მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით (ნაწილი 2)

მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით (ნაწილი 2)


17-03-2019, 22:42

მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით (ნაწილი 2)

  

   „ნუ იტყვი: მე საერო კაცი ვარ, მყავს ცოლ-შვილი, ეს საქმე კი სამღვდელოებისა და ბერმონაზვნებისაა. მაგრამ სამარიტელს არ უთქვამს: სად არის ახლა სამღვდელოება? სად არიან ფარისევლები? სად არიან იუდეველთა მასწავლებლები? არა, მან თითქოს ყველაზე დიდი ნადავლი ნახაო, ისე ჩაეჭიდა მას (ავაზაკთაგან გვემულს). რა შეიძლება ამას შეედაროს? რისი გაკეთებაც არ შეუძლია მარხვას, არც მიწაზე წოლას, არც ღამისთევასა და არც სხვა რაიმეს, იმას აკეთებს ძმის გადარჩენა. დაფიქრდი, შენმა ბაგეებმა რამდენი ღვთისმგმობელობა, რამდენი გინება ამოაფრქვია; და ეს ყველაფერი შეგიძლია დაცემულზე მზრუნველობით აანაზღაურო, რადგან მხოლოდ ამ საქმით შეძლებ განწმინდო მთელი ეს სიბინძურე. და რას გაწმენდ? შენს ბაგეებს აქცევ ღმერთის ბაგეებად".9 რაც მთავარია, იქნები ნამდვილი ქრისტიანი და გადარჩები. ეძიო საზოგადოებისთვის სასარგებლო, - აი, ქრისტიანობის უსრულყოფილესი წესი, აი, მისი ნამდვილი დანიშნულება, აი, მწვერვალი სრულყოფილებისა!.. ამას გამოხატავს მოციქული სიტყვითაც: „მობაძავ ჩემდა იქმენით, ვითარცა მე ქრისტესა". შენ ისე არაფრით შეგიძლია მიბაძო იესო ქრისტეს, როგორც მოყვასზე ზრუნვით; მარხულობ, გძინავს თუ მიწაზე აუძლურებ თავს, თუ არ ზრუნავ მოყვასზე, იცოდე მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებ და ამასთანავე დიდად ჩამორჩები მსგავსებისაგან".10 „არანაირი გმირობა არ შეიძლება იყოს დიდი, თუკი მას სხვებისთვის არ მოაქვს სარგებელი". „შენთვის სასარგებლოს იპოვი მაშინ, როცა დაიწყებ სარგებლის ძებნას მოყვასისათვის. თუკი არ გაქვს ძმაზე ზრუნვის მოშურნეობა, მაშინ გახსოვდეს, სხვაგვარად ვერ გადარჩები; იზრუნე მასზე და მის საქმეებზე შენი თავისთვის მაინც... სხვანაირად შეუძლებელია ცხონება; თუ შენ ვარჯიშობ უმაღლეს სიბრძნისმოყვარებაში, მაგრამ არ ზრუნავ სხვებისათვის, მათთვის - ვინც იღუპება, მაშინ არანაირი კადნიერება არ გექნება ღვთის წინაშე".11 როგორი დიდიც არ უნდა იყოს მონაზვნობა12, ქმედითი სიყვარულის გარეშე13, მსოფლიო მოძღვრის აზრით, ცხონებისათვის არასაკმარისია.14

   თავისი მეგობრის, ბასილის შეპასუხებისას, რომ მონაზვნობაშიც არ შეიძლება გადარჩენა ქმედითი სიყვარულის გარეშე, იოანე ოქროპირი პასუხობს: „მე თვითონაც არ მჯერა, რომ შეეძლოს გადარჩენა მას, ვინც არაფერს აკეთებს მოყვასის გადასარჩენად. უბედურ მონას ვერაფერში წაადგა ის, რომ ტალანტი არ მოაკლო, არამედ დაღუპა იმან, რომ არ გაამრავლა და არ მოიტანა ორჯერ მეტი (მთ. 25, 24-30). თუმცა, ვფიქრობ, რომ უფრო მსუბუქად დავისჯები მაშინ, როცა დამადანაშაულებენ, რომ არ გადავარჩინე სხვები, ვიდრე მაშინ, როცა დავღუპავდი სხვებსაც და საკუთარ თავსაც, როცა ასეთი პატივის (ეპისკოპოსების) მიღების შემთხვევაში გავხდებოდი უარესი. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა უკვე მელოდება ისეთი სასჯელი, როგორსაც ითხოვს ჩემი ცოდვების სიმძიმე, ხოლო ხელისუფლების (ეპისკოპოსობის) მიღების შემთხვევაში - არა ორმაგი და სამმაგი, არამედ მრავალჯერ აღმატებული სასჯელი მელოდა - მრავალთა ცდუნებისა და დიდი პატივის მომნიჭებელი ღმერთის შეურაცხყოფისათვის".15

   ამგვარად, სხვებზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარ თავზე; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერისკაცმა ან მონაზონმა უნდა მიატოვოს პირადი სრულყოფა და ისწრაფოდეს საზოგადოებრივი მოღვაწეობისკენ; უკანასკნელი შეუძლებელია პირველის გარეშე. პირად სრულყოფაზე ზრუნვა არის ფესვი, რომლიდანაც სხვათა გადარჩენის ტანი და ტოტები უნდა ამოიზარდოს. სხვები ნამდვილი ქრისტიანები რომ გახადო, საჭიროა ჯერ თვითონ გახდე ნამდვილი ქრისტიანი.

   „უდაბნო კი არ აქცევს განმარტოებულად, არამედ სიბრძნისმოყვარე ნება"16, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ქალაქშიც ჭეშმარიტად ქრისტიანულად ვიცხოვროთ.17 „პირველი ქრისტიანები, მოციქულთაგან განსწავლულნი, ცხოვრობდნენ ქალაქებში და ავლენდნენ მეუდაბნოეთა დამახასიათებელ კეთილმსახურებას".18

   მსოფლიო მოძღვარს მოყავს წმ. მეფე დავითის მაგალითი: „თუკი ამდენი საზრუნავის მქონე, უამრავ საქმეში ჩაფლული მეფე არ ცხრებოდა ღამითაც, მუდმივად აღასრულებდა ლოცვებს, მთებში მცხოვრებ ბერებზე მეტად გულმოდგინედ, მაშინ მითხარი, რა შენდობას მივიღებთ ჩვენ, რომლებიც ვცხოვრობთ მშვიდად, ვეწევით კერძო და არამოღვაწეობით ცხოვრებას, და ამასთანავე არა მარტო მთელი ღამე გვძინავს, არამედ დღის განმავლობაშიც არ ვასრულებთ დადგენილ ლოცვებს".19

   არ იწონებს რა საზოგადოებრივი საქმიანობისაგან ადამიანების პრინციპულ განრიდებას20 წმ. ოქროპირი მოწყალედ უყურებს სუსტებსა და უძლურებს. „ვისაც შეუძლია სხვების გამოსწორება, მან მიხედოს იმათ, რომლებიც მკურნალობისთვის მზად არიან და გახადოს ისინი უკეთესი; ხოლო ვინც სუსტია, ის მოერიდოს უწმინდურ ადამიანებს, რათა არ დასნეულდეს მათგან".21 მაგრამ ეს თავის არიდება საზოგადოებისგან უნდა იყოს დროებითი,22 იმ დრომდე, სანამ ადამიანი ფეხზე არ დადგება და ქრისტიანული ცხოვრებისკენ სხვების წაყვანა არ შეეძლება.23 ვაი მას, თუ ის თავის განმარტოებას პრინციპის ხარისხში აიყვანს და დაიწყებს მტკიცებას, რომ სწავლება საერთოდ მისი საქმე კი არ არის, არამედ - სამღვდელოების; ან, რომ არასაკმარისად იცნობს წმ. წერილს24 და არა აქვს მჭევრმეტყველების ნიჭი. მღვდელმთავარი განსაკუთრებული დაჟინებით უარყოფს ყველა იმ მტკიცებულებას, რომლებიც ერისკაცთა მიერ მოყვანილია ეკლესიურ ცხოვრებაში მათი პასიურობის გასამართლებლად: „ყველაფერს მოძღვრებს ნუ მიანდობთ, ყველაფერს წინამდგომარეთ ნუ აჰკიდებთ; თქვენც შეგიძლიათ დამოძღვროთ ერთმანეთი".25 ეკლესიის მოძღვრებს ეკლესიური სამწყსო არ აუყვანიათ თავიანთ განსაკუთრებულ „მფლობელობაში"...26

   ეკლესიაში, წმ. ოქროპირის აზრით, უნდა ბატონობდეს ჭეშმარიტების თავისუფალი კვლევა. ეკლესია მხოლოდ ამოწმებს ქრისტიანების პირად აზრებს... ჭეშმარიტების გამოცხადება ან გაცისკროვნება ეკლესიის ღვთაებრივი დამფუძნებლისაგან მომდინარეობს და ერთნაირად ენიჭება როგორც სწავლულებს, ისე უსწავლელებს.27 და თუ ერისკაცი ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, მაშინ ის ფლობს მასთან მყოფ ჭეშმარიტებასაც. ამის გამო ერისკაცს ეკლესიაში სწავლებაზე იგივე უფლება აქვს, რაც - იერარქებს. განსხვავება მხოლოდ ხარისხშია, სწავლების მოცულობაში, და არა - მის არსში.

   სასულიერო დასში ირჩევენ ყველაზე ნიჭიერ მასწავლებლებს, რომლებიც სამღვდელო საიდუმლოებაში მასწავლებლობის განსაკუთრებულ მადლს მიიღებენ. ერისკაცები კი ასეთ ნიჭებს ნაკლებად ფლობენ... „თუკი მოინდომებთ, თქვენ შეგიძლიათ ჩვენზე მეტი გააკეთოთ ერთმანეთისთვის, - ამბობს მღვდელმთავარი - რადგან თქვენ უფრო ხშირად ხვდებით ერთმანეთს, ჩვენზე უკეთ იცით თქვენი საქმეები, ხედავთ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, გაქვთ მეტი გულახდილობა, სიყვარული და თანაზიარობა... თქვენ ჩვენზე უკეთ შეგიძლიათ ერთმანეთის მხილებაც და შეგონებაც. ამასთანავე მე ერთი ვარ, თქვენ კი - ბევრი, და თქვენ ყველას შეგიძლიათ იყოთ მასწავლებლები".28

 

 

 

 

9 იუდეველთა წინააღმდეგ VIII, 4. I, II

10 1 კორ. XXV, 3. X, I

11 1 კორ. XXV, 4. X, I

12 სინანულზე V, 1. I, II

13 ებრ. XXVIII, 7. XII, I

14 ანომეველთა წინააღმდეგ VI, 3. I, II

15 მღვდლობის შესახებ VI, 10. I, II

16 ფსალმ. 140, 9. V, II

17 ეშმაკზე III, 1,2. II

18 მათ. LV, 6. VII, I

19 საუბარი ვნების შვიდეულზე, 6. V, II

20 1 კორ. XXXIII, 3. X, I

21 ფსალმ. 140, 9. V, II

22 მონაზვნობის მოწინააღმ. შესახებ. I, 7. I, I

23 მორწმუნე მამას. III, 18. I, I

24 იოან.XXXIX, 4; XV, 1; XVII, 4; XVIII, 4. VIII, I

25 ებრ.XXX, 2. XII, I

26 ეფეს. XI, 5. XI, I

27 1 ტიმ. II, 1,2. XI, II

28 საქმ. მოც. XXXVII, 3. IX, I

 

 

 

 

 

 

 

წიგნიდან „მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით"  

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება