მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > უფლის მოსვლა
უფლის მოსვლა15-04-2019, 00:03 |
არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
სახარება მარკოზისა, თ. 3-4
როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ.
წმიდა იოანე ოქროპირი
დაიწერე გულის ფიცარზე: ვინც გაურბის წმიდა საიდუმლოებებს, ის მადლგაცილებულია, ანუ არა აქვს სულიწმიდის მადლი. ვისაც არა აქვს სულიწმიდის მადლი, ის არ არის ქრისტესი.
წმიდა მამა თეოფანე დაყუდებული
ეს საიდუმლოება ყოველ სათნოებას აღემატება. ეკლესია მასში ჭვრეტს ყოვლადძლიერი ღმერთის სასწაულებრივ ძალას, რომელიც მსგავსია შესაქმისა, როდესაც ღმერთმა არაფრისაგან შექმნა სამყარო. წმიდა ზიარების მიახლების წინ გვმართებს ძალისაებრ განვიწმინდოთ სინდისი, რამეთუ ქრისტეს ვუერთდებით, ხოლო ვითარ შეგვიძლია შევუერთდეთ ქრისტეს, თუკი მტრობა გვაქვს ვინმესთან, თავს განვიდიდებთ ან განვიკითხავთ სხვას.
ვალაამის მონასტრის სქემ-იღუმენი იოანე
იფიქრე, საყვარელო, იმ სიყვარულის შესახებ, რომელსაც ღმერთი გიმჟღავნებს და ღვთაებრივი ზიარების შესახებაც ამ საიდუმლოში მისი სიყვარული სრულყოფილების საზღვარს აღწევს, როგორც ბრძანებს იოანე მახარებელი: „შეიყუარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი" (იოანე 13, 1). და როგორც ღუმელის სიცხოველე მისგან გამომავალი ცეცხლით შეიცნობა, ასევე ღვთის ჩვენდამი სიყვარული საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოთი შეიცნობა.
წმიდა ნიკოდიმოს ათონელი
როცა ჩვენ შიშითა და ძრწოლით ვემზადებით ქრისტეს საიდუმლოებებთან ზიარებისათვის, მაშინ მეტი გვმართებს სიფხიზლე და გონების დაცვა მკაცრი ყურადღებით და მაშინ ეს ღვთაებრივი ცეცხლი ე.ი. უფალი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გაანადგურებს ჩვენს ცოდვებს, დიდსა თუ პატარა ვნებათაღელვებს, რამეთუ ჩვენში შემოსვლისას ის მაშინვე განდევნის ჩვენი გულისაგან საძაგელ ბოროტ სულებს და მოგვიტევებს ჩვენ ძველ ცოდვებს; გონება მაშინ რჩება თავისუფალი და წყნარი მზაკვარი აზრებისაგან. თუკი ამის შემდეგ გულის კარებთან დგომით დაიცავ შენს გონებას მაშინ როდესაც ისევ მოინდომებ შენ წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებას, ღვთაებრივი სხეული უფრო და უფრო განანათლებს გონებას და განაბრწყინებს.
ისიხი იერუსალიმელი პრესვიტერი
საყვარელო, რას მიაგებ ღმერთს ასეთი სიყვარულის სამაგიეროდ?! უფალს მხოლოდ ერთი სურს: შეუერთდეს შენს ცოდვილ სულს, შენ კი არ გსურს შეერთება მასთან - ყოველივეზე აღმატებულ მადლთან?! შემოქმედი ასეთ მხურვალე სიყვარულს ავლენს, ფერფლი კი - ასეთ სიცივეს?! უფალმა ინება შენში დავანება და შენ თავის ტაძრად გაქცია, შენ კი, უმადური ქმნილება, მას კარებს უხურავ და არ გსურს, იგი შენში შემოუშვა?! ასეთი უმადურობის გამოვლინებით ემსგავსები იმ ებრაელებს, რომლებმაც უდაბნოში მოისურვებს ეგვიპტური ხახვი და ნიორი, ანუ ხორციელი სიამოვნებანი. მეტი რა უნდა გაეკეთებინა ღმერთს, რათა დაეთრგუნა შენი გაქვავება და არაადამიანურობა?!
წმიდა ნიკოდიმოს ათონელი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |