მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > შესაწირი
შესაწირი30-04-2019, 00:02 |
გულწრფელობითა და ერთგულებით გაღებულ შესაწირავს, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს, ამიტომ ყოველ ღმრთისმოყვარე კაცს თავისი ნაყოფისგან ღმრთისთვის შეწირვა უნდა უყვარდეს. იმ შესაწირავთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ძველთაგანვე ეკლესიაში ხატთა წინაშე წმიდა სანთლის ანთებაა მიღებული. ხატის წინაშე სანთლის ანთებით ქრისტიანი ღმერთს უდასტურებს, რომ მისდამი მისი გულიცა და სულიც ერთგულებით, სიყვარულითა და სასოებითაა ანთებული.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
კეთილი თვალით ადიდე უფალი და ნუ დაამცრობ შენს ნახელავთა ნათავარს. მხიარული იყოს შენი სახე ყოველი გაცემისას და სიხარულით შესწირე მეათედი. მიეცი უზენაესს მისი მოცემისამებრ და კეთილი თვალით - შენი ხელით მონახვეჭისამებრ. რადგან უფალი სამაგიეროს მიმზღველია და შვიდწილად გადაგიხდის. ძღვენს ნუ შეამცირებ, რადგან არ მიიღებს, და ნურც უსამართლო შესაწირავის იმედი გექნება. რადგან უფალი მსაჯულია და მასთან პირფერობა არ ეგება. იგი არ მიიბრუნებს პირს გლახაკისაგან და შეისმენს მის მუდარას.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 34-36
სანთლის შესაწირავს მეორე მხარეც აქვს: იმ ფულით, რომელიც ეკლესიაში გაყიდული სანთლიდან რჩება, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღმრთის სათნო საქმე სრულდება. ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი სასულიერო სასწავლებლების შენახვას ხმარდება; თვით ეკლესიასაც შესამოსლების, წიგნების, სამკაულის, შენობების მოვლისა და შეკეთებისთვის მცირე ხარჯი არა აქვს; ხოლო თუ აქედან რაიმე გადარჩება, ის ობლების გამოსაზრდელადაა გამიზნული.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
ყოველი შესაწირავი და მსხვერპლი ჩვენი მხოლოდ მაშინ არის სათნო და სიყვარული ღმრთისათვის, თუ გული გვაქვს მიქცეული მისდამი, თუ სიყვარული და კეთილი ყოფაქცევა გამოგვარჩევს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |