მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 22 თებერვალი (ახ. სტ.) - ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (2014)

22 თებერვალი (ახ. სტ.) - ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (2014)


21-02-2023, 17:24

22 თებერვალი (ახ. სტ.) - ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (2014)

 

   მამა გაბრიელი დაიბადა თბილისში თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, ოჯახში სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა, ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი იყო, რომელიც მეუღლეს უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ვასილ ურგებაძე, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, და ამავე დროს შინსახკომის წარმომადგენელი იყო. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის გარდაცვალების შემდეგ მამა გაბრიელს მოფერებით, ვასიკოს ეძახდნენ. ერთხელ, მცირეწლოვანი ვასიკო ავად გახდა, მისი გადარჩენის იმედი არავის არ ჰქონდა, მაგრამ, მოულოდნელად ბავშვი გამოჯანმრთელებულა და თამაში დაუწყია.

   მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენიმეჯერ ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). 1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.

   მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაიკრძალა ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად — დღემდე უხრწნელია.

   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა და ეწოდა ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. წმ. მამა გაბრიელის ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაწესდა.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება