მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > რატომ არ ვიცავთ ზნეობას და ეროვნულ ღირებულებებს?
რატომ არ ვიცავთ ზნეობას და ეროვნულ ღირებულებებს?26-02-2019, 07:49 |
დღეს ხშირად გაისმის მოწოდებები და ზოგჯერ საყვედურები იმ ადამიანების მიმართ, რომელნიც აქტიურად არ გამოხატავენ თავიანთ პროტესტს ზნეობის და ეროვნული ღირებულებების დამრღვევთა და დამკანონებელთა წინააღმდეგ. მრავალი ადამიანი სვამს დღეს ამ კითხვას და მსურს ჩემი მოკრძალებული აზრი მოგახსენოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ ვერ გავცემთ ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ მოსახლეობის თანამედროვე ზნეობრივი მდგომარეობის განხილვით. პასუხი ამ კითხვაზე უფრო სიღრმისეულად უნდა ვეძიოთ, რადგან დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა გახლავთ შედეგი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლისა სულიერი და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ. XVIII საუკუნიდან დაწყებული ეს ბრძოლა განსაკუთრებულად სასტიკ სახეს იღებს, რაც მარადიული ღირებულებების საწინააღმდეგო იდეოლოგიების ჩამოყალიბებით და რევოლუციებით გამოიხატება. მათი მიზანია გაანადგურონ ძველი წესრიგი და შექმნან ახალი ადამიანი. აქ გამოვარჩევდი ნიჰილიზმს - რომლის მიზანია ეროვნული და სულიერი ტრადიციების უარყოფა და სკეფტიციზმის დანერგვა, რომელმაც გამოაცხადა, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს; ჰუმანიზმი - რომლის მიზანია ადამიანის საყოველთაო ეტალონად წარმოჩენა (ღვთაებრივობასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე); ლიბერალიზმი - რომელიც ყალბ თავისუფლებას და ფარდობით სამართალს ქადაგებს და რომელიც ეკლესიაშიც შემოიჭრა; ათეიზმი - რომელიც პირდაპირ ღვთის უარყოფას ქადაგებს და მოდერნიზმი - რომელიც ცდილობს ახლებური, შერყვნილი მნიშვნელობა მიანიჭოს მარადიული ღირებულებების მქონე საგნებს.
ეს იდეოლოგიები უბრალო სიტყვების კრებული არ გეგონოთ. ეს არის მუდმივად მომუშავე მანქანა, რომელიც თავისი აქტიური ლიდერების და მიმდევრების პროპაგანდის მეშვეობით დიდი ხანია წარმოადგენენ უმრავლესობას ნებისმიერ ქვეყანაში. გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ ამ პათოლოგიური მსოფლმხედველობების მემკვიდრენი და თაობიდან თაობამდე აქტიური გამავრცელებელნი ვართ.
დღეს გაცილებით უფრო რთული მდგომარეობაა არამცთუ გასულ საუკუნესთან, არამედ, თუნდაც მხოლოდ ბოლო ათეულ წლებთან შედარებით. თანამედროვე ადამიანის დაცემული სულიერი, ზნეობრივი და მენტალური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობა ჩვენი დროის ყველაზე დიდი შეცდომაა. ამ აზრს დაწყებული XIX საუკუნიდან ეთანხმება ყველა თანამედროვე წმინდა მამა და მოღვაწე.
ამრიგად, ჩვენს კითხვას რომ ვუპასუხოთ აუცილებელია შევიგნოთ, რომ საზოგადოების უმრავლესობამ ზემოთ ჩამოთვლილი იდეოლოგიები მიიღო, გაითავისა და შეისისხლხორცა არა როგორც მცდარი სწავლებები ან გაუგებრობა, არამედ როგორც „ჭეშმარიტება". საზოგადოების უმრავლესობისთვის ეს შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია: ვიწრო გზით სვლიდან - ფართო გზით სვლისაკენ; არაკომფორტული მებრძოლი სულისკვეთებიდან - სრული კომფორტისაკენ; გარყვნილების თავშეკავებიდან - ცოდვის აუცილებლობით გამართლებისაკენ; ქვეყნის ინტერესებიდან - პირადი ინტერესებისაკენ.
გლობალიზაციამ და მატერიალური კეთილდღეობის ძიებამ დიდი ხანია შთანთქა ეროვნული სულისკვეთება. ნიჰილზმმა დიდი ხანია შექმნა სკეფტიკური დამოკიდებულება ეროვნული და სულიერი ლიდერების მიმართ. ადამიანებმა დაკარგა რწმენა, ნდობა, ერთგულება და რაც განსაკუთრებით გულსატკენია - მსხვერპლიანობის განცდა, რითაც გამოირჩეოდა ქართველი. ჩვენ ეროვნული და სულიერი ღირებულებების დასაცავად არამცთუ სიცოცხლე, არამედ ნახევარი საათიც არ გვემეტება. „მოაჩვენე თავი ქრისტიანად და ეროვნულად, შენ კი იცხოვრე ავხორცული კანონებით” - აი თანამედროვე ადამიანის ლოზუნგი.
ჩვენ ხშირად სულიერ-ეროვნულ სულისკვეთებას და რწმენას რომელიც გაგვაჩნია ჩვენსავე პიროვნულ მიღწევად, ერთგვარ ნორმად მივიჩნევთ. არა, ეს ღვთისგან მონიჭებული ნიჭი და ადამიანის თავდადებისა და შრომის ნაყოფია, რაც სხვა ადამიანს შესაძლოა არ გააჩნია. ზოგიერთ ჩვენგანს ამ საშინელი მანქანის თავისი ადამიანური, უსუსური საშუალებებით სრულიად დაძლევის ილუზია აქვს. მაშინ, როდესაც იმის ძალაც კი არ შეგვწევს, რომ საკუთარი ოჯახის წევრები გამოვასწოროთ და ჭეშმარიტი ორიენტირი ვაჩვენოთ. უფრო მეტიც, ჩვენ არ შეგვწევს საკუთარი თავიც კი გამოვასწოროთ და ახლობლებისთვის კეთილგონიერების ცოცხალი მაგალითი ვიყოთ.
ამრიგად, თუ ყოველივე ზემოთ თქმულს გავიაზრებთ, პირადად ჩემთვის გასაკვირი - არა მარადიული ღირებულებების დამცველთა სიმცირე, არამედ იმ მებრძოლთა რაოდენობაა, რომელნიც ჯერ კიდევ შემორჩნენ ჩვენს ქვეყანას. ამავე დროს რეალურად დაცემული სურათის გააზრებამ სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩაგვაგდოს და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მაგრამ, არა მხოლოდ ადამიანურ ძალებზე დაყრდნობით, არამედ ღვთის იმედით და უპირველესად საკუთარი ცხოვრების გამოსწორებით.
ჭეშმარიტი ქრისტიანები, "არაამსოფლისაგანნი" არიან. ისინი ყოველთვის „მცირე სამწყსოს" წარმოადგენდნენ და სულიერ ბრძოლაში გამარჯვებას ჰპოვებდნენ. ჩვენი ქვეყანა მცირერიცხოვანია და ისტორიულად მრავალრიცხოვან მტერს მრავალჯერ ღირსეულად გამკლავებია. ყოველივეეს მხოლოდ ღვთის წყალობით და განგებით ხდება იმ შემთხვევაში თუ ღმერთს არ ვუღალატებთ.
დავით ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |