მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მსოფლიო საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიაზე უფლებამოსილების და მომდევნო გეგმების შესახებ

მსოფლიო საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიაზე უფლებამოსილების და მომდევნო გეგმების შესახებ


31-03-2022, 13:54

მსოფლიო საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიაზე უფლებამოსილების და მომდევნო გეგმების შესახებ

 

   უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებაზე საუბრისას მართლმადიდებელი ეკლესია ორი საკვანძო საკითხის ირგვლივ უნდა შეჯერდეს:

   1) ვის დაქვემდებარებაში მოიაზრება უკრაინის ეკლესია - მსოფლიოსა თუ მოსკოვის საპატრიარქოების?

   2) ჰქონდა კი მსოფლიო საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება?

   ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად დავესესხებით ბერძენი ღვთისმეტყველის დეკანოზ ანასტასის (ნგოცოპულოსი) ნაშრომს „მცირეოდენი წვლილი დიალოგში უკრაინის „ავტოკეფალიის" შესახებ" (Небольшой вклад в диалог об украйнской „автокефалии"). საფუძვლიანი კვლევის პირველივე ნაწილში მოძღვარი ზემოთ მითითებულ შეკითხვებზე კომპეტენტური საეკლესიო დოკუმენტების საფუძველზე პასუხობს:

   ძირეული საკითხი გახლავთ ის, თუ რამდენად იმყოფება უკრაინის ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში. თუკი ეს ასე არ არის, მაშინ მას (კონსტანტინოპოლის საყდარს) არა აქვს კანონიკური უფლება ჩაერიოს სხვა ადგილობრივი ეკლესიების უფლებამოსილებაში (მე-11 მს. კრ. მე-2 კანონი, III მს. კრ. მე-8 კანონი; V-VI მს. კრ. 39-ე კანონი; ანტიოქ. მე-13 კანონი, სარდიკ. მე-3 კანონი და ა.შ.).

   კონსტანტინოპოლის საყდრისა და მისი მომხრეების პოზიციაა: თითქოს უკრაინის (კიევის) მიტროპოლია ოდითგანვე იმყოფებოდა მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და არასდროს აღიარებდა მის (უკრაინის) მოსკოვისადმი დაქვემდებარებას.

   თავის არგუმენტს „სინტაგმატიკონის"* საფუძველზე ამყარებს, რომელშიც რუსეთი მსოფლიო საპატრიარქოს მიტროპოლიადაა სახელდებული. 

   ერთი შეხედვით, ეს არგუმენტი ერთობ დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ საიმისოდ, რომ დაამტკიცო კიევის მიტროპოლიის კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში ყოფნა მიუთითო მხოლოდ უძველეს (ლევი დიდის XI საუკ.) „ტრაქტიკონს", და არაფერი თქვა მომდევნოებზე, თითქოს საეკლესიო ცხოვრება ამ რეგიონში იქვე შეჩერდა, არ მიგვაჩნია მართებულად. ცხადია, იმ პერიოდში და მომდევნო ხუთი-ექვსი საუკუნე ვიდრე XVI-XVII ს.ს. - მდე, რუსეთის ეკლესია მთლიანად ექვემდებარებოდა მსოფლიო საპატრიარქოს და მას ჰქონდა ხელდასხმისა და მსჯავრდების უფლებამოსილება, რასაც თავად რუსეთის ეკლესია არასდროს უარყოფდა.

   მაგრამ აქ მნიშვნელოვანი თარიღია გათვალისწინებული:

   1) 1593 წელი, როდესაც ოთხი ადგილობრივი ეკლესიის პატრიარქების გადაწყვეტილებით რუსეთის ეკლესია აღიარეს საპატრიარქოდ. (ავტორი მიუთითებს ბერძნულ ტექსტს. იხ. www.православный апологет; და

   2) 1686-1687 წ.წ. კონსტანტინოპოლის პატრიარქი დეოდორე IV თავისი პატრიარქული და სინოდალური აქტით ადგენს: „წმინდა კიევის მიტროპოლია დაექვემდებაროს ღვთივკურთხეული მოსკოვის წმინდა საპატრიარქოს". (იქვე). თავის წერილში პატრ. დიოდორე IV, არამართებული განმარტებისაგან თავის დაზღვევის მიზნით დასძენს: „კიევის მიტროპოლია, დაე დაექვემდებაროს მოსკოვის საპატრიარქო საყდარს, ხოლო მასში მოქმედმა მღვდელმთავრებმა თავის ხუცესად და წინამძღვრად მოსკოვის პატრიარქი, ვით მისგან ხელდასხმულები, აღიარონ" (იქვე).

   ამრიგად, მნიშვნელოვანია, კერძოდ, ვის ექვემდებარებოდა კიევის მიტროპოლია XVI-XVII ს.ს.-დან ვიდრე 2018 წლამდე, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ოფიციალურად მიანიჭა „უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია", სრულიად ეკლესიის თვითშეგნების მიხედვით.

   ამის პასუხს თავად კონსტანტინოპოლის ეკლესიის „სინტაგმატიონებში" მოთავსებულ ჩანაწერებში ვპოულობთ, რომელიც უტყუარ არგუმენტებს შეიცავს, თუ რომელი კანონიკური ადგილობრივი ეკლესიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა კიევი (უკრაინის) მიტროპოლია.

   1) ტაქტიკონი (NoTiTIA EPISCOPATUUM): იმ პერიოდის ყველა შენარჩუნებული „ტაქტიკონი" (XI-XV ს.ს.) რუსეთ-უკრაინის მიტროპოლია მსოფლიო საპატრიარქოს ეპარქიად მოიაზრება. (ტაქტიკონი 21 (XVIს.)).

   2) 1715 წლის იერუსალიმის პატრიარქის ქრისანფი (ნოტარისი) სინტაგმატიკონი დაწვრილებით აღწერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეპარქიებს, რომელშიც არ მოიხსენება კიევის ან უკრაინის სხვა საეპისკოპოსო. (66-69 გვ.).

   გარდა ამისა, 83-ე გვერდზე ვკითხულობთ: „მოსკოვის წმინდა საყდარს მიენიჭოს სათანადო პატივი და ღირსება, იქვე მოსკოვის საპატრიარქოს საზღვრებში ირიცხება უკრაინის ეპარქიაც და რომ ის მოსკოვის საყდრის დაქვემდებარებაში იმყოფება" (84-85 გვ.).

   ამრიგად, XVIII ს. დასაწყისში 1715 წ. უკრაინის ეპარქია რუსეთის ეკლესიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა.

   3) 1797-98 წ.წ. მღვდელმოწამე კონსტანტინოპოლელი პატრიარქი გრიგოლ V სინტაგმატიკონშიც უკრაინის ეპარქია არ მოიხსენება მსოფლიო საპატრიარქოს ფარგლებში.

   4) 1829 წ, 1855 წ, 1896 წ. სინტაგმატიკონებიც იმავე შინაარსისაა.

   ამრიგად, მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ დოკუმენტებში ვიდრე 2018 წლამდე უკრაინის (კიევის) მიტროპოლია რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში აღირიცხება, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს რუსეთის და არა მსოფლიო საპატრიარქოს უფლებამოსილებას უკრაინის ტერიტორიაზე.

   თავად მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 2008 წ. უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის დროს აღნიშნავს ამ ფაქტს.

   მსოფლიო პატრიარქი ასევე კანონიერად მიიჩნევდა მიტროპოლიტ ფილარეტისათვის ხარისხის აყრას (დათარიღებულია 26.08.1997-99 წ.). თან დასძინა, რომ მსოფლიო საყდარი სრულიად ეთანხმება რუსეთის ეკლესიის კომპეტენციას. ე.ი. მსოფლიო პატრიარქი მოსკოვის საპატრიარქოს უფლებამოსილად მიიჩნევს: 1) განახორციელოს მღვდელმთავრების ხელდასხმა; 2) აწარმოოს ეპისკოპოსის მსჯავრდება.1

   ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ კიევის მიტროპოლია საეკლესიო სამართლის სრული დაცვით, არის რუსეთის ეკლესიის ეპარქია.

   გარდა ამისა, მსოფლიო პატრიარქის მიერ შექმნილი და აღიარებული „უკრაინის ახალი ავტოკეფალური ეკლესია" წაახალისებს ახალ-ახალი „ავტოკეფალური ეკლესიების" შექმნასაც. (მაგ. ჩერნოგორიაში, მაკედონიაში, თუნდაც აფხაზეთში და ა.შ.).

   ისმის კითხვა, რა მიზანი იმალება ახალი „საპატრიარქოს" შექმნის ქვეშ? ელადის ეკლესიის ღვთისმეტყველი დეკანოზი ანგელოს ანგელაკოპულოსი მიიჩნევს, რომ ამ გაგებით მსოფლიო პატრიარქი შემდგომში პირველობის (არათანაბრებს შორის - primus sine paribus) ოფიციალურ და კრებსით დონეზე აღიარებას მოითხოვს. მსოფლიო საპატრიარქოს ახალი ტაქტიკის თანახმად, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იურისდიქციებში შეიქმნება „ახალი ავტოკეფალური ეკლესიები". ცხადია, ეს „ეკლესიები" აღიარებულნი იქნებიან მსოფლიო საყდრის მიერ, ვით მის უფლებამოსილებაში მყოფი და დაქვემდებარებული ეკლესიები, რის შემდეგაც შეუდგებიან ყველა ადგილობრივი ეკლესიის კანონიკური სტატუსის გადახედვას.

   ამგვარად, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებზეც, რომლებიც (ნებსით თუ უნებლიედ) აღმოჩნდებიან მსოფლიო საპატრიარქოს ზეგავლენის ქვეშ და აღიარებენ მის ხელისუფლებით პირველობას. შედეგად, მსოფლიო პატრიარქი იოლად მოიწევს მომდევნო მართლმადიდებელი ეკლესიის „წმინდა და დიდ კრებას", რომელზეც შესაძლებელი გახდება იურიდიულ დონეზე მსოფლიო პატრიარქის პირველობის (არათანაბრებს შორის) დაკანონება".2

   დასკვნის სახით კიდევ ვიტყვით: წმინდა წერილისა და წმინდა მამების სწავლების კვალდაკვალ ვერ ვაღიარებთ, რომ თითქოს მოციქულნი არ იყვნენ თანასწორნი და თანაბარუფლებიანნი ერთმანეთს შორის, ვინაიდან ამით იგმობა სულიწმიდა, რომელმაც ყველანი თანაბრად განანათლა; ან იმის, რომ ამა თუ იმ პატრიარქს, მიენიჭა უფროსობა ღვთაებრივი უფლებით, ან რომ ქრისტეს მთელ ეკლესიაში არსებობს ვინმე ბრძანებული ეპისკოპოსი და ვინმე თავი, გარდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

 

 

 

 

 

 

 

* სინტაგმატიონი - მიტროპოლიების, საეპისკოპოებისა, ადგილობრივი მართლმადიდებელი საპატრიარქოებისა და ეკლესიების წეს-წყობა თანმიმდევრობა. „სინტაგმატიონს" ადრე „ტრაქტაკონს" უწოდებდნენ, დღეს კი „დიპტიქი" ეწოდება.

1 https://fanarios.blogspat.com//2018/blogpost 25.html.

2 დეკ. ანგელოს ანგელაკოპულოსი. Полное Церковное общение экуменистов и раскольников и его последствие. Православный Апологет. ru.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება