მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > "აღმოსავლური პაპიზმის" გამოვლინებანი

"აღმოსავლური პაპიზმის" გამოვლინებანი


23-12-2020, 17:48

"აღმოსავლური პაპიზმის" გამოვლინებანი

 

   კონსტანტინოპოლის ადგილობრივ ეკლესიაში უკვე დიდი ხანია გვესმის უცნაური სწავლება ეკლესიის არსისა და კონსტანტინოპოლის საყდრის, მისი პატრიარქის განსაკუთრებული, გამორჩეული რომის შესახებ. აქამდე ეს იდეები ბუნდოვნად და ორაზროვნად ვრცელდებოდა, ვით კერძო საღვთისმეტყველო აზრი. მაგრამ ბოლო წლებში მან იდეოლოგიური და დოქტრინული სახე მიიღო.

   შედეგად, კონსტანტინოპოლის ამ სპეციფიკურ ეკლესიოლოგიას „აღმოსავლური პაპიზმი"-ს სახელწოდებაც კი მიენიჭა. მსგავსი იდეის არსი ახალია მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ეს გახლდათ ერთგვარი ვარიაცია ლათინური სწავლებისა ეკლესიაში რომის პაპების უფროსობის (პრიმატი, უცდომელობა) შესახებ.

   მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოვლად დაუშვებელია რომელიმე ადგილობრივი ეკლესია დომინირებდეს სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე. არანაირი დოგმატური, კანონიკური, ისტორიული თუ სხვა მიზეზები არ ანიჭებს კონსტანტინოპოლს იმის თქმის უფლებას, რომ არის წინამძღოლი ან საყდარი, რომელიც სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე იბატონებს.

   საინტერესოდ განიხილავს ამ საკითხს დეკანოზი ვადიმ ლეონოვი: „იმის ნაცვლად, რომ ეკლესიისაგან რომის საყდრის გამოყოფა გამხდარიყო ერთგვარი გაკვეთილი ყველა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიებისათვის, დიდი მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთპიროვნული ბატონობისკენ ვნებიანი მისწრაფება არ გამქრალა, იზრდება კიდეც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, პირველყოვლისა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. რომის განდგომის შემდეგ ის გახდა „პატივით პირველი" სხვა ადგილობრივ ეკლესიებს შორის. „ახალ რომად" სახელდებისა და „მსოფლიო"პატრიარქის ტიტულის მითვისების შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოხატა ერთპიროვნული მართვისა და მსჯავრდების ამბიცია მთელი ეკლესიის მასშტაბით - საერთო საეკლესიო კრების მოწვევისა და ავტოკეფალიის მინიჭებისა თუ წართმევის უფლებამოსილებით".1

   ამ პრეტენზიების შესახებ ბოლო წლებში უკვე ღიად საუბრობს მსოფლიო პატრიარქი - სულისკვეთებამ იდეოლოგიურ-დოქტრინული სახე მიიღო ეკლესიის ოფიციალურ დოკუმენტებში: ჯერ ე.წ. კრეტის კრების (2016 წ.) გახსნისას, შემდეგ კონსტანტინოპოლის მღვდელმთავრების შეკრება - სინაქსის წარმოთქმულ სიტყვაში (1-4 სექტემბერი 2018 წ.), ბოლო ეს დაგვირგვინდა უკრაინის ე.წ. ავტოკეფალური ეკლესიისათვის „ტომოსის" გადაცემით (6 იანვარი. 2019 წ.).

   1) კრეტის კრების გახსნისას მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა:

   „ჩვენი შეფასება ნაკარნახევია აუცილებლობით - დარეგულირდეს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საკითხები. ისინი ძირითადად ეკლესიის კანონიკური წყობის გამო გაჩნდა. ყველა ავტოკეფალური ეკლესია მიიჩნევს, რომ საკუთარ საზღვრებში უფლებამოსილია დაარეგულიროს საკუთარი, შიდა საკითხები, მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც ხანდახან ართულებს ეკლესიის „ერთიანი ბაგითა და გულით" მოწმობას თანამედროვე სამყაროში. ეს ქმნის გაუგებრობას, რითაც ირღვევა ერთობა. თუმც ასეთი წყობა არის კანონიკური და ეკლესიოლოგიურად გამართლებული, ჩნდება საშიშროება ეკლესიის ერთგვარად „ეკლესიების ფედერაციად" გადაქცევისა, როდესაც ყოველი მათგანი წინ წამოწევს საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებს. ეს გარემოება არსით ყოველთვის არ გახლავთ წმინდა ეკლესიური, ამიტომ ჩნდება კრებსითობის გამოყენების აუცილებლობა".2

   როგორც ვხედავთ, საერთო მართლმადიდებლური კრება, მსოფლიო პატრიარქის იდეოლოგიის თანახმად, მოიაზრება ერთგვარ იარაღად, რომელმაც უნდა დაანგრიოს „კანონიკური და ეკლესიოლოგიურად გამართლებული პრინციპები" მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-განგებისა და ჩამოყალიბდეს ეკლესიის ახალი მმართველობითი სისტემა გაურკვეველი „კრებსითობის" საფუძველზე.

   კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დიდი ხანია გეგმავს კრებას, რომელიც „უმაღლეს საეკლესიო მმართველობით ორგანოდ" მოგვევლინება, რომელიც დაამტკიცებს მსოფლიო პატრიარქის უალტერნატივო პირველობას და რომელიც განახორციელებს კონტროლს მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაზე. პერგამის მიტროპოლიტმა ი. ზიზიულასმა პირდაპირ განაცხადა: „სადაც კრებაა, იქ პირველობაა, ხოლო სადაც პირველობაა, იქ კრება".

   მსოფლიო პატრიარქის სურვილია: იყოს საერთო მართლმადიდებელი კრება „უმაღლესი და საბოლოო" ინსტანციის სახელით, რომელიც მოწოდებული იქნება მართოს ეკლესია „მუდმივმოქმედ საფუძველზე", ის უნდა გახდეს „ადგილობრივი ეკლესიების დამაკავშირებელი რგოლი". თითქოს ასეთი კრების გარეშე ვერ განხორციელდება ჭეშმარიტი ერთობა.

   ეკლესიის სისავსე არასდროს დაუშვებს ეკლესიის მსგავს უზურპაციას მმართველობით საკითხებში. ადგილობრივ ეკლესიათა ერთიანობას ყოველთვის მსოფლიო კრებები უზრუნველოყოფდა.

   აქედან დასკვნა: კონსტანტინოპოლს კრეტის კრება საკუთარი პირველობისა და მთლიანად ეკლესიის მართვის ლეგალიზებისთვის სჭირდებოდა. ეს არის პირდაპირი გამოწვევა დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის.

   2) 2018 წლის 1-3 სექტემბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში სამღვდელმთავრო კრება - სინაქსისი შედგა, რომელზეც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ოფიციალურ საეკლესიო დონეზე განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საყდარი და მისი პატრიარქი ფლობს საკრალური პირველობის ადმინისტრაციულ და სამსჯავრო - აპელაციურ უფლებამოსილებას ქრისტეს ეკლესიის მთელ სისავსეში. აი, კერძოდ რა განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა:

   „მართლმადიდებლობისთვის მსოფლიო საპატრიარქო, მთელი ეკლესიისა და ისტორიის საფუარის ფუნქციას აღასრულებს „მცირემან ცომმან ყოველი შესუარული აღაფუვნოს" (გალ. 5. 9)".3

   „როგორც პირველი საყდარი მართლმადიდებლობისა, მსოფლიო საპატრიარქომ იტვირთა წინასწარმეტყველური მსახურება, ქადაგებს რა კათოლიკე ეკლესიის საიდუმლოს ქრისტე იესოში ყველა დროსა და მთელ მსოფლიოში".4

   „პირველითგან იყო სიტყუა და სიტყუა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი... მის თანა ცხოვრება იყო და ცხორებაი იყო ნათელ კაცთა" (იონ. 1. 1-4).

   „მართლმადიდებელი ეკლესიის საწყისი მსოფლიო საპატრიარქოა, მასშია სიცოცხლე და სიცოცხლე არის ნათელი ეკლესიისა".

   შემდეგ მსოფლიო პატრიარქი ბრძანებს: აწ განსვენებული გორტინის მიტროპოლიტი, უსაყვარლესი იერარქი დედაეკლესიისა და ჩემი მეგობარი მართალი იყო, როდესაც აღნიშნა: „მართლმადიდებლობა ვერ იარსებებს მსოფლიო პატრიარქის გარეშე".5

   „მსოფლიო საპატრიარქო ფლობს კანონიკურ უფლებამოსილებას და ყველა მოციქულებრივ პრივილეგიას, არა მხოლოდ ადგილობრივ ეკლესიებს შორის ერთობისა და ურთიერთკავშირის შენარჩუნების, არამედ მართლმადიდებლობის განვრცობის პასუხისმგებლობას თანამედროვე სამყაროში და ისტორიულ პერსპექტივაში. ამ ნიშნით, მსოფლიო პატრიარქმა, ვით მართლმადიდებლური სხეულის თავმა*, მოიწვია 2016 წ. წმინდა და დიდი კრება, ბოლო წლების უდიდესი საეკლესიო მოვლენა".6

   „მსოფლიო საპატრიარქო იღებს პასუხისმგებლობას საეკლესიო და კანონიკური შინაარსის საკითხების დარეგულირებისა, იმიტომ რომ, მხოლოდ ის ფლობს კანონიკურ პრივილეგიას აღასრულოს ეს უზენაესი და გამორჩეული ვალდებულება, ვით მზრუნველი დედა და მშობელი ეკლესიებისა. თუკი მსოფლიო საპატრიარქო უარს იტყვის ამ ვალდებულებაზე და დატოვებს საერთო მართლმადიდებლურ სცენას, ადგილობრივი ეკლესიები „იყვნეს დამაშურალ და დაცვივნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუს მწყემსი" (მათ. 9. 36)".7

   მოკლედ შევაფასოთ ზემოთქმული:

   მსოფლიო პატრიარქი ფიქრობს, რომ კონსტანტინოპოლის საყდარი ფლობს ისეთ გამორჩეულ პრივილეგიას ეკლესიაში, როგორიც არ გააჩნია არც ერთ ადგილობრივ ეკლესიას. თავად მსოფლიო ეკლესიაც კი ვერ იარსებებს კონსტანტინოპოლის საყდრის გარეშე. ე.ი. მათი ეკლესიის არსებობა დანარჩენებისთვის ჭეშმარიტების კრიტერიუმად სახელდება. ამ საყდრის გარეშე ვერ იარსებებს მართლმადიდებლობა, ის არის საფუარი, რომელიც თვით ეკლესიას და ისტორიას აყალიბებს, ის (კონსტანტინოპოლის საყდარი) მისტიკური საწყისია მართლმადიდებელი ეკლესიისა, როგორც ღმერთი - სიტყვა იყო პირველითგან. ის (კონსტანტინოპოლის საყდარი) არის შუქურა დანარჩენი ეკლესიებისთვის. შედეგად მხოლოდ ის ფლობს საყოველთაო მასწავლებლობის უფლებას მთელ მსოფლიოში, ყველა დროში.

   3) და ბოლოს, ე.წ. უკრაინის ეკლესიის „ტომოსის" შესახებ, რომელსაც ძნელად დაარქმევ ავტოკეფალური, დამოუკიდებელი ეკლესიის „ტომოსს", ვინაიდან „ტომოსის" შინაარსის თანახმად:

   ა) უკრაინის მორწმუნეთა (თემები) დიასპორები (ა.შ.შ., კანადა, ევროპა) მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადადიან;

   ბ) უკრაინის „ტომოსში" პირველად გაიწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქის როლი უმაღლეს სააპელაციო ინსტიტუტად სადავო საკითხების გადაწყვეტისას ყველა ადგილობრივი ეკლესიებისათვის;

   გ) „ტომოსში" არის პუნქტები, რომლებიც კრძალავენ ეკლესიის სტატუსის, მისი ხელმძღვანელის ტიტულისა და ეკლესიის წესდების დამოუკიდებლად შეცვლას. ეს მხოლოდ კონსტანტინოპოლთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

   დ) მნიშვნელოვანი დოგმატური და კანონიკური ხასიათის საკითხების განსახილველად მიმართოს მსოფლიო საპატრიარქოს საყდარს და მისგან მიიღოს ავტორიტეტული აზრი და თანადგომა და ა.შ.

   რა შეიძლება ითქვას? ეს არის ტიპური პაპიზმის საფრთხე, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

 

 

 

 

*„მსოფლიო" პატრიარქის ტიტული კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა VI საუკუნის ბოლოს თვითნებურად მიითვისეს, რამაც სხვა ადგილობრივი ეკლესიების შეშფოთება გამოიწვია. წმ. გრიგოლი დიდი მეტად კატეგორიულად ამხელდა ამ ფაქტს: „თუკი ვინმეს ექნება კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ისეთი სახელწოდება, რომელიც სხვათა, დანარჩენთა მსაჯულად აქცევს, მაშინ მსოფლიო ეკლესია (ნუ იყოფინ!) შეირყევა თავის საფუძვლებში და ცდომილებაში აღმოჩნდება ის, ვინც „მსოფლიოდ" იწოდება". წმ. გრიგოლი კატეგორიულად უარყოფს კონსტანტინოპოლის საყდრის უფლებას იყოს „ყველას მსაჯული". როდესაც წმინდანმა შეიტყო ტიტულ „მსოფლიოს" შესახებ, ის მოუწოდებდა შეეწყვიტათ ამ „უგუნური და ამპარტავნული სიტყვით" მისი (პატრიარქის) სახელდება. ალექსანდრიის პატრიარქმა ევლოგიმ უარი განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქ კირიკისთვის „მსოფლიო პატრიარქის" სახელით მიემართა და ამის შესახებ წმ. გრიგოლს მისწერა. მან ერთობ მხატვრულად უპასუხა: „შორს ყველა ტიტული, რომლებიც კვებავენ ამპარტავნობას და არღვევენ სიყვარულს".

1 Прот. В. Леонов. Константинопольский Папизм. https : // Pravoslavie.ru // 113007. Html

2 ციტ. წიგნ. „პარიზის სკოლის კვალი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში". გვ. 104. თბ. 2017

3 Archbishop Daniel Participates in Synaxis of Hierarchs of The Ecumenical Patriarchat of Constantinople. // https: / www. Uosofusa. org/news 1809.01.1 html

4 იქვე

5 იქვე

6 იქვე

7 იქვე

* კონსტანტინოპოლის 1727 წ. სარწმუნოების აღმსარებლობის თანახმად, „არასდროს არავითარი სხვა თავი არ ყოფილა აღმოსავლეთის ეკლესიაში, გარდა უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი, რომელიც, წმინდა მამების თანახმად, სამუდამოდ არის ეკლესიის მომცემი და საფუძველი"

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება