მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > საფრთხის შემცველი სულისკვეთება

საფრთხის შემცველი სულისკვეთება


18-12-2020, 00:02

საფრთხის შემცველი სულისკვეთება

 

 

   საეკლესიო ტრადიციის პრაქტიკა, მსოფლიო კრებების უცილობელი პრინციპის თანახმად, ერეტიკოსთა და განხეთქილების მომქმედთა მიმართ ყოველთვის ერთიან პოზიციას აყალიბებდა და მათ ცრუსწავლებებსა და სულისკვეთებას საჯაროდ ამხელდა. ასევე, ბრალდებას ექვემდებარებოდა ყველა ის საეკლესიო მოღვაწეც, რომლებსაც ეკლესიის წიაღში მსგავსი ცრუსწავლება თუ შეხედულება შემოჰქონდათ.

   ბოლო დროს უცნაური მოვლენების მომსწრენი გავხდით. ზემოაღნიშნული ტრადიციული პრაქტიკა ხელოვნურად იქნა ნეიტრალიზებული ე.წ. „წმინდა და დიდ კრებაზე". 2016 წ. „კრებაზე" არნახული სიახლე ვიხილეთ - სტუმრის სტატუსით მოწვეულ იყვნენ პაპისტური, პროტესტანტული და მონოფიზიტური, ერეტიკული დენომინაციების წარმომადგენლები. კრეტის კრება სერიოზულ ხოტბას ასხამს „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" (ე.მ.ს.-ს) მუშაობას. ამ „კრებას" ლაიტმოტივად გასდევს მსოფლიო პატრიარქის სურვილი, იყოს პირველი არა თანაბრებს შორის, არამედ „პირველი არათანაბრებში", სადაც მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას პირად სამწყსოდ მოიაზრებს, როგორც ეს პაპიზმშია. კრეტის კრების მსვლელობისას არაერთგზის მოვისმენთ, რომ ამ დოკუმენტებს აქვთ „პანორთოდოქსული ავტორიტეტი" (მუხლი 13); ე.ი. სავალდებულოა მათთვისაც კი, ვინც კრებას არ ესწრებოდა. მაგრამ მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, „უპირობო ავტორიტეტად" ეკლესიის სისავსის მიერ გამოხატული დოგმატური თვითშეგნება გვევლინება და არა მსოფლიო პატრიარქი. მსგავსი სულისკვეთება მას შემდეგ მრავალგზის დააფიქსირა მსოფლიო პატრიარქმა. ის სრულიად უგულებელყოფს სხვა ადგილობრივი ეკლესიების უფლებამოსილებებს და „სასწაულებრივად", კანონების უხეში დარღვევით აღუდგენს „ავტონომიას" განხეთქილების მომქმედებს, უხეშად ერევა ადგილობრივი ეკლესიების იურისდიქციებში. ფაქტობრივად ართმევს მიტროპოლიებს და ა.შ. „უკრაინის ტომოსის" შემდეგ შესაძლოა ვიხილოთ ჩერნოგორიის, მაკედონიის, ბელარუსის, ვინ იცის აფხაზეთის „ავტოკეფალური ეკლესიებიც".

   ეს უკვე აღარაა ცალკეული პირის სუბიექტური შეფასება ან კერძო აზრი, არამედ ოფიციალურ დონეზე დეკლარირებული განცხადებები.

   ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიო პატრიარქის „პირველობის" ამბიცია ზღვარს გადავიდა და რეალურად საფრთხის შემცველი გახდა.

   ვადევნებთ რა თვალყურს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ ვითარებას, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების სინოდალურ თუ თეოლოგთა ცალკეულ განცხადებებს, იკვეთება აზრი: ჯერ ადგილობრივი ეკლესიების დონეზე (მღვდელმთავრების, სხვა სასულიერო პირების, მორწმუნე ერის) კანონიკურად შეფასდეს და შემდეგ მსოფლიო ეკლესიის სისავსის მიერ კრებსით დონეზე წერტილი დაესვას მსოფლიო პატრიარქის „ზეპატრიარქად", ხოლო კონსტანტინოპოლის საყდრის „ვატიკანად" გადაქცევის საშიშროებას.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება