მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონების ჭეშმარიტი არსი

IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონების ჭეშმარიტი არსი


21-12-2020, 00:02

 

 

   2018 წ. (1-3 სექტემბერი) კონსტანტინოპოლის საყდრის სინაქსისზე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოთქვა აზრი, რომ საეკლესიო - სამართლებრივ - სააპელაციო უფლებამოსილება ქრისტეს ეკლესიაში კონსტანტინოპოლის წინამძღვრის პრეროგატივაა.

   „მსოფლიო საყდრის იურისდიქციაში მყოფმა ყველა მღვდელმთავარმა, შესანიშნავად იცის, რომ IV მსოფლიო კრებამ, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, კონსტანტინოპოლის საყდარს „აპელაციის" განსაკუთრებული პრივილეგია მიანიჭა მე-9 და მე-17 კანონების განჩინებათა თანახმად".1

   მოდით, გავარკვიოთ, სინამდვილეში რას ამბობს კრების კანონები და რა ინტერპრეტაციას გვთავაზობს კონსტანტინოპოლის მხარე.

   მე-9 კანონში ვკითხულობთ:

   „... თუ კლირიკოსს თავის, ან სხვა ეპარქიის ეპისკოპოსთან აქვს სამართლებრივი დავა, მაშინ სამთავროს კრებამ გადაწყვიტოს; ხოლო თუ მიტროპოლიტის უკმაყოფილო იქნება ეპისკოპოსი ან კლირიკოსი, მაშინ ან დიდი სამთავროს ეგზარქოსს მიმართოს, ან კონსტანტინოპოლის სამეუფეო საყდარს და მის წინაშე გასამართლდეს".

   მე-17 კანონი:

   „... ვინც თავისი მიტროპოლიტის მხრიდან დაიჩაგრება, შეუძლია მიმართოს დიდი სამთავროს ეგზარქოსს, ანდა კონსტანტინოპოლის საყდრის სამსჯავროს..."

   აღნიშნული კანონები მრავალი ადგილობრივი ეკლესიის თეოლოგებისა და სასულიერო პირების აქტიური განხილვის საგანი გახდა. აქედან გამოტანილი საერთო აზრი ამგვარად ჩამოყალიბდა:

   ეს კანონები კონსტანტინოპოლის საყდრის მიერ იმგვარად განიმარტება, თითქოს კლირიკოსებსა და ეპისკოპოსებს უფლება ეძლევათ წარმართონ საეკლესიო სამსჯავრო საკუთარ ან კონსტანტინოპოლის პატრიარქთან. მსგავს მოსაზრებას განაპირობებს ის, რომ "დიდი სამსჯავროს ეგზარქოსში" თითქოს პატრიარქები მოიაზრებიან. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი საფუძველი სხვა პატრიარქებს (კონსტანტინოპოლის გარდა) ეგზარქოსები ვუწოდოთ. არსად მსოფლიო კრების კანონებში ეს არ ჩანს. ავტორიტეტული კანონისტების უმრავლესობა (ბალსამონი, ზონარა, ნიკოდიმოს მილაში) თანხმდება იმ მოსაზრებაზე, რომ „ეგზარქოსებში" იგულისხმებიან დამსახურებული და დიდი კათედრების - დიოცეზების - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მიტროპოლიტები, რომელთა კანონიკური ტერიტორიები სწორედ IV მსოფლიო კრების პერიოდში შეიქმნა (იხ. IV მს. კრ. 28 კანონი). ასე რომ, საუბარია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონიკურ საზღვრებში სამსჯავროსა და აპელაციის და არა სხვა საპატრიარქოების უფლებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აბსურდული ვითარება იქმნება: ამ კანონებმა თითქოს რომის პაპებზე, იმ პერიოდში უთუოდ დიპტიხით პირველებზე, აღმატებული უფლება-მოსილება კონსტანტინოპოლს მიანიჭა.

   ბალსამონი მე-9 კანონის განმარტებისას ამბობს: „სამთავროს ეგზარქი, როგორც მგონია, არ არის ცალკეული სამთავროს მიტროპოლიტი, არამედ მიტროპოლიტია დიდი სამთავროსი. ხოლო დიდი სამთავრო საკუთარ თავში მრავალ სამთავროს მოიცავდა. ეგზარქოსების ეს უპირატესობა ამჟამად არ მოქმედებს, ვინაიდან თუმც ზოგიერთი მიტროპოლიტი ეგზარქოსად იწოდება, მაგრამ არ ჰყავს სხვა დაქვემდებარებული მიტროპოლიტები სამთავროში. ამრიგად, შესაძლოა იმ დროს იყვნენ, ან თავადვე გახლდნენ სხვა სამთავროს ეგზარქოსები, ოღონდ ისინი კანონებით მინიჭებული უპირატესობებით უკვე ვეღარ მოქმედებენ".

   მე-17 კანონის ზონარასეულ განმარტებაში წერია:

   კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ დგინდება უკლებლივ ყველა მიტროპოლიტის მსაჯულად, არამედ მას მხოლოდ მასზე დაქვემდებარებული მიტროპოლიტები შეუძლია განსაჯოს. ასე მაგალითად, მას არა აქვს უფლება თავის მსჯავრს დაუქვემდებაროს სირიის ან პალესტინის, ფინიკიის ან ეგვიპტის მიტროპოლიტები მათი ნების გარეშე, რამეთუ სირიის მიტროპოლიტები უშუალოდ ემორჩილებიან ანტიოქიის პატრიარქის საყდარს და, შესაბამისად, ექვემდებარებიან მის სამსჯავროს, ხოლო პალესტინელები - იერუსალიმის; ეგვიპტელები უნდა განსაჯოს ალექსანდრიის პატრიარქმა, რომლისგანაც ისინი ქიროტონიას იღებენ და რომელსაც უშუალოდ ექვემდებარებიან".2

   IV მსოფლიო კრების მე-17 კანონის განმარტებისას ეპ. ნიკოდიმ (მილაში) სწორედ ზონარას ზემოთ მითითებულ განმარტებას იშველიებს, ციტირების აუცილებლობას კი ასე ასაბუთებს: „იმისათვის, რომ ვინმემ არ იფიქრობს, თითქოს კონსტანტინოპოლის პატრიარქს ჰქონდა ყველა მიტროპოლიტზე უპირობო უფლება თავისი საპატრიარქოს საზღვრებს გარეთაც, მოვიყვანთ შემდეგ ციტატას ზონარას მიერ ამ კანონის განმარტებიდან".3

   კონსტანტინოპოლის საყდრის ამბიციის სამხილებელ არგუმენტებს წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელის სიტყვაშიც ვპოულობთ. აღსანიშნავია, რომ თავად წმინდანი კონსტანტინოპოლის ადგილობრივი ეკლესიის ერთგული და ღირსეული წევრი იყო. მისი საღვთისმეტყველო ნაშრომები უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ის მღვდელმონაზონ აღაპისთან ერთად, გახლავთ თანაავტორი და შემდგენელი წიგნისა „პედალიონი" (ანუ ბერძნული „მესაჭე"), რომელიც 1800 წლიდან დღემდე კონსტანტინოპოლისა და სხვა ბერძნული ეკლესიების ოფიციალურ კოდექსად მიიჩნევა.

   აღნიშნულ ავტორიტეტულ ნაშრომში („პედალიონი") წმ. ნიკოდიმ მთაწმინდელი წერს: „ის, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს არა აქვს უფლება იმოქმედოს სხვა საპატრიარქოების დიოცეზებში, რომ მას არ ეძლევა საბოლოო აპელაციის უფლება მთელ ეკლესიაზე, ირკვევა შემდეგით:

   1) ქალკედონის კრების მე-4 საქმეში (деяние) ვკითხულობთ: ანატოლი კონსტანტინოპოლელმა მოქმედებები თავისი ეპარქიის მიღმა აღასრულა - ეპისკოპოს ფოტის ტირის ეპარქია ჩამოართვა და ევსევი ბეირუთელს გადასცა. შემდეგ განკვეთა ფოტი, რის გამოც მიიღო საყვედური ხელისუფლებისაგან და მთლიანი კრებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანატოლი მრავალი არგუმენტით ცდილობდა თავი გაემართლებინა, მისი მოქმედებები კრებამ გაანულა. ფოტი კი გაამართლეს და დაუბრუნეს ტირის ეპარქია. ისააკ ეფესელმა სწორედ ამის გამო მიმართა იმპერატორ მიხეილ I პალეოლოგს, რომ კონსტანტინოპოლის უფლებამოსილება არ ვრცელდება აღმოსავლეთის საპატრიარქოებზე. (Пахирер. Кн. 6. Гл. 1).

   2) სახელისუფლო და საიმპერატორო კანონები არა იმგვარად განსაზღვრავენ, რომ მხოლოდ კონსტანტინოპოლის სამსჯავროს გააჩნია აპელაციის უფლება, არამედ (ამბობენ) განუსაზღვრელად (შეუზღუდავად): „ყოველი პატრიარქი და საპატრიარქო" მრავლობითში.

   ამრიგად: თუკი ამ იმპერატორთა კანონმდებლობის თანახმად, რომელიც თანხვედრაშია წმინდა კანონებთან, ნებისმიერი პატრიარქის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება აპელაციას, ე.ი. არ ექვემდებარება არც სხვა პატრიარქის სამსჯავროს, მაშინ როგორღა შეძლებს კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ამის გადახედვას? თუკი IV მსოფლიო კრების მე-9 კანონი, ისევე როგორც მე-17 კანონი, მიზნად ისახავდა კონსტანტინოპოლელისთვის დანარჩენ პატრიარქებზე საბოლოო აპელაციას, საბოლოო ინსტანციის უფლებამოსილებას, მაშინ იმპერატორები როგორ ადგენდნენ დიამეტრულად საპირისპიროს? საყოველთაოდ ცნობილია, რომ სახელწმიფოებრივი კანონები, რომლებიც არ ეთანხმებოდა საღმრთო კანონებს, გაბათილებულად მიიჩნეოდა.

   3) თუკი პაპისტების მსგავსად ვაღიარებთ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს აქვს სხვა პატრიარქების მსჯავრდების უფლება, რადგან კანონი არ უშვებს არავითარ გამონაკლისს არც ერთი პატრიარქისთვის, შესაბამისად უნდა ისიც ვაღიაროთ, რომ მას (კონსტანტინოპოლელს) რომის ეპისკოპოსის მსჯავრდებაც შეუძლია. ამრიგად, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი აღმოჩნდება პირველიც და უკანასკნელიც, მათ შორის რომის პაპის უფლებამოსილებაზე უპირატესი (იგულისხმება განხეთქილებამდე მყოფი ეკლესიის (1054) კანონმდებლობა).

   4) თუკი არავის - არც მიტროპოლიტს, არც პატრიარქს არა აქვს უფლება იმოქმედოს თავის საზღვრებს მიღმა მყოფ ეკლესიებში, არამედ მხოლოდ საკუთარ საზღვრებში (მოც. 34, 35 კანონ; I მს. კრ. 6, 7 კანონ; II მს. კრ. 3, 8 კანონ; VI მს. კრ. 20, 36, 39 კანონი; სარდიკიის 3, 11, 12 კანონი; ანტიოქიის 9 კან. და სხვა), მაშინ აღნიშნული კანონებით (მე-9; მე-17) როგორ შეიძლება ამის საპირისპირო დადგენილებების მიღება?

   5) თუკი კონსტანტინოპოლის პატრიარქებს მიენიჭა ასეთი პრივილეგია, მაშინ პაპებთან კამათისას რატომ არ ამბობდნენ ისინი, რომ პირველობის უფლებამოსილება და უპირატესობა მხოლოდ მათ გააჩნიათ? ან რატომ არც ერთ ქრისტიანს პოლემიკის დროს არ უთქვამს, რომ კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ვინმეზე უპირატესია?

   ამრიგად, უფალი მეფობს! ჭეშმარიტი არსი აღნიშნული (მე-9, მე-17) კანონებისა შემდეგში მდგომარეობს: დიოცეზების ეგზარქოსი, ბალსამონის თანახმად, არ გახლავთ ეპარქიული მიტროპოლიტი (ვინაიდან დიოცეზი მოიცავს მრავალ ეპარქიასა და მიტროპოლიას), მაგრამ დიოცეზური მიტროპოლიტი არც პატრიარქია, რაც II მს. კრების მე-6 კანონიდან ჩანს. თუკი ვინმე დიოცეზში ეგზარქოსის ჩათვლით, რაზეც საუბრობს აღნიშნული კანონი დიოცეზის კრებასა და დიოცეზის ეგზარქოსს განსხვავებული ადგილი უკავიათ, ვიდრე ეს პატრიარქს მისდამი დაქვემდებარებული ეპისკოპოსების შემთხვევაში გააჩნია.

   ამრიგად, დიოცეზის ეგზარქოსი იგივე დიოცეზური მიტროპოლიტია, რომელსაც დიოცეზის სხვა მიტროპოლიტებზე გარკვეული პრივილეგიები გააჩნია. მსგავსი პრივილეგიები ამჟამად არ არსებობს, თუმც იწოდება ზოგიერთი მიტროპოლიტი ეგზარქებად, მაგრამ დაქვემდებარებაში არ ჰყავთ დიოცეზის სხვა მიტროპოლიტები. კვლავ ბალსამონის თანახმად ირკვევა, რომ იმ პერიოდში არსებული დიოცეზის ეგზარქოსებმა, როგორც პრივილეგირებულებმა დაკარგეს მნიშვნელობა (ძალა) ან უშუალოდ იმ პერიოდში, ან IV მსოფლიო კრების შემდეგ. ამიტომ იუსტინე, იქ, სადაც საუბრობს კლირიკოსებს შორის დავაზე, დიოცეზის ეგზარქოსებს საერთოდ არ ახსენებს, თუმც ჩამოთვლის კლირიკოსებზე, სხვა სამსჯავროების არსებობას. ამრიგად, კანონი (მე-9) ამბობს, რომ თუკი ეპისკოპოსს ან კლირიკოსს დავა აქვს ეპარქიის მიტროპოლიტთან, დაე, მიმართოს დიოცეზის ეგზარქოსის სამსჯავროს, ეს იგივეა, რომ კონსტანტინოპოლის საყდარს დაქვემდებარებული კლირიკოსი და მიტროპოლიტი დაე, განისაჯოს ან საკუთარი დიოცეზის ეგზარქოსისაგან ან კონსტანტინოპოლელისაგან, ვით საკუთარი პატრიარქისაგან. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თუ რომელიმე კლირიკოსს აქვს დავა სხვა დიოცეზის მიტროპოლიტთან, ან მიტროპოლიტის სხვა დიოცეზის მიტროპოლიტთან ან ეპარქიასთან, განისაჯოსო მაინცდამაინც კონსტანტინოპოლელი პატრიარქისაგან. ასევე არ არის ნათქვამი, რომ მსჯავრდებულებმა პირველად უნდა მიმართოს დიოცეზის ეგზარქოსის სამსჯავროს, შემდეგ კი კონსტანტინოპოლის საყდარს, როგორ ეს დამახინჯებულად განმარტა პაპმა ნიკოზმა. სინამდვილეში ლაპარაკია ბრალდებულის მიერ არჩევანზე. მას აქვს ნება მიმართოს ან დიოცეზის ეგზარქოსს ან კონსტანტინოპოლის (პატრიარქის) სამსჯავროს - ან ერთს ან მეორეს. გამორჩევით არც ერთს არ ენიჭება უპირატესობა.

   ამიტომ ზონარა აღნიშნული კრების (IV მს. კრ. მე-17 კანონი) განმარტებისას დასძენს, რომ არა უკლებლივ ყველა მიტროპოლიტის მსჯავრმდებელად დგინდება კონსტანტინოპოლელი, არამედ მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულის. სარდიკიის კრების მე-5 კანონის განმარტებისას ზონარა ამბობს: „მხოლოდ კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში მყოფთათვის ის (კონსტ. პატრ.) არის საბოლოო სააპელაციო ინსტანცია, ისევე, როგორ რომისთვის მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულებისა.

   ახლა, როდესაც აღარც კრება არსებობს, აღარც ოლქის ეგზარქოსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ერთადერთი, პირველი და უკანასკნელი მსაჯულია მისდამი მორჩილებაში მყოფი მიტროპოლიტებისთვის, მაგრამ არა სხვა პატრიარქების მორჩილებაში მყოფთათვის, რადგან მხოლოდ მსოფლიო კრებაა საბოლოო და საერთო მსაჯული ყველა პატრიარქებისა და სხვა არავინ, როგორც უწინაც ვთქვით".4

 

 

 

 

 

1 Archbishop. Daniel Patricipates in Synaxis of Hierarchs of The Ecumenical Patriarchat of Constantinople

2 მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. ეპ. ნიკოდიმი (მილაში). IV მს. კრ. მე-17 კანონი. გვ. 344

3 იქვე, გვ. 344

4 Прот. Иер. А. Новиков. Апофеоз Восточного Папизма. Православие. ру

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება