მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მრევლის მონაწილეობა სწავლებაში (ნაწილი 2)
მრევლის მონაწილეობა სწავლებაში (ნაწილი 2)21-03-2019, 23:08 |
წმ. ოქროპირი წუხს, რომ მისი სამწყსო დგას სახარების იმ ბრმაზე დაბლაც კი (ინ. 9, 11-33), რომელმაც „სანამ ქრისტე დაინახავდა და მოიწონებდა, მანამ გამოიჩინა ისეთი გამბედაობა, რომ დადგა მთელი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ბორგავდა, სიკვდილი სწყუროდა და სურდა იმ ბრმის სიტყვებით განეკითხა ქრისტე. და არ დაუთმო, არ იუარა თავისი სიტყვები, არამედ მთელი გამბედაობით დაუხშო მათ პირი და არჩია გაეგდოთ გარეთ, ვიდრე ეღალატა ჭეშმარიტებისათვის. ჩვენ მით უფრო მეტად არ უნდა გამოვიჩინოთ გამბედაობა ქრისტესთვის მათ წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ცილი დასწამონ და თქვან რაიმე ქრისტიანებზე, - განა ასეთ ხალხს არ უნდა დავუხშოთ ბაგეები, ვიდრე პირიქით, დავეთანხმოთ უგუნურად?"47 აუცილებელია თითოეული ერისკაცი გახდეს ქრისტიანული სწავლების აპოლოგეტი, რათა არ დავუშვათ ერეტიკოსებისა და უღმერთოების სამარცხვინო გამარჯვება. „თქვენ რომ წმ. წერილს შეისმენდეთ, ამ სულიერ იარაღს, და ყოველდღიურად განისწავლებოდეთ მასში, მე აღარ დავიწყებდი თქვენს დარწმუნებას, რომ მათთან (წარმართებთან და ერეტიკოსებთან) ბრძოლისთვის თავი აგერიდებინათ, არამედ, პირიქით, მათთან შებრძოლებას გირჩევდით; იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ძლიერია. მაგრამ, რადგანაც თქვენ არ იცით წმ. წერილის გამოყენება, ამიტომ მეშინია ამ შებრძოლების, მეშინია, რომ ისინი უიარაღოდ გნახავენ და დაგამარცხებენ".48 სწავლებაში გამოცდილ ერისკაცებს წმ. ოქროპირი აძლევს ერეტიკოსებთან ბრძოლის წესებს. „შეაკავე და არ მისცე წასვლის ან დასკვნების ლაბირინთებში გადახვევის საშუალება, არამედ დაიჭირე და დაამარცხე იგი არა ხელით, არამედ - სიტყვით, და არ მისცე მისთვის სასურველი ხრიკების კეთების საშუალება. ერეტიკოსები იმიტომ აღაშფოთებენ მოკამათეებს, რომ ჩვენ მივყვებით მათ და არ მიგვყავს ისინი საღვთო წერილის კანონებამდე".49 გულგრილობა, სწავლების საქმეებში ერისკაცთა მხრიდან მოძღვრის შეუწევნელობა, ძალიან ანაღვლიანებდა წმ. ოქროპირს. „ნუ აგვკიდებთ ყველაფერს ჩვენ! - ღაღადებს არა ერთხელ, - თქვენ რა თქმა უნდა, ცხვრები ხართ, მაგრამ არა უტყვნი, არამედ გონიერნი... როდემდე უნდა ვისაუბროთ თქვენთან ამ ცხოვრების შესახებ? მოციქულებთან ასე არ იყო: ისინი ყოველთვის უშვებდნენ იმ მოწაფეებს, რომლებიც ადრე სწავლობდნენ მათთან, მათ მასწავლებლებად ტოვებდნენ იმათთან, ვისაც სწავლის სურვილი ჰქონდა. იმიტომაც შეძლეს მათ მთელი მსოფლიოს შემოვლა, რომ არ იყვნენ ერთ ადგილს მიჯაჭვულნი. იფიქრეთ, რამდენი დარიგება სჭირდება თქვენს ძმებს სოფლებში და თვით მათ მასწავლებლებს? თქვენ კი მიჭერთ მე, თქვენზე მიჯაჭვულს; იმიტომ, რომ სანამ კარგად არ მოეწყობა თავი, არ ეგების სხვა დანარჩენ ასოებთან მისვლა. თქვენ ყველა ტვირთს ჩვენ გვკიდებთ, როცა მხოლოდ თქვენ უნდა გესწავლათ ჩვენგან, ხოლო ცოლებს - თქვენგან, შვილებსაც ასევე - თქვენგან. პირიქით, თქვენ ყველაფერს ჩვენ გვიტოვებთ. ამის გამო აქვს ბევრი შრომა (მოძღვარს)"...50 რა თქმა უნდა, ეკლესიურ ხალხს ენერგიულად რომ მოეკიდა ხელი სწავლისთვის, მაშინ წმ. ოქროპირს არ ექნებოდა საჭიროება ესწავლებინა მხოლოდ კონსტანტინოპოლის ტაძარში, სულიერი შიმშილის დასაკმაყოფილებლად ის წავიდოდა სოფლებშიც, თავის დიდ ეპარქიაში...51 „იცოდეთ, ვისაც ხუთი ტალანტი მიეცა, ის მასწავლებელია; ხოლო ვისაც - ერთი, ის - მოსწავლე. თუკი მოსწავლე იტყვის: მე მოსწავლე ვარ, მე არ მეხება (სხვისი სწავლება) და დამალავს ღვთისგან მოცემულ სიტყვის მადლს, სრულებით არ განამრავლებს, არ შეაგონებს, არ დაარიგებს, არ ამხელს, არ დაარწმუნებს, როცა მას შეუძლია და თავის ნიჭს მიწაში დაფლავს, მაშინ ვერ გაამართლებს სიტყვები: მე მხოლოდ ერთი ტალანტი მაქვს. გქონდა ერთი ტალანტი? ერთი ტალანტი მაინც უნდა მოგეტანა, გაგეორმაგებინა. კიდევ ერთი ტალანტის მომტანს უფალი არ ეტყოდა: რატომ არ მოიტანე კიდევ ხუთი ტალანტიო; რატომ? იმიტომ, რომ ის აკეთებდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, იმის გამო არ გაზარმაცდა, რომ ხუთი ტალანტის მიმღებზე ნაკლები მიიღო, უზრუნველობის საბაბად არ გამოიყენა მცირე ნიჭი. ასევე შენც არ უნდა გეყურებინა ორი ტალანტის მქონეს, ისევე შენც უნდა მიგებაძა ორი ტალანტის მქონესათვის, რადგან თუკი სასჯელი ელოდება მდიდარს, რომელიც მოწყალებას არ აძლევს გლახაკებს, მაშინ მას, ვისაც შეუძლია რაიმე სახით შეგონება და ამას არ აკეთებს, უფრო დიდი სასჯელი არ ელოდება? სიმდიდრით ხორცი იკვებება, აქ კი - სული; იმით შენ დროებით სიკვდილისაგან გადაარჩენ, ამით კი - მარადიული სიკვდილისაგან".52 მჭევრმეტყველების ნიჭის არმქონეს შეუძლია იყოს „მასწავლებელი", „მოძღვარი თავისი სახლის, მეგობრების, სახელულის, ცოლის, შვილების"53 და მთელი მისი მიწიერი საცხოვრებელი გადააქციოს „ეკლესიად".54 „დიდი ეკლესიის" დამოძღვრის შესაძლებლობის არქონისას ერისკაცს შეუძლია ასწავლოს მცირეს და „უფრო მოხერხებულად" ვიდრე ეკლესიის მოძღვარმა. „მე თქვენთან ვსაუბრობ, - ამბობს მღვდელმთავარი, - კვირაში ერთელ ან ზოგჯერ ორჯერაც, შენ კი მუდმივად გყავს მოწაფეები, - ცოლი, შვილები, მოსამსახურეები - საღამოსაც, სადილზეც, და მთელი დღის განმავლობაში შეგიძლია ისინი აღზარდო".55 ამასთანავე, ერისკაცის სწავლების არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ თავისი ნათესავების, მეგობრების ვიწრო წრით, არამედ უნდა ვრცელდებოდეს „უცხოებზეც" და საერთოდ ყველა მოყვასზე.56 „ჩვენ თქვენ საშუალებას გაძლევთ ასწავლოთ, - ამბობს წმინდა მამა, - ქადაგება საქმეებით - ეს უფრო მნიშვნელოვანი სწავლებაა".57 ნუ შეძრწუნდები იმის გამო, რომ არა გაქვს „ნიჭი ქადაგების", ასწავლე... ქცევით და კეთილი საქმეებით".58 დაე, ყველა ერისკაცს ახსოვდეს, რომ „დაცემული ისჯება არა მარტო თავისი დაცემისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ სხვებსაც დასცემს; ისევე, როგორც შეუდრეკელი ჯილდოვდება თავისი მამაცობისთვის და იმსახურებს პატივისცემას იმისთვისაც, რომ სხვებში აღვიძებს მოშურნეობას".59 ...მანკიერებებისგან განშორებული ერისკაცები მოძღვრებზე არა ნაკლებ ხდებიან ეკლესიის მასწავლებელნი.60 „დიდი საქმეა, - ამბობს მსოფლიო მოძღვარი, - გახდე მსოფლიოს მასწავლებელი; ცოტას არ ნიშნავს, როცა ყველგან გაიგებენ, რომ ამ ქალაქში არავინ იფიცებს. თუ ეს ასე იქნება, თქვენ ჯილდოს მიიღებთ არა მარტო თქვენი გმირობისათვის იგივე, რაც მე ვარ თქვენთვის".61 რადგან „როცა ისწავლი ყველაფერ იმას, რისი დაცვაც ღმერთმა გამცნო, ამით შეიძენ ბევრ მიმბაძველს. შეიძლება მსმენელებს იმდენი სარგებელი არ მოუტანოს ჩემმა სიტყვებმა, როგორც - ჩვენმა ცხოვრებამ. სინამდვილეში თუკი იქნება ვინმე ღვთისათვის სათნო და სათნოებით ბრწყინვალე და ცოლიანი, - რადგანაც შეიძლება ღვთისათვის სათნო იყოს ისიც, ვისაც ჰყავს ცოლი და შვილები, მსახურები და მეგობრები, - მაშინ მითხარი, ასეთ ადამიანს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია ყველასათვის, ვიდრე მე? მე მისმენენ ერთხელ ან ორჯერ თვეში, ან ერთხელაც არა, და ისიც, რასაც მოისმენენ შეიძლება ახსოვდეთ ეკლესიის კარამდე, ხოლო შემდეგ მალევე ავიწყდებათ; ამასთანავე, მუდმივად მისი ცხოვრების შემყურენი მისგანვე დიდ სარგებელს იღებენ. რადგანაც თუ ის შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ უხდის სამაგიეროს, განა თავისი სიმშვიდით არ აღვიძებს შეურაცხმყოფელის სულში სინდისს"?62
47 იოან. LVIII, 4. VIII, I 48 იოან. LVIII, 3. VIII, I 49 ძვ. აღთქმის ბუნდოვანების შესახებ. I, 2. VI, I 50 კოლას. IX, 2. XI, I 51 წმ. მოწამეებზე, შემუსვრილებასა და მოწყალებაზე. I, 1. II, II 52 ებრ. XXX, 2. XII, I 53 რომ. XXIX, 5. IX, II 54 დაბად. II, 4. IV, I 55 საქმ. მოც. IV, 3. III, I 56 საქმ. მოც. XXIV, 4. IX, I 57 საქმ. მოც. III, 5. IX, I 58 საქმ. მოც. I, 5. III, II 59 იუდევ. წინააღმ. სიტყვა I, ნაწ. 5. I, II 60 1 კორ. III, 5. X, I 61 საქმ. მოც. VIII, 3. IX, I 62 2 თესალ. V, 4. XI, II
წიგნიდან „მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით" Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |