მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მრევლის მონაწილეობა სწავლებაში (ნაწილი 1)

მრევლის მონაწილეობა სწავლებაში (ნაწილი 1)


20-03-2019, 22:00

მრევლის მონაწილეობა სწავლებაში (ნაწილი 1)

 

 

   წმ. იოანე ოქროპირისთვის არ იყო დამცირება, რომ ეთქვა ეკლესიური ხალხისთვის: „მე არ ვამბობ უარს თქვენს მოსმენაზე: არა, მე მინდოდა თქვენ გამოგესწორებინეთ, მინდოდა თქვენგან მესწავლა".29 მაგრამ რადგანაც უკვე წმ. ოქროპირის დროს ეკლესიური ხალხი (მრევლი) „დაკავებული იყო ყოველდღიური საზრუნავით"30 და მანკიერებებში იძირებოდა,31 ხოლო სასულიერო დასში „შეიჭრნენ სჯულის გარდამავალნი, შემსყიდველნი",32 აუცილებელი იყო გარეგანი საშუალებები ეკლესიური ჭეშმარიტების შესაცნობად, - წმ. წერილი და საეკლესიო გარდამოცემა. „ნუ ელოდები სხვა მასწავლებელს, - შეაგონებს მღვდელმთავარი თავის უზრუნველ სამწყსოს, - გაქვს ღვთის სიტყვა, - არავინ არ გასწავლის ისე, როგორც ის. სხვა მასწავლებელი ხომ ზოგჯერ ბევრს მალავს, ხან პატივმოყვარების, ხან კი შურის გამო. მომისმინეთ, გევედრებით, ყველა ამ ცხოვრებას მიჯაჭვულმა, შეიძინეთ წიგნები - სულის სამკურნალო. თუ არ გინდათ სხვა რამე, იყიდეთ (უკიდურეს შემთხვევაში) ახალი აღთქმა მაინც, მოციქულთა საქმეები, სახარება - მუდამ ჩვენი დამრიგებლები".33

   „ნურავინ მეტყვით ამ გულგრილ და ყველანაირად გასაკიცხ სიტყვებს: მე მიჯაჭვული ვარ სამსჯავროს, ვეწევი საზოგადოებრივ საქმიანობას, ვმეცადინეობ ხელსაქმეში, მყავს ცოლი, ვზრდი შვილებს, ვმართავ ოჯახს, - მე ვარ ერისკაცი: ჩემი საქმე კი არ არის წმ. წერილის კითხვა, არამედ მათი, ვინც უარი თქვა ამ სოფელზე, დაიკავა მთის მწვერვალები და მუდმივად ასე ცხოვრობს. რას ამბობ, ადამიანო? შენი საქმე იმიტომ არ არის წმ. წერილის შემეცნება, რომ ჩაფლული ხარ ურიცხვ საზრუნავში! არა, ეს შენი საქმე უფროა, ვიდრე მათი: ისინი იმდენად არ საჭიროებენ წმ. წერილის დახმარებას, რამდენადაც უამრავ საქმეში ჩაფლულები. მონაზვნები განერიდნენ ხმაურსა და შფოთს და აღმართეს კარვები უდაბნოში, არავისთან არანაირი ურთიერთობა არა აქვთ, ამ სიმშვიდეში დაუბრკოლებლად სიბრძნისმოყვარეობენ, თითქოს ნავსაყუდელში ისხდნენ და ტკბებიან დიდი უშფოთველობით, ხოლო ჩვენ, რომლებიც ვღელავთ როგორც ზღვაში მყოფნი და უამრავ ცოდვას ჩავდივართ, ყოველთვის გვჭირდება წმ. წერილიდან... მუდმივი ნუგეშისცემა. შეუძლებელია, შეუძლებელია გადარჩენა მუდმივი სულიერი კითხვის გარეშე".34

   ერისკაცს ყოველთვის მისაბაძად უნდა ჰქონდეს „ეთიოპიის დედოფლის საჭურისის" მაგალითი,35 რომელიც ეტლში მჯდომი კითხულობდა წმიდა წერილს და არ ბრკოლდებოდა იმით, რომ არ ესმოდა წაკითხული.36 „აიღე წიგნი ხელში, იკითხე მთელი ისტორია, გასაგები დაიმახსოვრე, გაუგებარი და აუხსნელი კი რამდენჯერმე წაიკითხე; თუ მუდმივი კითხვით ვერ შეძლებ წაკითხულის გაგებას, ბრძენთან მიდი, წადი მასწავლებელთან, მიუტანე წაკითხული, დაანახე შენი გულმოდგინება; და ღმერთი შენს ასეთ მონდომებას რომ დაინახავს, არ უგულებელყოფს შენს გამუდმებულ ზრუნვას. თუ ადამიანმა არ განგიმართა საძიებელი, ის უეჭველად თვითონ აგიხსნის".37

   ცხადია „ბრძენში" მღვდელმთავარი გულისხმობს წმ. წერილში განსწავლულ ერისკაცს, ხოლო „მასწავლებელში" - მღვდელს. მაშასადამე, მღვდელმთავრის სიტყვიდან გამოდის: იმ შემთხვევაში თუ ისეთი დამმოძღვრავი არ არის, რომელიც შეძლებდა გაუგებარის გარკვევას, ერისკაცმა თვითონ უნდა დაძაბოს გონება ჭეშმარიტების შესაცნობად38 და ღმერთს სთხოვოს განმარტება... ეკლესიურ ხალხს არა აქვს უფლება შეუგნებლად39 მიიღოს სწავლება, თუნდაც ეს უკანასკნელი იმ ადამიანებმა მიაწოდონ, რომლებიც ეკლესიის იერარქიას მიეკუთვნებიან.40 სხვა შემთხვევაში ვიღებთ არა სწავლების შინაარსს, არამედ რწმენას ავტორიტეტული პირებისადმი, რომლებიც ქადაგებენ ცნობილ სწავლებას. ეკლესიური ცხოვრება ასეთ დროს, რა თქმა უნდა, კვდება.

   მღვდელმთავარი განსაკუთრებული ენერგიულობით ილაშქრებს ქრისტიანობის დოქტრინალურ საკითხებში მრევლის პასიურობის წინააღმდეგ და მიესალმება მის ქმედით მონაწილეობას ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების შენახვასა და დაცვაში. სასულიერო პირებიც ხომ ადამიანები არიან თავიანთი სისუსტეებითა და უძლურებებით. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება მათი აღიარება უცდომელებად და მათი სწავლების, როგორც ზეციური გამოცხადების მიღება ბავშვური მინდობილობით, გულუბრყვილობით.41

   „მე მოვედი, რომ გავიხარო თქვენი კეთილმოქმედებით, - ამბობს მღვდელმთავარი, - მე გავიგე, როგორ იბრძოდით ერეტიკოსების წინააღმდეგ და როგორ კიცხავდით მათ არასწორად შესრულებული ნათლობისათვის. უსაფუძვლოდ რომ არ ვამბობდი, რომ პატიოსანი ცოლი ქმრის არყოფნისას იგერიებს მემრუშეებს, ცხვარი მწყემსის არყოფნისას განდევნის მგლებს, მეთევზეებმა მესაჭის არყოფნისას გემი გადაარჩინეს, მებრძოლებმა მეთაურის გარეშე გამარჯვება მოიპოვეს, მოსწავლეებმა მასწავლებლის გარეშე წარმატებას მიაღწიეს, შვილები მამის გარეშე გაძლიერდნენ.42 და აი, ყველგან მწვანდება თავთავი: რამდენი ცხვარია და არსად არის მგელი; რამდენი თავთავია და არსად არის ეკლები; რამდენი ყურძენია და არსად არის მელია! მტაცებელი ცხოველები ჩაიძირნენ და მგლები დაიფანტნენ. ვინ განდევნა ისინი? მე, მწყემსმა - არა, არამედ - თქვენ, ცხვრებმა. ჰიო, მწყემსის არყოფნისას ცხოვრების სიმამაცე, მათ მოიგერიეს მგლები".43

   მღვდელმთავარი თავის სამწყსოს ასე აღფრთოვანებით ასხამს ხოტბას იმისათვის, რომ ის ბრმად არ ერწმუნა ერეტიკული ცდომილებების მქადაგებელი და ეკლესიაში შფოთის შემომტანი იერარქების მაღალ წოდებას და არ გაჰყვა მათ ბრმად, სწავლებასთან მქადაგებლის გაიგივებით, არამედ კრიტიკულად მიუდგა მათ ამაღელვებელ სიტყვებს.

   ამა თუ იმ მქადაგებლის ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის წმ. წერილთან მისი თანხმობა.44 „ვინც თანხმობაშია (წმ. წერილთან), ის ქრისტიანია, ხოლო ვინც არ ეთანხმება, შორს არის ამ წესიდან".45 მაშასადამე, დამღუპველ მწვალებლობაში რომ არ ჩავარდეს, მრევლი ბრმად არ უნდა მიენდოს სამღვდელოებას, არამედ იპყრას განსაზღვრული სწავლება, რომელიც თავის საფუძველში ეთანხმება ქრისტეს ეკლესიის წინა თაობის სწავლებას.46 (გაგრძელება...)

  

 

 

 

 

 

 

 

29 საქმ. მოც. III, 5. IX, I

30 მათ. LXXXV, 4. VII, II

31 მათ. IV, 7. VII, I

32 ეფეს. VI, 4. XI, I

33 კოლას. IX, I. XI, I

34  ლაზარეზე III, 1,2. I, II

35 დაბად. XXXV, 1,2. VI, I

36 ლაზარეზე III, 1. II

37 „ - "

38 დაბად. XXXII, 1. IV, I

39 2 კორ. II, 1. ნაწ. 2. III, I

40 ებრ. XI, 4. XII, I

41 2 ტიმ. II, 3. XI, II

42 სიტყვა აზიიდან დაბრ. შემდეგ ნაწ. 1. III, II

43 სიტყვა I გადასახლ. დაბრ. შემდეგ ნაწ. 2. III, II

44 ებრ. VIII, 4. XII, I

45 საქმ. მოც. XXXIII, 4. IX, I

46 2 თესალ. IV, 2. XI, II

 

 

 

 

 

 

 

 

წიგნიდან „მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით" 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება