მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „პატივით პირველის“ რაობისათვის
„პატივით პირველის“ რაობისათვის18-12-2020, 16:29 |
სანამ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ტიტულისა და სხვა ეკლესიებზე მისი უფლებამოსილების შესახებ მსოფლიო კრებათა განსაზღვრებებსა და განმარტებებს განვიხილავდეთ, უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს „პატივით პირველის" ინსტიტუტი ეკლესიაში, რა გარემოებებმა განაპირობა მისი არსებობა. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის თანახმად „პირველის - Прωтос" ცნებაში არ მოიაზრება რომელიმე ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლის ძალაუფლებრივი პირველობა, არამედ იგულისხმება „პატივით პირველობა". ეს ცნება, ეს ინსტიტუცია რადიკალურად განსხვავდება ლათინების მიერ მიღებული ტერმინისაგან „პირველობის პრიმატი". საპატრიარქო კათედრების პენტარქია გახლდათ ის მმართველობითი ფორმა, რომლითაც ეკლესია ხელმძღვანელობდა პირველი ათასწლეულის განმავლობაში. ეპისკოპოსი ილია მინიატისი ამბობს: „კათოლიკე ეკლესიის მართვა არ არის ერთპიროვნული, არამედ მრავალპიროვნულია. კათოლიკე ეკლესია სულიწმიდის ხელმძღვანელობითა და შეგონებით ეწყობა და იმართება სარწმუნოებრივ ერთობაში მყოფ ერთსულოვან და შეთანხმებულ უმაღლეს მწყემსთავართა მიერ, რომელთაგან ყველას თანაბარი უფლებამოსილება გააჩნია. რომის (შემდეგ კონსტანტინოპოლის) ეკლესიის წინამძღოლი უმაღლეს პირთა შორის პატივით და არა ძალაუფლებით პირველობას ფლობდა, ვით ძმათა შორის პირველი, და ისიც მაშინ, როდესაც მისი გადაწყვეტილებები დანარჩენ ძმებთან, (ე.ი. სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან) სიყვარულითა და სარწმუნოებრივი კავშირით ეთანხმებოდა ეკლესიის სისავსის, კრებსით გადაწყვეტილებას".1 ამრიგად, ეკლესიის ერთიანობა, მით უფრო მმართველობით სფეროში, არ გვარდება პირველის (Прωтос), გნებავთ რომელიმე კრების წინამძღოლის უფლებამოსილების საფუძველზე, არამედ ეს მთელი ეკლესიის პრეროგატივაა. მცდარია შეხედულება, თითქოს ეკლესიის უფლებამოსილება და პატივით უპირატესი თანაბარი ცნებებია. მსოფლიო პატრიარქობა „პატივით პირველის" და არა „ძალაუფლებით პირველის" მანიშნებელია. მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოვლად მიუღებელია მართვის პაპისტური მოდული. ჩვენ არ გვყავს ასეთი პაპები, არც „მინი-პაპები", რომლებიც აღემატებიან მსოფლიო კრებებს. ჩვენ არ და ვერ წავართმევთ კონსტანტინოპოლის საყდარს იმ პატივს, რომელიც მას მსოფლიო კრებების განსაზღვრებებში მიენიჭა. თუმცა, მეორე მხრივ, მხოლოდ მას ერთს არ მივაწერთ იმას, რაც ყველას, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის კუთვნილებაა. რაც შეეხება ეკლესიის მართვა-გამგეობას, თავდაპირველად ყველა მოციქული რომ აღასრულებდა, შემდეგ ადგილობრივი ეკლესიების მართვა-გამგეობაში გადაინაცვლა. და მაინც, საინტერესოა, რამ განაპირობა ეკლესიაში პატივით პირველის ინსტიტუცია? რატომ მოხდა ის, რაც მოციქულებს შორის არ ყოფილა? მსგავსი უპირატესობები და ღირსებები ქრისტეს ეკლესიაში მოგვიანებით გაჩნდა. საქმე ისაა, რომ რომის იმპერიის პროვინციებში იყო დიდი ქალაქები, მაგალითად დედაქალაქი რომი - დასავლეთში, ანტიოქია - აღმოსავლეთში და ალექსანდრია - სამხრეთში დიდ ქალაქებს პატარა ქალაქები მიმართავდა საქმის გადაწყვეტისათვის. ამიტომაც, ამ ქალაქების ეკლესიებს სხვა ქალაქების ეკლესიებთან შედარებით უფრო დიდი პატივი ჰქონდათ. დროთა განმავლობაში, როცა საიმპერატორო კარმა კონსტანტინოპოლში გადაინაცვლა, ამ ქალაქს იგივე პატივი ერგო წილად, ანუ ის ახალი რომი და საიმპერატორო დედაქალაქი გახდა. ასევე განიდიდა იერუსალიმი, არა სიდიდისა და სახელისათვის, არამედ იმ ადგილის სიწმინდისათვის, რომელზეც მოკვდა და დაეფლა სამყაროს მაცხოვარი, სადაც თავდაპირველად დაეფუძნა მორწმუნეთა ეკლესია და დაიწყო სახარების ქადაგება. ამრიგად, იმპერატორების განკარგულებით თუ კრებების დადგენილებით იზრდებოდა მიტროპოლიის ღირსება; იმისდა მიხედვით იზრდებოდა მიტროპოლიტის ღირსებაც.2 კონსტანტინოპოლის დედაქალაქდ გადაქცევას მოჰყვა მისი ეკლესიის პატივის გაზრდა - „პატივით პირველობა", რაც აისახა კიდეც მსოფლიო კრებების განჩინებებში. როგორც ვხედავთ, ეპისკოპოსებს შორის პირველობა და ამასთან პატივით პირველობა სამეფო ქალაქის პირველობის გამო ჯერ რომის პაპს მიენიჭა. წმ. მამებმა იგივე მიზეზით მიაგეს პატივი ალქსანდრიისა და ანტიოქიის, შემდგომ იერუსალიმისა და კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსებს. ისტორიული ფაქტია, რომ მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში არავინ არასდროს მოიაზრებდა რომის ეპისკოპოსს, ვით მთელ ეკლესიაზე უფლებამოსილ ეპისკოპოსს, თუმცა ის გახლდათ „პატივით პირველი", ანუ პაპი იყო პირველი თანაბრებს შორის (primus inter parus. IV მს. კრ. 28-ე კანონი). ცხადია, არც მეორე რომს - კონსტანტინოპოლს აქვს რაიმე უპირატესობა, გარდა „პატივისა", რომელიც კომპეტენტური და ავტორიტეტული მსოფლიო კრებების განჩინებათა თანახმად (მოციქულთა 34-ე კანონი; II მს. კრ. 2, 3 კანონი; IV მსოფლიო კრ. 28-ე კანონი და სხვა) მკაცრად იზღუდებოდა ადგილობრივ - ეპარქიული მმართველობის დონემდე. ამრიგად, „პატივით პირველის" საპატიო სახელწოდებები მხოლოდ ნომინალურ შინაარსს გამოხატავს, რომელსაც არანაირი ეკლესიოლოგიური მნიშვნელობა არ გააჩნიათ, რადგანაც ქრისტეს ეკლესიის ყველა ეპისკოპოსი თანაბარ ძალაუფლებას ფლობს და არცერთი მათგანი არ ფლობს სულიწმიდის მიერ მინიჭებულ მღვდლობის უფრო აღმატებულ ნიჭს, ვიდრე დანარჩენები. ეკლესიის ერთიანობის გარანტად ვერ გამოდგება ცალკეული, თუგინდ „პატივით პირველის" ტიტულით დაჯილდოებული პატრიარქის, არამედ ყველა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლის ქრისტეს ჭეშმარიტ აღმსარებლობაში ყოფნა. სწორედ ამგვარი კრებსითი სულისკვეთების შედეგად ვლინდება მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტება.
1 ლოდი საცდურისა. ეპისკოპოსი ილია მინიატისი. თბ. 2009. გვ. 121 2 იქვე გვ. 131-137
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |