მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > წმინდანნი

წმინდანნი


9-05-2019, 22:17

წმინდანნი

 

   ბავშვობაში, წმინდანთა ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, თითქოს სულში ღვთიური სხივი შემოდიოდა, რაც სიტკბოებით, სიხარულით და სიმხიარულით მავსებდა და აღმანთებდა უფლის სიყვარულით და წყურვილით ზეციურისადმი. მაშინ მეძინა თუ მეღვიძა, ვსეირნობდი თუ ვინმეს ვესაუბრებოდი, ჩემი გონება ზეციურზე ფიქრობდა და გული უფალს არ შორდებოდა.

 

ბერი ფილოთეოსი

 

 

   დაუახლოვდი მართალთ და მათი საშუალებით ღმერთს მიუახლოვდები.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   კეთილი მაგალითი თითქოსდა ნიმუშია, რომელსაც სხვებიც გადაიღებენ.

 

ნეტარი იერონიმე

 

 

   კეთილსირნელების გამყიდველთან მისული ადამიანი სასიამოვნო სურნელს მიიღებს; ასევე ღვთისმოსავ მამებთან ურთიერთობის მქონე თავისდაშეუმჩნევლად ეჩვევა და მათ სათნოებებში ბაძავს.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   მომავალ საუკუნეში, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმიდა ადამიანები არასდროს არ შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მოდრეკას ცოდვისაკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს.

 

წმიდა გრიგოლ სინაელი

 

 

   სხვაგვარნი იყვნენ წარსულს წმიდა მოწამენი: დღეს რომ ზარავდათ ფიქრი წამებაზე, ხვალ იყვნენ უდიდეს ტკივილთა დამთმენნი და კადნიერი მადიდებელნი იესო ქრისტეს სხეულისა. ყოველივე ეს ღვთის მადლითაა, რომელიც რწმენით, სულის სიმდაბლითა და ლოცვით მოიკრიბება.

 

ბერი იოანე სამებელი (ტროიცკი)

 

 

   ღვთაებრივ მადლს შეიძლება ღვთაება უწოდო. წმიდანი ღვთაებრივი მადლის ზიარი ხდება, ხოლო იმდენად, რამდენადაც ღვთაებრივი მადლი ღვთაებრივი ბუნებისაგან განუყოფელია და განუშორებელი, წმიდანები ერთგვარი მიუწვდომელი და გამოუთქმელი სახით ამ ბუნების თანაზიარნი ხდებიან და ამავდროულად ბუნებით სხვანი რჩებიან.

 

გრიგოლ განმანათლებელი

 

 

   წმიდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს - ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისათვის და ცხოვნებისათვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვეტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?!... ამისთვის ყოველი სატანჯველი მათ სიხარულად აქცია ღმერთმა.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   წმიდანები გვეხმარებიან, როცა მართლაც არსებობს ამის საჭიროება და არა მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ ამის აუცილებლობაა. ანუ ისინი გვეხმარებიან მაშინ, როცა ეს ჩვენვე გვარგებს.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

   წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.

   რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.

   ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.

 

ფსალმუნნი 36-38

 

 

   წმიდანის პატივისცემას შეადგენს მისდამი მიბაძვა.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   წმიდანობა არის ის, რაც ადამიანს ახლიდან ქმნის - შემოქმედებითი ძალა. წმიდანი, - ეს არის ადამიანი, რომელშიც მადლი მყოფობს და მოქმედებს. წმიდანი - ისაა, ვინც სულიწმიდას თავის გულში ადგილი მიუჩინა; ეს თაბორის ნათლისაგან გაბრწყინებული სხივია.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   წმიდანობას თან სიფხიზლე და გონების სინათლე ახლავს. მოღვაწენი სრულიადაც არ იყვნენ ისტერიკები ან ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტელი თვითგვემით სიამოვნებას ღებულობენ. არა, პირიქით, ისინი მტკიცე ნების ადამიანები იყვნენ, რომლებსაც მოყვასთათვის სიყვარული და მშვიდობვა მოჰქონდათ. მაგრამ როცა ლოცვით აღხილვისას ისინი საკუთარ სულს ჭვრეტდნენ, ძრწუნდებოდნენ, რამდენად მბრძანებლობდა ცოდვა ადამიანზე.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   წმინდანები ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორებიც ჩვენ ვართ. ბევრ მათგანს უდიდესი ცოდვები ჰქონდა, მაგრამ მონანიებით მიაღწიეს სასუფეველს. ყველამ ვინც მიაღწია მას, მიაღწია მონანიებით, რომელიც გვაჩუქა ჩვენ მოწყალე უფალმა თავისი ტანჯვით. ცათა სასუფეველში, სადაც არის უფალი და მისი ყოვლადწმიდა დედა, ცხოვრობენ წმიდანები.

 

წმიდა სილუანი

 

 

   წმიდანები კეთილმსახური, ღმრთისმოყვარე და ღმრთივგანათლებული ადამიანები იყვნენ, რომელნიც სიტყვითა და საქმით, შრომითა და მოღვაწეობით ქრისტიანობის გავრცელებასა და განმტკიცებას, ქვეყანაზე ცათა სასუფევლის დამკვიდრებას ემსახურებოდნენ. ამიტომაც ჩარიცხა ისინი ეკლესიამ წმინდანთა დასში.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   წმინდანებს ესმით ჩვენი ლოცვა, ეს ჩანს წმინდანებთან გამოცდილებიდან. სულიწმიდაში, ჯერ კიდევ აქ, მიწაზე, წმინდანები ღებულობენ ამ საჩუქარს ნაწილობრივ, ხოლო აქედან გამგზავრებისას იგი იზრდება.

 

წმიდა სილუანი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება