მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ღვთისმშობელი

ღვთისმშობელი


28-08-2019, 21:49

ღვთისმშობელი

 

   მარიამი, განხორციელებული ღმრთის, იესუ ქრისტეს დედა, წმიდათა იერარქიაში უპირველესია, ეკლესია მას უწოდებს: ყოვლადწმიდას, კურთხეულს, მარად ქალწულს, ღმრთისმშობელს, ქერუბიმთა უპატიოსნესსა და სერაბიმთა უზეშთაესსა და სხვა მრავალ აღმატებულ სახელს (ლუკა 1, 28-48). ღმრთისმშობლის, იოანე ღმრთისმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის და მათ კვალზე წასულების ღვაწლით, რომელთაც დაიცვეს უბიწოება, ქალწულებას კვლავ დაუბრუნდა თავისი პირვანდელი დიდება (დაბ. 2, 25).

 

არქიეპისკოპოსი პავლე

 

 

   ო, როგორ უყვარს ყოვლად წმიდა ღვთისმშობელს ყველა, ვინც კი იცავს ქრისტეს მცნებებს, როგორ სწუხს იმათზე, რომელნიც არ სწორდებიან. მე გამოვცადე ეს ჩემზე. არ ვცრუობ. ღმერთის წინაშე ვლაპარაკობ: სულით მე ვიცნობ ყოვლადწმიდა ქალწულს. მე იგი არ მინახავს, მაგრამ სულიწმიდამ შემამეცნებინა ის და მისი სიყვარული ჩემდამი. თუ არა მისი გულმოწყალება, მე დიდი ხნის დაღუპული ვიქნებოდი; მან მოინდომა მწვეოდა მე და შთამეგონებინა, რომ მე არ ჩამედინა ცოდვები. მან მე მითხრა: „არ მსიამოვნებს ვუყურო იმას, რასაც შენ აკეთებ". მისი სიტყვები იყო სასიამოვნო, წყნარი, მშვიდი; იგი საოცრად მოქმედებდა სულზე. 40 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ რა უნდა მივაგო მე ცოდვილმა ამ სიყვარულისთვის. როგორ გადავუხადო მადლობა კეთილ, საყვარელ დედა ღვთისას. ჭეშმარიტად, იგი ქომაგია ჩვენი ღმერთის წინაშე. მისი სახელის ხსენებაც ახარებს სულს. მთელი ზეცა და მთელი დედამიწა ხარობს მის სიყვარულზე.

 

წმიდა სილუანი

 

 

   როცა მე ვიყავი ახალგაზრდა მორჩილი, ერთხელ ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ და იესოს ლოცვა შევიდა ჩემს გულში, თვითონ წარმოითქმებოდა. ერთხელაც ეკლესიაში მე ვუსმენდი ისაიას წინასწარმეტყველების საკითხავს და სიტყვებზე: „განიბანენით და წმიდა იქნებით" (ის. 1, 16) გავიფიქრე: „ეგებ ღვთისმშობელმა შესცოდა ოდესმე თუნდაც ფიქრით", და საოცრება, ჩემს გულში ლოცვასთან ერთად ხმამ ნათლად სთქვა: „ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს ფიქრითაც კი". ასე სულიწმიდამ ჩემს გულში დაამოწმა მისი სისუფთავე. მიწიერი ცხოვრების დროს ჰქონდა მასაც ზოგიერთი უცოდველი შეცდომები; ეს ჩანს სახარებიდან, როცა იერუსალიმიდან დაბრუნებისას არ იცოდა სად იყო მისი ძე და შემდეგ იოსებთან ერთად სამი დღე ეძებდა მას (ლუკ. 2. 44-46).

 

წმიდა სილუანი

 

 

   როცა სული ღმერთის სიყვარულშია, ო, რა კარგია მაშინ ყველაფერი, რა საყვარელი და სასიხარულო, მაგრამ ღმერთის სიყვარულის დროსაც არის სევდა და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია ნაღველი. ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს არც ერთი ზრახვით და არასდროს არ დაუკარგავს მადლი, მაგრამ მასაც ჰქონდა უდიდესი ტანჯვა; ხოლო როცა იგი იდგა ჯვართან, მაშინ უსაზღვრო, როგორც ოკეანეა, ისეთი იყო მისი მწუხარება; მისი სულის ტანჯვა შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე ადამის ტანჯვა სამოთხიდან განდევნისას, იმიტომ რომ ღვთისმშობლის სიყვარულიც შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე ადამის სიყვარული სამოთხეში. თუ იგი დარჩა ცოცხალი, მხოლოდ იმიტომ, რომ უფლის ძალამ განამტკიცა იგი, უფალს სურდა, რომ მას ეხილა მისი აღდგომა და რომ ამაღლების შემდეგ იგი დარჩენილიყო დედამიწაზე მოციქულების გასამხნევებლად და სასიხარულოდ, ასევე ახალი ქრისტიანული ხალხისთვის.

 

წმიდა სილუანი

 

 

   საოცარი და მიუწვდომელი საქმეა. იგი ცხოვრობს ზეცად და განუწყვეტლივ ხედავს ღმერთის დიდებას, მაგრამ არ ვავიწყდებით ჩვენც, თავისი გულმოწყალებით იფარავს მთელ დედამიწას, ყველა ადამიანს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უფალმა გვაჩუქა ჩვენ. იგი ჩვენი სიხარულია და იმედი. იგი ჩვენი დედაა სულით და ახლობელია ბუნებით, როგორც ადამიანი ქრისტიანი ყოველი სული მიისწრაფის მისკენ სიყვარულით.

 

წმიდა სილუანი

 

 

   ღვთისმშობელს ადამიანთა უბედურებისა და ცოდვებისაგან დახსნა ძალუძს, რაზეც ეკლესიის გამოცდილება მეტყველებს, მას შეუძლია, ხსნა მოგვანიჭოს, სეევედროს ძეს თვისას - სამყაროს მხსნელს.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   ყველა წმიდანმა მრავალი ქება უძღვნა ღმრთისმშობელს, მაგრამ მე, გლახაკმა, ვერ ვპოვე უფრო მშვენიერი და ტკბილი ქება, ვიდრე მისი მოწოდება და ყოველ წამს მოხმობა: „დედაო! ჩემო ტკბილო დედავ! დაე მიიღოს შენმა ხელებმა ჩემი სული და მათ გადასცენ იგი თავის შემოქმედს, მხოლოდშობილ ძეს. სხვა არაფერი გვსურს, ჩვენო ტკბილო დედავ, თუ არა ღმრთაებრივი აღგზნებისას მოტყინარე სიყვარულის სახმილში სულის განტევება. როცა გიზგიზებს ჩვენი სული და გონება ჩერდება და ქრის კეთილსურნელოვანი სუნთქვა სუსტ ნიავში და წყვდიადით იფარება, როცა გრძნობები ირინდება და მეფობს სასურველი წადილი, სიყვარული და სიცოცხლე, მუდამ ტკბილო იესო!"

 

იოსებ ათონელი

 

 

   ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშობლის სიყვარულის სისრულეს, ამიტომაც ვერ გავიგებთ სისრულით მის ტანჯვას. მისი სიყვარული იყო სრულქმნილი. მას უსაზღვროდ უყვარდა ღმერთი და ძე თვისი, მაგრამ მას უყვარდა ადამიანებიც უდიდესი სიყვარულით. წარმოიდგინეთ, რა განიცადა მან, როცა ამ ადამიანებმა, რომლებიც მას ასე ძლიერ უყვარდა და რომელთა გადარცენა ასე გულით ეწადა, ჯვარზე გააკრეს მისი საყვარელი ძე? ჩვენ ამის ჩაწვდომა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენში მცირე სიყვარულია ღმერთისადმი და ადამიანების მიმართაც. როგორც სიყვარული ღვთისმშობლისა უსაზღვროა და მიუწვდომელი, ასევე მისი ტანჯვაც უსაზღვრო და მიუწვდომელია ჩვენთვის.

 

წმიდა სილუანი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება