მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > კრებსითობისა და ანტიკრებსითობის გამოვლინებანი

კრებსითობისა და ანტიკრებსითობის გამოვლინებანი


25-12-2020, 15:53

კრებსითობისა და ანტიკრებსითობის გამოვლინებანი

 

   წმინდა მამათა სწავლებაში ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა, რომ ერთ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს შეუცდომელი აზროვნება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ეკლესიის ბუნებას. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ვერავინ, ვერანაირ საქმეში ვერ შემოიფარგლება საკუთარი თავით, იქნება ეს ხელდასხმა თუ რჩევის მიცემა, არამედ დიდ სარგებელს პოვებს კრებისა და სიმრავლისაგან".კირილე ალექსანდრიელიც ბრძანებს: „საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხებში წმინდა მამებისა და წმინდა კრებების გადაწყვეტილებას ენიჭება უპირატესობა".2 კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-13 კანონში ვკითხულობთ: „ყოვლად ბოროტმა სულმა ქრისტეს ეკლესიაში დათესა მწვალებლობის სარეველათა ბალახი... მისი ეს უკეთურება სრულიად უქმად აქცია წმინდა კრებამ".

   როგორც ვხედავთ, კრებსითი მართვის პრინციპი ეკლესიის ცხოვრების წესი გახლავთ. ამასთან, ეკლესიის კრებსითი ცხოვრების წესი არა მხოლოდ კრების მოწვევით, არამედ ურთიერთობის ყველა დონეზე უნდა გამოვლინდეს. პირველყოვლისა პატრიარქების, ვით ეკლესიის მეთაურებს შორის ურთიერთობით. შემდეგ ეპისკოპოსებისა - სამღვდელოებასთან, მღვდლებისა - მრევლთან, ერისკაცებისა ურთიერთშორის - ყველანი ერთად წარმოადგენენ საკრებულოს.

   ეკლესიას ახსოვს არაერთი მაგალითი, როდესაც უხეშად ხდებოდა კრებსითი მართვის პრინციპის შესუსტება. ამის საუკეთესო ნიმუშია დასავლეთში პაპიზმის გამოვლინება, სადაც ერთპიროვნული მმართველობა არცთუ უბრძოლველად, თუმც უიმედოდ აღიარებული ნორმა გახდა.

   მსგავსი რამ ეპიზოდურად ხდებოდა და დღესაც ხდება აღმოსავლეთში. მაგრამ ვიდრე მაგალითებზე გადავიდოდეთ, უნდა ითქვას, ეკლესიაში არც ერთი ეპისკოპოსი (ეს იქნებოდა რომის პაპები, თუ მსოფლიო პატრიარქები) არ და ვერ დააყენებს თავს მსოფლიო კრებების უცდომელობაზე მაღლა.

   მართლმადიდებელი ეკლესიოლოგია მსოფლიო კრებაში ხედავს ეკლესიის უმაღლეს ინსტანციას, რომელიც უშუალოდ სულიწმიდის შთაგონების ქვეშ იმყოფება. თავის უცდომელ სწავლებას ეკლესია გამოხატავს მსოფლიო და იმ ადგილობრივი საეკლესიო კრებების მეშვეობით, რომლებსაც VI და VII მსოფლიო კრებების მიერ აღიარების შედეგად მიენიჭათ მსოფლიო მნიშვნელობა.

   ბერძენი ღვთისმეტყველი არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი დასძენს: „მართლმადიდებელი ეკლესია სიტყვითაც და საქმითაც აღიარებს მსოფლიო კრებების უცდომელობას, რაც დადასტურებულია წმინდა წერილითა და წმინდა გადმოცემით. მათ (მს. კრებებს) ემორჩილება ყველა ადგილობრივი ეკლესია, პატრიარქები და სხვა ეპისკოპოსები. თავად მოციქულებიც კი, პეტრეს ჩათვლით ემორჩილებოდნენ მოციქულთა კრებას იმიტომ, რომ არ არსებობს ინდივიდუალური (კერძო) უცდომელობა".3

   სხვა ბერძენი ღვთისმეტყველი პ. ბუმისი კითხვაზე: როდის არის ეკლესიის სწავლება უცდომელი? პასუხობს: „მაშინ, როდესაც ეკლესია ლაპარაკობს, როგორც ერთი მთლიანობა, იგი უცდომელია".4

   ახალმოწამე ეპისკოპოსი მარკი (ნოვოსელოვი) შენიშნავს: „მთელი ქრისტეს ეკლესია უცდომელია. იგი მხოლოდ იმას ითვისებს, რაც ქრისტესა და ყველა ქრისტიანის ურთიერთსიყვარულთანაა თანხმობაში (კოლ. 2. 2-3). ეკლესია თავისი სისავსით აღასრულებს უწყვეტ სწავლებას... და მას მართავს უზენაესი გონი, თავად სულიწმიდა, რომელიც იცავს ეკლესიას ყოველგვარი სენისაგან, რისგანაც არც ერთი ჩვენგანი და თვით კრებაც კი არ არის დაზღვეული, რადგანაც უცდომელობა არის არა კრების კუთვნილება, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიისა, რომელიც ამოწმებს თავის თავს კრებაზე".5

   აქ უკვე იკვეთება ის პრობლემა, რომელიც არის ჩვენი განხილვის საგანი. კერძოდ, სამწუხაროდ, ანტიკრებსითი სულისა და ხასიათის გამოვლინების მაგალითებს ვხედავდით და დღესაც ვხედავთ ეკლესიის წიაღში, როდესაც კრების მოწვევა გადაიდება ან არც გაიმართება გარკვეული ჯგუფის ან პირის ეკლესიის სისავსით დადგენილი სწავლების საპირისპიროდ, ან კიდევ: კრება შედგება, მაგრამ მისი წევრები მოკლებული იქნებიან სიტყვის, აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლებას და აშკარად არამართლმადიდებლური სწავლება გააჩნია.

   ამდენად, იერარქთა და მორწმუნეთა ყოველი შეკრება მსოფლიო კრება არ არის. დოგმატური საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილება სწორედ მსოფლიო კრებას ჰქონდა. მაგრამ როგორ უნდა გავერკვეთ, როდის არის ის (კრება) ჭეშმარიტი? კვლავ ახალმოწამე ეპ. მარკს (ნოვოსელოვი) დავესესხებით: „ეკლესია არც ერთ კრებას წინასწარ არასოდეს ანიჭებდა მსოფლიო მნიშვნელობას. მას არასოდეს უთქვამს, რომ ესა და ეს სწავლება ჭეშმარიტია, რადგან მსოფლიო კრებამ ასე დაადგინა. ხდებოდა პირიქით - როდესაც კრება ჭეშმარიტ სწავლებას აღიარებდა, ეკლესია მას მსოფლიო კრების ტიტულს ანიჭებდა. არ არსებობს არანაირი ხილული ნიშანი, რითაც მსოფლიო კრება, როგორც იურიდიული ორგანო, ეპისკოპოსთა სხვა დანარჩენი შეკრებებისაგან განირჩეოდეს".6

   ისტორიას ახსოვს მრავალი ისეთი კრება, რომელსაც მსოფლიო კრების პრეტენზია ჰქონდა, მაგრამ მიიღო ერეტიკული აზრი. კრებები, სადაც იმპერატორებმა აღიარეს, პატრიარქებმა კი საჯაროდ გამოაცხადეს ერესი, ესენია: ანკვირიის (358 წ.); ტიროსის (335 წ.); სელევკიის (359 წ.); კონსტანტინოპოლის (360 წ.); სირმიის (351, 359 წ.); ეფესოს (449 წ.), - ე.წ. ავაზაკთა კრება.

   ეკლესიის ისტორიას მრავალი ასეთი მაგალითი ახსოვს.

   გავიხსენოთ ფერარო-ფლორენციის უნია (1437 წ.), როდესაც მხოლოდ ერთადერთმა მართლმადიდებელმა იერარქმა წმ. მარკოზ ეფესელმა არ მოაწერა ხელი უნიას.

   გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას ცხოვრება. წმინდანის წინააღმდეგ კანონიკური ელფერის მიღების მიზნით ცრუკრებები შეკრიბეს (1345 წ.).

   წმ. მაქსიმე აღმსარებელის ცხოვრების ერთ ეპიზოდს შეგახსენებთ.

   წმ. მაქსიმემ ერთ-ერთი დაკითხვის დროს ბრალმდებლებს კრების მნიშვნელობაზე უპასუხა: „აღიარებული მხოლოდ მეფის მიერ მოწვეული კრებების დადგენილებები რომ იყოს, მაშინ მართლმადიდებელი სარწმუნოება არ იარსებებდა. გაიხსენეთ მეფის ბრძანებით მიწვეული კრებები, სადაც მკრეხელური სწავლებები დადგინდა... ეს კრებები მეფის ბრძანებით მოიწვიეს, მაგრამ დღეს ყველა მათგანი უარყოფილი და დაგმობილი, ანათემას გადაცემულია. ასე იმიტომ მოხდა, რომ ამ კრებებზე მიიღეს ჭეშმარიტი სარწმუნოების საპირისპირო, ღვთისმგმობი დადგენილებები" (წმ. მაქსიმე აღმსარებელი. ცხოვრება).

   მეტად მნიშვნელოვანი მაგალითი ანტიკრებსითი დამოკიდებულებისა აღწერილია ბესარიონ კათალიკოსის (ბარათაშვილი-ორბელიშვილი) ნაშრომში „გრდემლი", სადაც აღწერილია წმ. გიორგი მთაწმინდელისა და ანტიოქიის პატრიარქის დიალოგი.

   „მოუწოდა პატრიარქმან წმინდასა მას და ჰრქუა: წმიდაო მამაო, ვიცი, რამეთუ კაცი ღმრთისა ხარ და ღმერთი იტყვის პირით შენით; და ესეცა უწყი, ვითარმედ სიტყვათა შენთა მორჩილებენ მეფე და ერი ქართველთა. აწ მიუწერე მეფესა და ქართველთა, რათა დაემორჩილნენ ეკლესიასა ჩუენსა, რამეთუ ჩემნი სამწყსონი არიან: ვინაითგან მე პეტრესი, თავისა მის მოციქულთასა, საყდარი მიპყრიეს და შეკვრისა და განხსნისა ხელმწიფებაი მე მაქუსო: არქუ მათ, რათა დაეომორჩილნენ ჩემსა ეკლესიასა და კათალიკოზი და ეპისკოპოზი ჩემგან იკურთხეოდენო. ესე აუწყე, უკუეთუ არა ისმინოს, მიუწერო ოთხთავე პატრიარქთა და მათი განზრახვითა წყევითა ქუეშე შეჩუენებისასა შევთხინე იგინი".

   მიაქციეთ ყურადღება, ანტიოქიის პატრიარქი ჩვენი ეკლესიის მისდამი დაქვემდებარებას ითხოვს როგორც პეტრე მოციქულის საყდრის მეპატრონე და თან იმუქრება წყევითა და შეჩვენებით. წმინდანმა მიუგო:

   „წმიდაო მეუფეო, რად იტყვ ესე-ვითართა სიტყვათა, რამეთუ ქართველთა ნათესავი დაღაცათუ წრფელ არს და უმეცრად შერაცხილ თქუენ მიერ, არამედ მართლითა სარწმუნოებითა და ღმრთის მეცნიერებითა განათლებულ არიან, რამეთუ ვინაითგან ნათელი ღმრთის მეცნიერებისა შეიწყნარეს, მიერითგან არღარა მიდრეკილ არიან წვალებად მადლითა ქრისტესითა და არცაღა მიდრკენ ვიდრე აღსასრულამდე. ხოლო საბერძნეთი მრავალგზის მიდრეკილ არს წვალებად, ვითარცა დიდსა სვინაქსარსა შინა წერილ არს, რამეთუ ოდესმე მწვალებელ იქმნეს ესე ოდენ საბერძნეთისა ეკლესიანი ხატთა ბრძოლისა წვალებათა, რომელ არა რომელსა ეკლესიასა ზედა იყო მართლმადიდებელი ეპისკოპოზი მას ჟამსა. იოანე გუთელი ეპისკოპოზი ჩუენისა კათალიკოზისა მოავლინეს და აკურთხეს იგი მცხეთას.

   ხოლო უკეთუ შენ, პეტრე მოციქულითა იქადი, ჩუენი კათალიკოზი და ეპისკოპოსნი და ქართველნი ანდრია მოციქულითა იქადიანო, რამეთუ პირველ წოდებული ანდრია არს და მისნი მოციქულნი ჩუენ ვართ. იგი იქნმა პირველ მოწაფე და ამან მოჰგვარა იგი (პეტრე) ქრისტესა, ვითარცა წმინდასა სახარებასა შინა იოანეს თავისასა წერილ არს (იოანე 1. 43). უკეთუ სამართალსა შევუდგეთ, ჯერ არს რაითა უკანასკნელ წოდებული მწოდებელსა დაემორჩილოს. შენდა ჯერ არს რაითა ჩუენსა კათალიკოზსა დაემორჩილო".7

   ამ ნიშნით საინტერესოა რუსეთის ეკლესიაში 1924 წ. განვითარებული პროცესები, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გრიგოლ VII-მ მოსკოვში თავისი წარმომადგენლის საშუალებით წმ. ტიხონს ეპისტოლე გაუგზავნა, რომელშიც არწმუნებდა, დაეტოვებინა პატრიარქის საყდარი და დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ რუსეთის ეკლესიას უარი ეთქვა საპატრიარქოს სტატუსზე.

   საპასუხო ეპისტოლეში მღვდელმთავარმა ტიხონმა კორექტულად, მაგრამ ავტორიტეტულად განაცხადა: „ჩვენ საკმაოდ შეცბუნებულნი და გაკვირვებულნი დავრჩით, რომ ის კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინამძღვარი ისე, რომ არავითარი წინასწარი გასაუბრება არ ჰქონია ჩვენთან, როგორც მთელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთან და წინამძღვართან, ერევა რუსეთის ავტოკეფალური ეკლესიის შიდა ცხოვრებასა და საქმეებში. წმინდა კრებები (იხ. II მს. კრ. მე-2 და მე-3 კანონები და სხვა) კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსთან მიმართებაში მხოლოდ პატივის პირველობას აღიარებდნენ, მაგრამ არ აღიარებდნენ და არც ამჟამად აღიარებენ ძალაუფლების პირველობას".8

   როგორც ვხედავთ, ამბიცია, რომელიც ახასიათებდა რომის საყდარს და რომის პაპებს, მოსვენებას არ აძლევდა ანტიოქიასაც, როგორც პეტრე მოციქულის მიერ ნაქადაგებ ეკლესიას. ასევე კონსტანტინოპოლსაც, როგორც მეორე რომს და პატივით უპირატეს ეკლესიებს. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება კი, როგორც ვიხილეთ ზემოთ, - განსხვავებულია.

   კონსტანტინოპოლის ეკლესიისა და მისი წინამძღოლის მისწრაფება ნაკარნახევი პირველობის და არა კრებსითობის სურვილით შესანიშნავად წარმოჩინდა 2016 წლის კრეტის „კრებაზე", რომელიც სწორედ სხვა ადგილობრივი ეკლესიების მისდამი დაქვემდებარებას ისახავდა მიზნად.

   ეს გარემოება შეუმჩნეველი არ დარჩენია ღირს იუსტინეს (პოპოვიჩი), რომელიც ათეული წლით ადრე წერდა:

   „არ მტოვებს აზრი და შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გარკვეული წევრების ფარულ სურვილზე მიუთითებს: მართლმადიდებლობაში პატივით პირველ საპატრიარქოს უნდა შეეძლოს თავისი კონცეფციები და ქცევა თავს მოახვიოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს, საერთოდ, მართლმადიდებლურ სამყაროსა და მართლმადიდებელ დიასპორას, და ასეთი „ნეოპაპისტური" განზრახვის სანქცირება ერთიანი „მსოფლიო კრებით" მოახდინოს. ამიტომ კრებისათვის შერჩეული ათი თემიდან პირველი ოთხი ამჟღავნებს სწორედ კონსტანტინოპოლის მისწრაფებას, დაიმორჩილოს მთელი მართლმადიდებელი დიასპორა - და ესე იგი, მთელი მსოფლიოც! - და დაიტოვოს განსაკუთრებული უფლება მიანიჭოს ავტოკეფალია და ავტონომია მსოფლიოს ყველა ეკლესიას, როგორც ახლანდელს, ისე მომავალს, და ამავე დროს, რიგი და რანგიც საკუთარი შეხედულებისამებრ მიანიჭოს (ამაში მდგომარეობს სწორედ დიპტიქების საკითხი, რაც მხოლოდ „ლიტურგიაზე მოხსენიების რიგს" კი არ ნიშნავს, არამედ ეკლესიების თანმიმდევრობასაც კრებებზე და სხვა). მე ქედს ვიხრი ამ საპატრიარქოს, ესე იგი, ქრისტეს უდიდესი კონსტანტინოპოლის ეკლესიის დამსახურებების წინაშე, მაგრამ არ იქნებოდა სახარებასთან თანხმობაში, თუ ნებას მივცემდით კონსტანტინოპოლს, რომ იმ სიძნელეების გამო, რომლებშიც იგი დღეს იმყოფება, მართლმადიდებლობა უფსკრულის პირამდე მიიყვანოს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა ფერარო-ფლორენციის კრებაზე, ანდა რომ მან კანონიკურად და დოგმატურად დააკანონოს გარკვეული ისტორიული ფორმები, რომლებიც რაღაც მომენტში იმის მაგივრად, რომ ეკლესიის ფრთები იყვნენ, შეიძლება ბორკილებად ექცნენ მას".9

   დასკვნის სახით ვიტყვით, არა მსოფლიო კრებების კანონები, არამედ ძალაუფლების მოპოვების სურვილი დომინირებს განხილულ საკითხში. ეს ამპარტავნული სული უდიდეს ზიანს აყენებს საეკლესიო სამართალს და ზოგადად ეკლესიას. რაც უფრო ადრე გამოხატავენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები თავის მტკიცე პოზიციას, მით უკეთესი მთელი ეკლესიის სისავსისათვის, რომელსაც კიდევ ერთი დიდი განხეთქილების საფრთხე მიადგა კარს.

 

 

 


 

 

1 Св. Иоанн. Злотоуст. Полное собрание творений. Т9. М. 2003. С. 330

2 იქვე, გვ. 331

3 Арх. Кирил Костопулос. Папство – это ересс. 1996. С. 48

4 П. Бумис. Непогрешимость Православия. М. 2001. С. 11

5 М. Новоселов. Письма к друзьям. М. 1994. С. 136

6 იქვე, გვ. 86

7 "გრდემლი". ბესარიონ კათალიკოსი. თბ. 2013. გვ. 95-96

8 Св. Н. Богомолов. Святые отцы о "Восточном Папизме”. www.odigitria.by

9 იქვე,www.odigitria.by

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება