამბობ არა ბრძანებით, არამედ თქვენი დაცვისა და მფარველობისათვის".92

   წმ. ოქროპირის ამ, სიტყვებიდან ჩანს, რომ მრევლმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ეპისკოპოსის კათედრა „კანონიერად" იქნეს დაკავებული; შესაბამისად, (მრევლმა) უნდა იცოდეს სამოციქულო წესები, უნდა დაიცვას მსოფლიო საეკლესიო ცოცხალი გადმოცემა. რაკიღა ესმის, რომ ახლანდელი საეკლესიო წესები ძველი დროიდან უნდა გამომდინარეობდეს და რომ მეტად რთულია საუკუნეების მანძილზე მხოლოდ იერარქებმა შეინარჩუნონ საეკლესიო დადგენილებები, ამიტომ მრევლი თვითონ იცავს მათ მთლიანობასა და ხელშეუხებლობას. ამგვარად, სამოციქულო დადგენილებით იერარქიის არჩევითობის აღიარებით, ერისკაცები ვალდებულნი არიან მხარი დაუჭირონ და მიიღონ სახალხო არჩევნების გზით „კანონიერად" დადგენილი ყველა ეპისკოპოსი, ხოლო კათედრის სხვაგვარად დამკავებელნი არ შეიწყნარონ.

   ამგვარად, მრევლი სასულიერო დასის მოქმედებების მსაჯულია, ზედამხედველია, რომ ეს უკანასკნელი ეკლესიას ძველთაგან დადგენილი საეკლესიო კანონების თანახმად მართავდეს. რა თქმა უნდა, მრევლს არ შეუძლია საეკლესიო კანონების დარღვევის შემთხვევაში ჩამოართვას სამღვდელო ხარისხი სასულიერო დასს. მას შეუძლია მხოლოდ მოსთხოვოს ეს უმაღლესი იერარქიის ხელისუფალთ და უარი თქვას საეკლესიო ნორმების დამრღვევთან ყოველგვარ ურთიერთობაზე.

   ასე მოექცა, მაგალითად, წმ. ოქროპირის სამწყსო სევერიანე გაბალონელს, მის მიერ მსოფლიო მასწავლებლის ტახტის მოთხოვნის გამო, მაშინ როცა ეს უკანასკნელი აზიის ეკლესიებს სტუმრობდა.93 წმ. ოქროპირი იძულებული გახდა ამაღელვებელი სიტყვა ეთქვა, რათა დაერწმუნებინა თავისი აღშფოთებული სამწყსო, ეპატიებინა ეპისკოპოსისათვის და მასთან ურთიერთობა დაემყარებინა.94 (გაგრძელება...)

  

 

 

 

 

 

85 წერილი პეანის მიმართ. III, II

86 წერილები დასახელებული პირებისადმი. III, II

87 „ –". III, II

88 წერილი იტალიკეს მიმართ, III, II

89 Stcphcns. Saint John Chrisostom, p. 340

90 მღვდლობის შესახებ. წ. III, ნაწ.9. I, II

91 ტიტ. II, 2. XI, II

92 ეფეს. XI, 3. XI, I

93 Stcphcns. Saint John Chrisostom, p. 277

94 სიტყვა ეპისკ. სევერიანეს დაბრუნებაზე, ნაწ. 1. III, II

 

 

 

 

 

 

 

 

 

წიგნიდან „მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით"  

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება