მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქურდობა

ქურდობა


29-06-2019, 00:01

 

   ის კაციც მპარავია, რომელმაც თავისი მოყვასისათვის მიცემული სიტყვა და პირობა არ აღასრულა და ამით ზარალი მიაყენა. საზოგადოდ რომ ვთქვათ, პირდაპირი ქურდისაგან კაცი როგორმე თავს დაიფარავს, პირობის დამრღვევისა და ცრუ კაცისაგან კი - ვერასოდეს. მასასადამე, პირობის დარღვევა უფრო მცირე ცოდვა არ არის, ვიდრე პარვა. თუ გსურს პარვის მოზიარე არ იყო, ეცადე, რომ ან ისეთი პირობა არ დადო, რომლის აღსრულებაც არ შეგიძლია, ან თუ რაიმე პირობა აიღე შენს თავზე, ეცადე, რომ აღასრულო კიდეც.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა; ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად მშრომელ კაცს თავისუფალი დრო არა აქვს; მეორეც იმისათვის, რომ მშრომელ კაცს ის უხარია და ის სიამოვნებს, რასაც თავისი შრომით შეიძენს, მაგრამ ყოვლის უმჯობესი ის არის, რომ შრომა მის მოყვარეს რიგს, წესიერების, კრძალვასა და ბეჯითობას აჩვევს. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება თავისი სამუშაოსკენ აქვს მიპყრობილი; ამიტომ მას, ვითარცა ყოველმხრივ შეზღუდულსა და დაცულ ციხეს, განსაცდელი ვერ სძლევს და მაცთური ვერ წარიტაცებს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   პარვა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გგონია, რომ კაცი თავის მოყვასს მალვით, ძალადობით, ან პირდაპირ რაიმე ნივთს წაართმევთ. პარვა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით, ან საქმით მოყვასი რაიმეთი აზარალე, ან დააბრკოლე; ან შეიძლება პირდაპირი ზარალი არ მიგიყენებია, მაგრამ არც სიყვარული და შემწეობა გამოიჩინე.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება