მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > კონსტანტინოპოლის საყდრისადმი მიკუთვნებული პატივის შესახებ

კონსტანტინოპოლის საყდრისადმი მიკუთვნებული პატივის შესახებ


19-12-2020, 15:12

 

   1) წმინდა მამათა გამონათქვამებიდან და ძველი საეკლესიო პრაქტიკიდანაც ჩანს, რომ იმპერატორები და კრებები ჯერ რომის, შემდეგ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, საიმპერატორო ქადაგების დატვირთვის გამო, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. მაგრამ ამ მოცემულობას, როგორც წესი, არ სჯერდებოდნენ რომის პაპები, რომლებმაც სახარების, კანონებისა და ძველი ეკლესიის პრაქტიკის საწინააღმდეგოდ თვით მსოფლიო კრებებზე მაღლა დააყენეს თავი და მთელ ეკლესიაზე უფლებამოსილება და ბატონობა მოისურვეს. ეკლესიის ისტორია ცხადყოფს, რომ ძირითადი საცდურები ეკლესიებს შორის ურთიერთობებში სწორედ ამის გამო წარმოიშვა.

   როგორც ჩანს, ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თავისი ძალაუფლების ქვეშ მოქცევის მისწრაფება არც კონსტანტინოპოლის წინამძღოლებისთვისაა უცხო. ამგვარ ამბიციას „აღმოსავლური პაპიზმი" კი უწოდეს. ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რას ამბობს სჯულის კანონი, ტრადიციული საეკლესიო სწავლება ამ საკითხზე.

   დავიწყოთ მოციქულთა კანონებით. მოციქულთა 34-ე კანონი ბრძანებს: „ყველა ერის ეპისკოპოსებმა უნდა იცოდნენ მათ შორის პირველი და თავი ეპისკოპოსი და არაფერი ზედმეტი არ უნდა გააკეთონ მის გარეშე, არამედ ყოველი მათგანი მხოლოდ იმას უნდა აკეთებდეს, რაც სასარგებლოა მისი ეკლესიისთვის და მისთვის დაქვემდებარებული სოფლებისთვის. მაგრამ ნურც (პირველი) ეპისკოპოსი ნუ გააკეთებს ნურაფერს სხვებთან შეთანხმების გარეშე, ვინაიდან მხოლოდ ასე [შეიძლება] აღესრულოს ერთიანობა და იდიდოს ღმერთი უფლის მიერ სულიწმიდით".

   ეპისკოპოს ნიკოდიმოსის (მილაში) განმარტების თანახმად:

   „მოციქულთა ამ კანონში საუბარია ერში არსებულ იმ ადგილობრივ ეკლესიებზე, რომლებსაც რამდენიმე ეპისკოპოსი ჰყავდათ, ხოლო მათ შორის ერთი, ყველას მიერ აღიარებული იყო როგორც უპირატესი და თავი ყველასი. სხვა სიტყვებით, მასში საუბარია სამიტროპოლიტო სამთავროებზე და შემდგომში მათ უფრო მტკიცე მოწყობაზე IV და შემდგომ საუკუნეებში, აგრეთვე ამ სამთავროთა ეპისკოპოსებს შორის ურთიერთდამოკიდებულებებზე. კანონი საუბრობს უპირატესი ეპისკოპოსის დამოკიდებულებაზე მასზე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებთან მიმართებით და, როგორც ამ უკანასკნელებს არ შეუძლიათ რაიმე მოიმოქმედონ უფრო მნიშვნელოვანი და მათ ხელისუფლებაზე აღმატებული ამ პირველი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, ზუსტად ასევე განუწესებს კანონი მას, არაფერი ისეთი მოიმოქმედოს დანარჩენ ეპისკოპოსთა თანხმობის გარეშე, რაც მის ხელისუფლებას, როგორც პირველი ეპისკოპოსისას, აღემატება. კერძოდ, დანარჩენ ეპისკოპოსებთან შეუთანხმებლად მან არ უნდა გადაწყვიტოს ისეთი საკითხები და მათ შესახებ განწესებანი გამოსცეს, რომლებიც მთელ საეკლესიო სამთავროს ეხება, ანუ, როგორც თავის, ასევე მასზე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსთა ეპარქიებსაც - როგორც ეს მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე დამტკიცდა..."1

   როგორც ვხედავთ, კანონი ცხადად საუბრობს „პირველის" ადგილობრივ, ეპარქიულ დონეზე უპირატესობის შესახებ, ხოლო ამ კანონის განმარტება ისე, თითქოს უპირატესი ეპისკოპოსის უფლებამოსილება „მსოფლიო დონის" იურისდიქციამდე აღწევს, მსოფლიო პატრიარქი რომ ყველა ადგილობრივი ეკლესიის უპირატესად და მსაჯულად მივიჩნიოთ, ყოვლად მიუღებელია.

   2) მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-3 კანონში (იმავე შინაარსისაა მე-2 კანონი) ვკითხულობთ:

   „კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს მიენიჭოს რომის ეპისკოპოსის თანაბარი უპირატესობა, რადგანაც ეს ქალაქი ახალი რომია".

   ეპისკოპოს ნიკოდიმოსის (მილაში) განმარტებაში სწერია:

   „... კრების მამებმა მხედველობაში მიიღეს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსისათვის მეტი პატივი მიეგოთ სხვა ეპისკოპოსებთან შედარებით. ამიტომ ძველი რომის ეპისკოპოსის შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის პირველობის პატივს აღიარებენ სხვა ეპისკოპოსთა შორის. ეს დაახლოებით პირველობის ისეთივე პატივია (prioris honoris partes), როგორც ნიკეის კრების მამებმა იერუსალიმის ეპისკოპოსს მიანიჭეს. ამ კანონის შინაარსი უფრო ცხადი გახდება, თუ მას ამავე კრების მე-2 კანონს შევადარებთ. წინამდებარე კანონში კრების მამები სათქმელს ზუსტად გამოხატავენ და კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს ანიჭებენ (primatum honoris, „პირველობის პატივს"), მაგრამ არ აღიარებენ ჯერ მისი („ხელისუფლების უპირატესობას"), ანუ („ხელისუფლებას") საერთოდ, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია საერთო კრებაზე სხვების წინაშე მთავარი ადგილი დაიკავოს, მაგრამ ამასთან, არ აძლევენ მას სხვა ეპისკოპოსებზე არავითარ უფლებას. რადგან მიტროპოლიტის ყველა უფლება განისაზღვრება („ხელისუფლების"), ან („პატივის") უპირატესობით, ამიტომაც დაამტკიცეს კრების მამებმა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსისადმი ეს უკანასკნელი უპირატესობა..." - იქვე ვკითხულობთ - „... ამიტომ თვით კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის მიმართ გამოხატულ პატივში, მათ მხედველობაში ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ იერარქიული წესრიგი და იერარქიის გარეგნული მნიშვნელობა..."

   3) მეორე მსოფლიო კრების შემდეგ კონსტანტინოპოლის ეკლესიის უფლებამოსილების საკითხზე ქალკედონის IV მსოფლიო კრების 28-ე და ტრულის კრების 36-ე კანონების განმარტებებშია საუბარი.

   მეოთხე მსოფლიო კრების 8-ე კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოსის (მილაში) განმარტებაში ვკითხულობთ:

   „ქალკედონის კრების მამები წინამდებარე კანონით ამტკიცებენ II მსოფლიო კრების მე-3 კანონით კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისათვის მინიჭებულ უპირატესობას და მის განსაგებენ სამთავროს სამ პროვინციას უერთებენ...

   მამათა განწესების თანახმად, ამ სამთავროებში მიტროპოლიტის ხელდასხმის უფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეკუთვნის. გამოჰქონდათ რა ეს განწესება, მამები აქაც საეკლესიო კანონების ერთგულნი დარჩნენ. მხოლოდ და მხოლოდ (лишь одних) მიტროპოლიტების ხელდასხმაა კონსტანტინოპოლის საყდრის განმგებლობაში, მაგრამ არა გამორჩევა, რადგან გამორჩევის უფლება სამთავროს კრების კომპეტენციაში შედის. ამრიგად, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი არ უნდა ჩაერიოს გამორჩევის საქმეში, მაგრამ ჩატარებული გამორჩევის შესაბამისად, მან მისი (ახალამორჩეული მიტროპოლიტის) ხელდასხმა უნდა აღასრულოს... ამგვარად, ისინი ამბობენ თითქმის შემდეგს: „კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა მიტროპოლიტად ის კი არ უნდა დაადგინოს, ვინც მას სურს, არამედ უნდა გამოარჩიოს მასზე დაქვემდებარებულმა სინოდმა და ვისზეც გამომვრჩევლები შეთანხმდებიან, იმისი ხელდასხმა უნდა მოახდინოს, მას შემდეგ, რაც მას წარუდგენენ..."

   როგორც ვხედავთ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის უფლებამოსილება ამ კანონითაც მკაცრად იზღუდება.

   კრების გადაწყვეტილებით მას ემატება სამი პროვინციის მართვა-გამგეობა, მაგრამ არ ეძლევა „კანდიდატის გამორჩევის უფლება", „კრების (სინოდის) კომპეტენციაში შეჭრის უფლება". ყოველივე ეს უფლებამოსილების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევაზე მიგვანიშნებს.

   4) წმინდა VI მსოფლიო საეკლესიო კრების (ტრულის ან სხვაგვარად V-VI) 36-ე კანონიც წინამორბედი კრებების განჩინების კვალდაკვალ საუბრობს კონსტანტინოპოლის საყდრის „რომის საყდრის თანაბარ უპირატესობაზე", მაგრამ აქაც პატივით პირველობა ერთმანეთთან (სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან) დამოკიდებულებაში თანასწორია.

   ეპ. ნიკოდიმოს (მილაში) განმარტავს:

   „... ყველა ამ ხუთი საყდრის (რომი, კონსტანტინოპოლი, ანტიოქია, ალექსანდრია, იერუსალიმი) ეპისკოპოსი, ხელისუფლების მხრივ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში თანასწორია; რაც შეეხება მათ შორის პატივს (honoris) და მათი საყდრების თანმიმდევრობას, ამ კანონით დგინდება მუდმივი ნორმა, თანაც იმ საერთო პრინციპზე დაფუძნებული, რომლითაც თვით მოციქულები ხელმძღვანელობდნენ და, ზუსტად ასევე, მათი მემკვიდრენი ყველა შემდგომი საუკუნის განმავლობაში. ეს ნორმა, სახელდობრ, იმაში მდგომარეობს, რომ საეკლესიო სამთავროთა სასაზღვრო დანაწილება შეესაბამება პოლიტიკურ დაყოფას (IV მსოფლ. მე-17), და რომ ღირსება და მნიშვნელობა ამა თუ იმ საყდრისა, იმ ქალაქთა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით განისაზღვრება, რომლებშიც ეს საყდრები ფუნქციონირებენ".

   აქ მკაფიოდ განისაზღვრა პატივით უპირატესობა „ქალაქთა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შესაბამისად", და არა რაიმე განსაკუთრებულად გამორჩეული საკრალური მნიშვნელობის მიხედვით, როგორც ამას კონსტანტინოპოლი მიიჩნევს.

   IV მსოფლიო კრების 28-ე კანონის წმ. ნიკოდიმ მთაწმინდელის განმართებაში, რომელიც „პედალიონი"-ში ანუ ბერძნულ „მესაჭე"-შია მოთავსებული, ვკითხულობთ:

   „ვინაიდან რომი დედაქალაქი იყო, მის ეპისკოპოსს პირველობა ეკუთვნოდა და უკვე მას შემდეგ, რაც კანონებმა მას უბოძეს პრივილეგია, ასეთივე პრივილეგია მიენიჭა კონსტანტინოპოლის პატრიარქსაც, რადგანაც კონსტანტინოპოლი - ახალი რომი - სამეფო ქალაქი გახდა, ჩამოყალიბდა ჩვეულება, რომ იგი (პატრიარქი) აზიაში, პონტოსა და თრაკიაში ხელს ასხამდეს ეპისკოპოსებს და ამ ჩვეულების ძალით იყოს შედგენილი კანონები და დამტკიცდეს ძველი ჩვეულება".2

   კონსტანტინოპოლის ეკლესიის მრგვლივმოცულ ეპისტოლეში (1895) გადმოცემულია მკაფიო სწავლება, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში, თუმც ზოგიერთ ეკლესიას აქვს საპატიო პრივილეგია, მაგრამ ეს იყო უპირატესობა პირველისა თანაბრებს შორის:

   „ღვთივგანბრძნობილი მამები პატივს მიაგებდნენ რა რომის ეპისკოპოსს როგორც სამეფო ქალაქის წინამძღოლს, საპატიო თავმჯდომარეობის პრივილეგია მიენიჭა. მას მიიჩნევდნენ უბრალოდ უპირატესად სხვა ეპისკოპოსებს შორის, ე.ი. პირველს თანაბრებს შორის. როგორი პრივილეგიაც შემდეგ მიენიჭა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსსაც, როდესაც ეს ქალაქი გახდა იმპერიის დედაქალაქი, როგორც ადასტურებს ამას IV მს. კრების 28-ე კანონი... ამ კანონიდან ირკვევა, რომ რომის ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა და სხვა ეკლესიების ეპისკოპოსების თანაბარი უფლებამოსილებისაა. არც ერთ კანონში და არც ერთ წმინდა მამას მინიშნებაც კი არა აქვთ, თითქოს რომის ეპისკოპოსი იყოს ხელმძღვანელი კათოლიკე ეკლესიისა და უცდომელი მსაჯული სხვა, დამოუკიდებელი და ავტოკეფალური ეკლესიების ეპისკოპოსებისა".3

   ცხადია, კანონი აქ არ აღიარებს რომისა თუ კონსტანტინოპოლის რაიმე სახის ხელისუფლებით პირველობას ან მოსამართლედ. ცხადად დადასტურდა პრინციპი: „პირველი თანაბრებს შორის".

   დასანანია, რომ ამჟამინდელი კონსტანტინოპოლის საყდარი არ ითვალისწინებს თავისი წინამორბედების შემართებას.

 

 

 

 

1მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმოსის (მილაში) განმარტებით. ტ. 1. თბ. 2001. გვ. 75

2 Правда Православия. რედ. ს. ტრიოცკი. M. 2015. C. 231

3 იქვე, გვ. 232

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება