მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ქადაგება
ქადაგება10-08-2019, 00:01 |
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი სიტყვა მსმენელებს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვანებანი და საჭიროებანი მსმენელებისა და ქადაგებას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწავლა-დარიგებებს იძლევა. იგი ცდილობს, რომ მისი სიტყვა უქმად და განყენებულად არ დარჩეს, ასე რომ, ყოველმა მასში მისი სულიერი მდგომარეობა, ვითარცა სარკეში, ისე უნდა დაინახოს. ასეთი მქადაგებელი მჭევრმეტყველების გარეგნულ ხერხებზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზე, რომ მისმა სიტყვამ მსმენელთა გულებში შეაღწიოს და იქ თავისი კვალი დატოვოს. მართალია, ამგვარ მქადაგებლებს ხალხისათვის უფრო დიდი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ხშირად მსმენელებში უკმაყოფილებასა და შფოთს იწვევენ. ეს არცაა გასაკვირი, ადამიანებს არ მოსწონთ, როცა მათ ცუდ თვისებებს წარმოაჩენენ.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
რა არის ქადაგება და ღმრთის სიტყვას მოძღვარი როგორ უნდა ქადაგებდეს? ღმრთის სიტყვის ქადაგება ორგვარია და ორგვარადვე აღსრულდება. პირველი მისი სახე ისაა, როცა მქადაგებელი მხოლოდ ზოგად აზრებს გამოთქვამს, ასე რომ არავის შეეხება და არც განსაკუთრებულ სწავლა-დარიგებას მისცემს ვინმეს. ასე რომ იგი ყველა მსმენელისათვის ერთი ფასისა იქნება. ამგვარი ქადაგება არავის გაანაწყენებს, მაგრამ არც დიდ სარგებლობას მისცემს ვინმეს, და გარეგნულად რაც არ უნდა დიდი მჭევრმეტყველებით გამოირჩეოდეს, მსმენელნი მაინც გულგრილად მიიღებენ.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
ღმრთის სიტყვის მქადაგებელმა დაფიქრებით უნდა გამოარჩიოს, თუ რომელი სიტყვა და საგანია უსაჭიროესი მსმენელთათვის. მან უფრო ხშირად და მტკიცეთ უნდა ილაპარაკოს და დარიგება მისცეს იმ ცოდვის, ნაკლულოვანებისა და სულიერი სენის შესახებ, რომელიც მის სამწყსოს უფრო ეჩვევა და ვნებს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |