მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტოცენტრული თუ ეპისკოპოცენტრული

ქრისტოცენტრული თუ ეპისკოპოცენტრული


24-12-2020, 15:37

ქრისტოცენტრული თუ ეპისკოპოცენტრული

 

 

   1. ეკლესიის ისტორია და სწავლება ცხადყოფს, რომ მის ყველა წევრს (ეპისკოპოსს, მღვდლებს, დიაკვნებს, მონაზვნებს, მორწმუნე ერს), საღვთისმეტყველო განათლებისა და მომადლებული ნიჭის შესაბამისად, გარკვეულ უფლებებთან ერთად მოვალეობებიც ეკისრებათ. წმინდა მამები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეკლესიის ერთიანი პოზიციის გამოხატვისას თუ პრობლემათა გადაწყვეტისას, კრებსითი პრინციპის უგულებელყოფის ნებისმიერი გამოვლინება უმძიმესი ცოდვაა ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ვისი მხრიდან იქნება ეს - პატრიარქისა თუ მასზე დაქვემდებარებული სასულიერო პირების მხრიდან.

   უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი, უკლებლივ ყველა, არის ქრისტეს ერთიანი სხეულის - ეკლესიის წევრი. პატრიარქებიც, ეპისკოპოსებიც, მღვდლებიც, დიაკვნებიც, ბერებიც და ერისკაცებიც ქრისტეს მონები ვართ. თითოეული ჩვენგანი ჩვენი წილი პასუხისმგებლობისამებრ უნდა ვასრულებდეთ ღვთის ნებას. ყველანი კი ურთიერთდამოკიდებულებაში ვართ ერთმანეთთან. ღმერთმა ასე განაგო: ორგანიზმის არც ერთ ნაწილს არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. ეკლესიის წევრი ბევრია, საკუთარი იერარქიული ხარისხითა თუ ნიჭით დაჯილდოებული, ხოლო სხეული - ერთი. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ: „თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი" (1 კორ. 12, 27). ამიტომ თავი სხეულისა (ვთქვათ პატრიარქი), ვერ იარსებებს სხეულის სხვა ორგანოების გარეშე: „ხოლო ვერ ხელეწიფების თუალსა, ვითარცა ჰრქუას ხელსა: არა მიხმ შენ, ანუ კუალად თავსა - ფერხთა, ვითარმედ: არა მიხმთ თქუენ" (1 კორ. 12. 21).

   შესანიშნავად გამოხატა ეს სწავლება წმ. იოანე ოქროპირმა. მან სასულიერო დასი შეადარა თავს, ხოლო ერისკაცები - ფეხებს, შემდეგ კი ძალიან ხატოვნად გადმოგვცა ეკლესიური თანასწორობა:

   „ხშირად, როცა ქუსლში ეკალი შეგესობა, მთელი სხეული ტკივილს გრძნობს და წუხდება, ზურგი იხრება, მუცელი და თეძოები იკუმშება, ხელები - როგორც იარაღის მტვირთველნი და მსახურნი, წინ გაიწვართებიან და იღებენ ხიჭვს, თავი იხრება და თვალები დიდი მზრუნველობით აკვირდება. ამგვარად, თუმც ფეხი სხეულის დაბალი ასოა და არ შეუძლია მაღლა ასვლა, თავი იხრება და უტოლდება მას, თანაბარ პატივს იღებს, მით უმეტეს, რომ ფეხები აიძულებენ თავს დაიხაროს არა მოწყალების, არამედ ვალდებულების გამო; მაშასადამე, თავი - როგორც უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი და მასზე უპირატესი, ვალდებულია მიაგოს პატივი და იზრუნოს ნაკლებ მნიშვნელოვანზე, იტანჯოს მასთან ერთად, რაც გამოხატავს მასთან თანასწორობას".1

   იმავე წმინდა მამასთან ვკითხულობთ: „ეკლესიაში არ არის მმართველთა ქედმაღლობა და არც ქვეშევრდომთა მონობა, არამედ არის სულიერი ხელმწიფება, რომელიც ყველაზე მეტს იძენს არა უმეტესი პატივის ძიებით, არამედ თქვენზე ზრუნვით და შრომით, ეკლესიაში უნდა ცხოვრობდნენ, როგორც ერთ სხეულში".2

   2. წმინდა წერილისა და წმინდა მამათა გამონათქვამებიდან ცხადად ჩანს, რომ იერარქიას უდიდესი მნიშვნელობა აკისრია ეკლესიის ცხოვრებაში. მოციქულები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ იერარქია ღვთისაგან არის დაშვებული (ებრ. 5. 4). მაგრამ ვერსად ვიპოვით, რომ მხოლოდ ეპისკოპოსები ფლობდნენ ქარიზმატულ ნიჭებს, ხოლო სხვა სასულიერო პირებსა თუ ერისკაცებს არ ენიჭებოდეს სათანადო ნიჭები ქრისტეს ეკლესიაში. მოციქულები ეპისკოპოსებთან, პრესვიტერებთან (ხუცესებთან) და დიაკვნებთან ერთად თანამსახურობდნენ. სად და როდის იყო ეს ვითარება? იერუსალიმში სულიწმინდის გარდამოსვლის დღიდან არის ქრისტიანული საზოგადოების იერარქია ერთობლივ მოქმედებებში წარმოჩენილი (Церк. Ист. III Евсевии).

   პავლე მოციქული ხუცესების მოღვაწეობას სულიწმიდის დადგენილებას უწოდებს და არა ადამიანურ გამოგონებას, როგორც ამას პროტესტანტები მიიჩნევენ. დიდად სამწუხაროდ, ზოგიერთი მართლმადიდებელი მღვდელმთავარიც კი აკნინებს მღვდლების როლს ეკლესიის ცხოვრებაში: „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღვაწედ და მწყსად ეკლესიისა უფლისა ღმრთისასა" (საქმე 20.28).

   პეტრე მოციქული ხუცესების დალოცვისას „თანახუცესებს" უწოდებს მათ: „ხუცესთა მათ თქუენ შორის ვლოცავ, ვითარცა თანახუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთა" (1 პეტ. 5. 1).

   იგივე ითქმის დიაკვნებზეც. (საქმე მოციქულთა).

   ამრიგად, ეკლესიის ბუნება ქრისტოცენტრულია და არა, როგორც სურს ეს ხშირად მავანს - ეპისკოპოცენტრული. გარდა ამისა, რომ ეს ანტიკრებსითი პრინციპი შიშისა და არა სიყვარულით მართვის გამოვლინება გახლავთ, ის ქმნის საფრთხეს დაუბრკოლებლად და უკონტროლოდ დანერგონ სიახლენი და მართლმადიდებლობისთვის უცხო სწავლება. ამგვარი კონსოლიდირებული სისტემა, მარტოოდენ ეპისკოპოსზე და არა კრებსით (პრესვიტერთან, დიაკვნებთან, ერთან) თანამუშაკობაზე ორიენტირებული, მიუღებელია მართლმადიდებლობისათვის. ამის ნიმუშად გამოდგება თუნდაც ეპარქიის ქონების მართვის საკითხი, რაც „პრესვიტერებისა და დიაკვნების შეთანხმებით უნდა გადაწყდეს" (ანტიოქიის 25-ე; კართაგენის 33-ე (42-ე); მოციქულთა 4-ე კანონი).

   3. ეპისკოპოცენტრული მართვის მომხრენი ხშირად აპელირებენ წმ. ეგნატე ანტიოქიელის სიტყვით: „სადაც ეპისკოპოსია, იქ არის ეკლესია, იქვე უნდა იყოს ხალხი, ისევე როგორც, სადაც იესო ქრისტეა, იქვე კათოლიკე ეკლესია".

   ცხადია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ წმინდანის თხზულებებიდან მარტოოდენ ამ აზრის გამოტანა და ძირითადი შინაარსის უგულებელყოფა სწორად არ მიგვაჩნია.

   ნიშანდობლივია, რომ წმ. ეგნატე ანტიოქიელი ქრისტეს ხატებად მიიჩნევს ეპისკოპოსს, მაგრამ მასთან ერთად, ამ პატივს პრესვიტერებსაც (ხუცესებს) და დიაკვნებსაც მიაკუთვნებს. მღვდელმსახურების ეს სამი ხარისხი იერარქიული წესის დაცვით, ერთიანად მოიაზრება ქრისტოლოგიურ ბუნებად, და არა მხოლოდ ეპისკოპოსი.

   თავად წმინდანის ეპისტოლეებში ნათლად იკვეთება აზრი, რომ ქრისტეს ეკლესიაში არა მხოლოდ ეპისკოპოსები, არამედ სამღვდელოებაც და დიაკვნებიც ერთობლივად თანამუშაკობენ. როცა ამბობენ, ეპისკოპოსის გარეშე არაფერი მოვიმოქმედოთ, იქვეა სწავლება: „... ასევე თქვენც არაფერი მოიმოქმედოთ ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების გარეშე".„არაფერი მოიმოქმედოთ ეპისკოპოსების გარეშე, ასევე დაემორჩილეთ პრესვიტერებს, ვით იესო ქრისტეს მოციქულებს - ჩვენ იმედს, რომლებშიც, ღმერთო, მოგვმადლე ცხოვრება. დიაკვნებსაც - იესო ქრისტეს მსახურებს ყველამ სათანადოდ მიაგეთ პატივი, ვინაიდან ისინი არა საკვებისა და სასმელის მსახურები, არამედ ღვთის ეკლესიის მსახურებია".4

   „ვინ არის ეპისკოპოსი თუ არა პირი, რომელსაც მთავარი უფლებამოსილება და ხელმძღვანელობა აკისრია, რამდენადაც კი ძალუძთ ქრისტე ღმერთის მიბაძვა? ვინ არის პრესვიტერი, თუ არა წმინდა კრება, მრჩეველი და თანამუშაკი ეპისკოპოსისა? ვინ არის დიაკონი, თუ არა ანგელოზთა დასის მიმბაძველი. ამრიგად, ვინც არ ემორჩილება მათ (მრავლობითშია თქმული), ის ადამიანი უღმერთო და უბადრუკია; მას სძულს ქრისტე და მისი დადგენილებანი".5

   მომდევნო თავში კი ნათქვამია: ყველამ პატივი მიაგეთ მათ (ეპისკოპოსებს, მღვდლებს, დიაკვნებს), ვინაიდან „მათ გარეშე არ არსებობს ეკლესია".მიაქციეთ ყურადღება: წმინდანი იყენებს სიტყვას „მათ" და არ ამბობს მხოლოდ ეპისკოპოსზე, უიმისოდ არ არსებობს ეკლესიაო.

   წმ. სვიმონ თესალონიკელი ამბობს, რომ არა მარტო ეპისკოპოსი, არამედ ყველა სამღვდელო ხარისხი არის ქრისტესეული:

   „ეპისკოპოსი არ ფლობს ყველა საეკლესიო მადლმოსილ ნიჭს. საუბარია ყველა ქარიზმატული ნიჭის თანამუშაკობაზე. არა მხოლოდ ეპისკოპოსის ქარიზმატული ნიჭი გახლავთ თანაზიარება ქრისტესთან. ეპისკოპოსის ქარიზმა არ არსებობს სხვა დანარჩენი მადლმოსილი ნიჭების გარეშე, არამედ მხოლოდ სხვასთან ერთად".7

   აღსანიშნავია, რომ ეკლესია, როგორც  ღმერთკაცობრივი მისტიკური სხეული ქრისტესი, უნდა განვასხვავოთ საეკლესიო ხელმძღვანელობისაგან. ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინ მოიაზრება ეკლესიად, როდესაც მკაფიოდ გამოხატავს ეკლესიის სწავლებას, ე.ი. განსაზღვრული პირობების დაცვის შემთხვევაში.

   მ. გიორგი ფლოროვსკი შენიშნავს: „მასწავლებლობის უფლებამოსილებას ეპისკოპოსი იღებს არა საკუთარი სამწყსოსაგან, არამედ ქრისტესაგან, მოციქულებრივი მემკვიდრეობის მეშვეობით. მაგრამ ძალაუფლების სისავსე მას საიმისოდ მიეცა, რომ დაამოწმოს ქრისტეს სხეულის კრებსითი გამოცდილება. ამ გამოცდილების თანახმად ის (ეპისკოპოსი) შეზღუდულია, ამიტომ სარწმუნოებრივ საკითხებში ხალხმა უნდა განსაზღვროს მისი მასწავლებლობის უფლებამოსილება. მორჩილების აუცილებლობა წყდება მაშინ, როდესაც ეპისკოპოსი გვერდს უვლის კრებსით ნორმას, ხოლო ხალხს ენიჭება უფლებამოსილება ბრალეულყოს და გადააყენოს კიდეც ის".8

   შემდეგ გამოჩენილი ღვთისმეტყველი წერს: „ეკლესიის მთელ სხეულს აქვს ჭეშმარიტების შემოწმების უფლება. უფრო სწორად რომ ვთქვათ, არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც. სწორედ ამ გაგებით განაცხადეს აღმოსავლეთის პატრიარქებმა ცნობილ ეპისტოლეში (1848), რომ „ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია (სისავსე), ანუ თვით მორწმუნე ხალხი".9

   ეკლესიის ამ შეხედულებას უამრავი ისტორიული მაგალითი ამყარებს, რაზეც გვისაუბრია სხვა ნაშრომებში.10

   ეპისკოპოსის მიერ არაკრებსითად მართვის სულიერი სნეულების შედეგები შესანიშნავად განიხილა ათონის მთის წმ. გრიგორიუსის მონასტრის წინამძღოლმა, არქიმანდრიტმა გიორგი კაფსანისმა:

   „ეპისკოპოსს შეუძლია ანტიკრებსითად მართოს თავისი ეპარქია შიშისა და არა სიყვარულის საფუძველზე. შედეგად ის იღებს სამწყსოს ბრმა სამხედრო დისციპლინას და არა მორჩილებას ქრისტეში. ასეთ შემთხვევაში ის მხოლოდ საკუთარ თავს მოიაზრებს ერთადერთ ქარიზმატიკოსად ეპარქიაში, უარყოფს ნიჭებს, რომლის მატარებელნი არიან ადგილობრივი ეპარქიის სხვა სასულიერო პირები და ერისკაცები. შედეგად კი, ნაცვლად ერთობის, ნიჭების კოორდინირებისა და ეკლესიის სასიკეთოდ გამოყენებისა, ეპისკოპოსი ციხის ზედამხედველს ემსგავსება. პატიოსანი მღვდლობა ასეთი იერარქისთვის იქნება არა „ეპისკოპოსის მრჩეველი", არამედ მხოლოდ ბრძანების შემსრულებელი. ამ შემთხვევაში პრესვიტერი ვერ გახდება თანამმართველი ეპისკოპოსისა, თანამოძღვარი მისი, იგი მსახურთა რანგში გადადის, იმ მსახურებისა, რომლებიც ხელმძღვანელის ბრძანებას, შესაძლოა, ზედმიწევნით, მაგრამ ენთუზიაზმისა და პირადი მონაწილეობის გარეშე ემორჩილებიან. იგი დაეჩვევა მოვალეობების ცივ, საეკლესიო-ბიუროკრატიულ აღსრულებას... იმ შემთხვევაში, როდესაც თავი მიიჩნევს, რომ ყოველივე თავად, სხეულის წევრთა გარეშე ძალუძს, ცხადია, ეს იწვევს სხეულისა და სულის სნეულებას".11

   ამრიგად, ცხადია, არ არსებობს ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე, არ არსებობს ის არც სხვა იერარქიის გარეშე. მაგრამ ხალხის გარეშე არც მხოლოდ ეპისკოპოსები და მღვდლები არ წარმოადგენენ ეკლესიას: ის ერთისა და მეორის (ერისა და ბერის) ურთიერთკავშირით შედგება.

   ეკლესიის, ვით ერთიანი სხეულის, ამოცანაა იყოს „ნათესავი რჩეული, სამეუფო სამღვდელო, თესლი წმინდა, ერი მოგებული" (1 პეტ. 2, 9), რომელიც მოითხოვს ჰარმონიულ თანაარსებობას განსხვავებულ სულიერ ნიჭთა პირობებში.

 

 

 

 

1 წმ. იოანე ოქროპირი. ციტ. ბროშ. მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში. წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით. თბ. 2002. გვ. 3.

2 იქვე. გვ. 4.

3 Писания мужей Апостольских. Послание св. Игнатия к Траллайцам. РПС. 2008. გვ. 348.

4 იქვე გვ. 350.

5 იქვე თავი 7.

6 იქვე გვ. 352.

7 Православный Апологет. Епископоцентральный или Христоцентральный.

8 ციტ. Арх. А. Анастасиу. Метеора. Критский Собор"хроника предномеренного отклоняния от курса. Правосл. Апологет.

9 იქვე.

10 იხ. ჭეშმარიტი სარწმუნოება. თბ. 2015. გვ. 297-305.

11 ნათელი სოფლისა. არქ. გ. კაფსანისი. ეკლესიის კრებსითი ბუნება. გვ. 56.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 



 


უკან დაბრუნება